სიკეთე ყველა კანონზე მაღლა დგას – პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში
ადამიანის ცხოვრებაში არის წუთები, როდესაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო გადაწყვეტილება ყველაზე რთულ კითხვებზე პასუხის გაცემას გვაიძულებს: სად გადის ზღვარი მოვალეობასა და ადამიანობას შორის? რამდენად მნიშვნელოვანია კანონი, როდესაც მის წინაშე სხვისი ტკივილი დგას? და შეუძლია თუ არა ერთ ადამიანს, სულ მცირე, ერთი წამით მაინც შეცვალოს სხვისი ცხოვრება უკეთესობისკენ? სწორედ ამ კითხვებზე გვაფიქრებს ბათუმის დრამატულ თეატრში დადგმული სპექტაკლი „რეისი LP 43-20“, რომელიც მაყურებელს ადამიანური ურთიერთობების, თაობათა დაპირისპირებისა და სიკეთის მარადიული მნიშვნელობის შესახებ მოუთხრობს.
ბათუმის დრამატული თეატრის 148-ე სეზონის რიგით მესამე პრემიერა რეჟისორ ანდრო ენუქიძის ახალ ნამუშევარს დაეთმო. სპექტაკლი თანამედროვე რუმინელ დრამატურგ ლუჩიან ბელიანუს პიესის „მოდარაჯე ძაღლების“ მიხედვით შეიქმნა. პრემიერას თავად ავტორიც დაესწრო, რომელსაც საქართველოსთან მრავალწლიანი და განსაკუთრებული ისტორია აკავშირებს.
სცენაზე განვითარებული ამბავი აეროპორტში იწყება, სივრცეში, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ერთმანეთს შორდებიან და ხანდახან საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც იღებენ. აქ დრო თითქოს შეჩერებულია, პერსონაჟები კი ცხოვრებისეულ გზაჯვარედინზე აღმოჩენილან. მათ ერთმანეთთან აკავშირებთ არა მხოლოდ შემთხვევითი შეხვედრა, არამედ პირადი ტრავმები, იმედები და პასუხგაუცემელი კითხვები./

ამბის ცენტრში აეროპორტის ორი თანამშრომელი – ხანდაზმული ძია ჟორა და ახალგაზრდა პავლე, ასევე უცნობი ქალი, დიანა – არიან. ქალი ლისაბონისკენ გასაფრენად მზადმყოფი თვითმფრინავის ბორტამდე მიღწევას ითხოვს. მას არც ბილეთი აქვს, არც ფული და არც შესაბამისი დოკუმენტები, თუმცა მისი სასოწარკვეთა გაცილებით მეტია, ვიდრე წესების დარღვევის სურვილი: სამი თვეა, არაფერი სმენია ლისაბონში სამუშაოდ წასული ქმრის შესახებ და ახლა მასთან ჩასვლას, მის პოვნას ცდილობს.
დიანას თხოვნა აეროპორტის თანამშრომლებს არჩევანის წინაშე აყენებს. ერთი მხრივ, არსებობს კანონი, წესები და სამსახურებრივი მოვალეობა, მეორე მხრივ კი ადამიანი, რომლისთვისაც ამ წუთას დახმარება შესაძლოა ერთადერთი იმედი იყოს. როგორ მოიქცევიან ისინი? შეძლებენ თუ არა, ფორმალურ ვალდებულებებზე მაღლა სხვისი გასაჭირი დააყენონ?
სპექტაკლის მთავარი კონფლიქტიც სწორედ აქ იკვეთება. ძია ჟორასა და ახალგაზრდა პავლეს განსხვავებული გამოცდილება, შეხედულებები და დამოკიდებულებები სამყაროს მიმართ თაობათა დაპირისპირებაში გადაიზრდება. ისინი სხვადასხვა ეპოქის წარმომადგენლები არიან, თუმცა ორივეს ერთი და იგივე კითხვა აწუხებს: რომელია სწორი გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც წესის დაცვა და ადამიანური თანაგრძნობა ერთმანეთს უპირისპირდება?
ანდრო ენუქიძის სცენურ ინტერპრეტაციაში ეს დაპირისპირება მხოლოდ ასაკსა და განსხვავებულ შეხედულებებს შორის ბრძოლა არ არის. იგი ფასეულობების გადაფასების, საკუთარი და სხვისი პასუხისმგებლობების ხელახლა გააზრების პროცესად იქცევა. სპექტაკლი გვახსენებს, რომ ადამიანური ურთიერთობები მხოლოდ კანონებითა და ვალდებულებებით ვერ განისაზღვრება. ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ ის არის, რომლის დროსაც ადამიანი სხვის ტკივილს საკუთარ პრობლემად აღიქვამს.
პიესის დრამატული ამბავი ყოველდღიური ცხოვრების მიღმა არსებულ მარადიულ კითხვებსაც ეხება. თითქოს ჩვეულებრივი აეროპორტი, სადაც მგზავრები რეისს ელოდებიან, ადამიანის არსებობის სიმბოლოდ იქცევა, ადგილად, სადაც არავინ იცის, რა ელის შემდეგ, რამდენად მყარია მისი საყრდენი და სად მიიყვანს ცხოვრების გზა. პერსონაჟები ცდილობენ, გაექცნენ წარსულს, იპოვონ გამოსავალი და გაარკვიონ, რას ნიშნავს სწორად ცხოვრება სამყაროში, სადაც ყველაფერი წარმავალია.

რეჟისორისთვის სწორედ ეს მარადიული კითხვები გახდა სპექტაკლის შექმნის საფუძველი. ეკლესიასტესეული „ამაოება ამაოთა“ თითქოს მთელ ამ ამბავს უხილავ ფონად გასდევს, თუმცა ამ წარმავლობის წინააღმდეგ სპექტაკლში ყველაზე მყარი და ღირებული ადამიანური სიკეთე აღმოჩნდება. ცხოვრება შეიძლება გაურკვეველი იყოს, გარემოებები – დაუნდობელი, წესები კი მკაცრი, მაგრამ ადამიანს ყოველთვის რჩება არჩევანი, იყოს გულგრილი თუ თანაგრძნობით უპასუხოს სხვის გასაჭირს.
„რეისი LP 43-20“ სწორედ ამ არჩევანის მნიშვნელობას წარმოაჩენს. მისი პერსონაჟები სხვადასხვა თაობას, გამოცდილებასა და ცხოვრებისეულ გზას გვიხატავენ, თუმცა საბოლოოდ, ყველა მათგანი ერთ კითხვამდე მიდის: რა გვაქცევს ადამიანებად? სპექტაკლის პასუხი მარტივიც არის და რთულიც – სიკეთე, რომელიც ყველა კანონზე მაღლა დგას.
ლუჩიან ბელიანუსთვის ეს საქართველოში – მესამე, ხოლო ბათუმში მეორე ვიზიტია. საქართველოსთან მისი პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ საბჭოთა არმიაში სამხედრო სამსახურის პერიოდს უკავშირდება, მაშინ იგი გორში მსახურობდა.
„მიყვარს საქართველო, მიყვარს ბათუმი. მრავალი წლის წინათ საბჭოთა არმიაში ვმსახურობდი გორში და ეს იყო ჩემი პირველი კონტაქტი საქართველოსთან. ათი წლის წინ ანდრო ენუქიძე გავიცანი და ჩვენ დავმეგობრდით. ძალიან ბევრი საერთო გვაქვს კულტურის, ლიტერატურისა და განსაკუთრებით თეატრის სფეროში. მე დრამატურგი ვარ, მან ჩემი ნამუშევრები ნახა და მოეწონა. ეს ჩემთვის დიდი პატივია“, – აღნიშნა ლუჩიან ბელიანუმ.

მისივე თქმით, პიესა ადამიანობაზე, ცხოვრებასა და იმ უჩვეულო დროზეა, რომელშიც დღეს მსოფლიო ცხოვრობს. დრამატურგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნაწარმოები სცენაზე ახალ სიცოცხლეს იძენს და მაყურებელს არა მხოლოდ ამბავს, არამედ საკუთარ ქცევასა და გადაწყვეტილებებზე დაფიქრებას სთავაზობს.
„პიესა ცხოვრებაზეა, ადამიანობაზე, იმაზე, თუ რა ხდება ახლა მსოფლიოში, რადგან ჩვენ ძალიან უჩვეულო დროში ვცხოვრობთ. ვფიქრობ, ჩვენს დაწერილზე ბევრად უკეთესია ის, რაც ანდრომ სცენაზე გააკეთა. ამბავი ხდება აეროპორტში. იქ მიდის გოგონა, რომელსაც თვითმფრინავში უნდა ასვლა უბილეთოდ, უფულოდ და უდოკუმენტოდ. ეს უბრალო ამბავია, მაგრამ მისი შინაარსი ეხება იმას, თუ რას ვაკეთებთ სწორად და რას – არასწორად. ალბათ ზოგჯერ გვგონია, რომ სწორად ვიქცევით, მაგრამ რეალურად არასწორია, ან -პირიქით. ზუსტად არ ვიცი“, – ამბობს ავტორი.
ლუჩიან ბელიანუს შეფასებით, სპექტაკლის მთავარი ძალა სწორედ ამ კითხვების დასმაშია. მაყურებელი თავად ხდება იმ არჩევანის მოწმე, რომელიც პერსონაჟებს უწევთ და საკუთარ თავსაც ეკითხება, როგორ მოიქცეოდა მსგავს ვითარებაში.
ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე „რეისი LP 43-20“ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში ადამიანებს ერთმანეთის იმედი უნდა ჰქონდეთ. ზოგჯერ ერთი გულწრფელი ნაბიჯი, ერთი თანაგრძნობა და სხვისი ტკივილის გაზიარება იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ყველა დაწერილი წესი. სწორედ ამ რწმენით სრულდება სპექტაკლი – სიკეთე ყველა კანონზე მაღლა დგას.
ნანა აბულაძე