„ანიმატორის მთავარი როლია, რომ ბევრი ღიმილიანი ბავშვი გვყავდეს“
ანიმატორები არიან ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ დღეს ნამდვილ დღესასწაულად აქცევენ. ისინი მხოლოდ თამაშებსა და გასართობ პროგრამებს კი არ უძღვებიან, არამედ ქმნიან ემოციებს, ავითარებენ ბავშვების წარმოსახვას და ზრუნავენ, რომ თითოეულმა სტუმარმა თავი განსაკუთრებულად იგრძნოს. ამ პროფესიის მიღმა დგას დიდი პასუხისმგებლობა, ენერგია, მოთმინება და იმპროვიზაციის უნარი, რადგან ყოველი ღონისძიება განსხვავებულია და თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. სწორედ, ამ საინტერესო და მრავალფეროვანი პროფესიის შესახებ გვესაუბრება ჩვენი რესპონდენტი ლაშა მიქაშავიძე, რომელიც უკვე რვა წელია ბათუმის გასართობ ცენტრ „ოჰანაში“ წამყვან ანიმატორად მუშაობს.
– როდის და როგორ დაიწყეთ წამყვან ანიმატორად მუშაობა და რა მოგწონთ ყველაზე მეტად ამ საქმიანობაში?
– რვა წლის წინ მეგობარმა მირჩია, რომ ანიმატორად მუშაობა დამეწყო, რადგან ბავშვებთან ურთიერთობა ყოველთვის გამომდიოდა. მიხარია, რომ მეგობრის რჩევა გავითვალისწინე და გასართობ ცენტრ „ოჰანაში“ ვცადე ბედი, სადაც დღემდე ვმუშაობ. ამ საქმიანობაში ყველაზე მეტად ბავშვებთან კომუნიკაცია მომწონს. ბევრი ამბობს, რომ პატარებთან ურთიერთობა გმირობაა, რადგან არც თუ ისე მარტივია მათი სიყვარულისა და ნდობის მოპოვება. ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ ამ მონაპოვარს მოფრთხილება სჭირდება.
– რა როლს ასრულებს ანიმატორი ბავშვის ცხოვრებაში?
– ანიმატორის მთავარი როლია, რომ ბევრი ღიმილიანი ბავშვი გვყავდეს, შევქმნათ უსაფრთხო და თავისუფალი გარემო, მაგრამ ქვეყანაში არსებული სირთულეების გამო ბავშვებს ეს ყოველივე აკლიათ. ამიტომ ბევრი რეკრეაციული ზონა უნდა არსებობდეს, რათა ბავშვებმა შეძლონ დღის რომელიმე მონაკვეთში თავიანთი სურვილების დაკმაყოფილება.

– როგორი უნდა იყოს კარგი ანიმატორი?
– პირველ რიგში, უნდა იყოს კარგი ადამიანი, უყვარდეს ბავშვები და მათთან იყოს ბუნებრივი, რადგან ბავშვები გრძნობენ ნამდვილ და გულწრფელ დამოკიდებულებას. ამ პროფესიას სჭირდება პასუხისმგებლობა, მოთმინება, ენერგია და შემოქმედებითი აზროვნება.
– რა არის თქვენს პროფესიაში ყველაზე რთული?
– ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ამიტომ ყველასთან უნდა გამონახო საერთო ენა, თანაბრად გამოიჩინო ყურადღება, უანგაროდ გასცე სითბო და სიყვარული. ბავშვებთან ურთიერთობა უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს, მაგრამ თუ შენი საქმე გიყვარს, მაშინ თავს მარტივად გაართმევ.
– რამდენად გეხმარებათ სამსახიობო გამოცდილება ანიმატორობაში?
– სამსახიობო გამოცდილებამ მასწავლა აუდიტორიასთან მუშაობა, უფრო თამამი და თავდაჯერებული გავხდი. ვფიქრობ, რომ თეატრში სცენაზე თამაშისას მეტ სათქმელს ვამბობ მაყურებლის წინაშე, ხოლო ანიმატორობისას რაღაც მომენტში ხელსაც მიშლის, რადგან გულწრფელობას ვკარგავ, რაც ბავშვებთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია.
– ბავშვებთან ურთიერთობისას რამდენად მნიშვნელოვანია იმპროვიზაცია?
– იმპროვიზაცია აუცილებელია, რადგან ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. შესაძლოა ბავშვმა ისეთი კითხვა დამისვას, რაზეც არასოდეს მიფიქრია, მაგრამ მალევე უნდა ვუპასუხო, რადგან იმ მომენტში ბავშვისთვის ყოვლისმცოდნე ვარ და იმედს ვერ გავუცრუებ.
– როგორ ახერხებთ, რომ ყველა ბავშვი ჩართოთ აქტივობაში?
– ზოგი ბავშვი აქტიურია, ზოგი მორცხვი და ჩაკეტილი, ამიტომ ვცდილობ, თითოეულის ხასიათი გავიცნო და მათ ინდივიდუალურად მივუდგე. წლები დამჭირდა, რომ ამ შედეგისთვის მიმეღწია და მიხარია, რომ დღეს ბავშვები თავს კომფორტულად გრძნობენ და აქტივობებშიც ერთვებიან.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– სამომავლოდ მინდა კიდევ უფრო განვვითარდე, შევიძინო ახალი გამოცდილება და ვიყო ანიმატორი, არა მარტო ბავშვებთან, არამედ ზრდასრულებთან, რადგან ყველა ასაკის ადამიანს სჭირდება, რომ მნიშვნელოვანი დღეები გაულამაზონ.
ნინი ჩხარტიშვილი