აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები ნიუ-იორკში ომის დასრულების გზებზე მსჯელობენ
„აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები ნიუ-იორკში ომის დასრულების გზებზე მსჯელობენ. მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება ეტაპობრივი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნის, ხოლო ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ ბლოკადას მოხსნის“, – იუწყება Reuters-ი.
სააგენტოს ცნობით, ჰორმუზის სრუტე თითქმის შვიდთვიანი აშშ-ირანის კონფლიქტის დასრულების მცდელობებში, მთავარი სავაჭრო ბერკეტი გახდა. ირანი აშშ-ის ბლოკადის შემსუბუქებას ცდილობს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე ზეწოლას ახდენს, ვაშინგტონი კი გლობალური ნავთობის მიწოდებისთვის უმნიშვნელოვანეს საზღვაო მარშრუტზე გემების თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს, რომელიც ამჟამად თეირანის მიერ არის ჩაკეტილი.
მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი დაბრკოლება აქვს, რადგან არცერთ მხარეს არ სურს პირველმა დათმოს საკუთარი ბერკეტი. ამის შესახებ Reuters-ს ორმა ირანულმა წყარომ, ორმა რეგიონულმა მაღალჩინოსანმა და ორმა დასავლელმა დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა. ამასთან, ირანის პოზიციის უკან, როგორც ჩანს, ხანგრძლივი დაპირისპირებისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის გაცნობიერებაც დგას.
ირანის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ჩიხიდან გამოსვლის ყველაზე რეალისტური გზა ეტაპობრივი შეთანხმება იქნება, რომლის მიხედვით, ირანი ჰორმუზის გავლით ნაოსნობას დაუშვებს, სანაცვლოდ კი აშშ ირანის ეკონომიკურ ბლოკადას მოხსნის და თეირანს შესაძლოა გაყინულ აქტივებზე წვდომაც მიეცეს.
„კრიზისის ეტაპობრივად მოგვარება შეიძლება. პირველი ეტაპი ბლოკადის დასრულება და ჰორმუზის გახსნა იქნება“, – განაცხადა ირანელმა მაღალჩინოსანმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს.
„ეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კიდევ ერთი დროებითი შეთანხმების მიღებაზე დათანხმებას აიძულებს, მას შემდეგ, რაც ივლისში მიღწეული წინასწარი შეთანხმება ჩაიშალა. წყაროების განცხადებით, მოლაპარაკებების მთავარი გამოწვევა მხოლოდ შეთანხმების პირობების ჩამოყალიბება კი არა, ისეთი დათმობების უზრუნველყოფაცაა, რომლებიც ორივე მხარისთვის საკმარისად ხანგრძლივი და სანდო იქნება, წერს Reuters-ი.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება შესაძლოა 3 ნოემბერს კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ შედგეს. ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, ირანელებს „მოთხოვნების ძალიან გრძელი სია“ აქვთ.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ირანს სასოწარკვეთით სურს შეთანხმება“, პრეზიდენტ ტრამპს „ყველა ბერკეტი აქვს“ და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც აშშ-თვის საუკეთესო იქნება.
მისივე თქმით, ტრამპი „სათანადო პირობებში ირანთან მოლაპარაკებისთვის ღიაა“, თუმცა მოლაპარაკების საჭიროება არ აქვს. მისი შეფასებით, აშშ „ძალიან ძლიერ პოზიციაშია“, რადგან ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი აქვს, ხოლო ირანის ეკონომიკა „კოლაფსის პროცესშია“.
თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, „გამანადგურებელმა სანქციებმა“ და „ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ბლოკადამ“ ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა და ქვეყანა ფაქტობრივად უფულოდ დატოვა. მისი თქმით, ტრამპი მზად არის, „ირანის გარდაუვალ კოლაფსს“ დაელოდოს, ვიდრე თეირანის მიერ „თამაშში ჩათრევის“ რისკზე წავიდეს.
აშშ-ის ყოფილმა მომლაპარაკებელმა დენის როსმა განაცხადა, რომ 3 ნოემბრამდე შეთანხმების მიღწევის მხოლოდ 30%-იან შანსს ხედავს. თუმცა, მისი თქმით, ორივე მხარეს შესაძლოა შუალედურ არჩევნებამდე შეთანხმების მიღწევის უფრო ძლიერი მოტივაცია ჰქონდეს, ვიდრე არჩევნების შემდეგ.
„ბლოკადა არის ის, რაც ირანელებს ყველაზე მეტად აწვება. ის მათ ახრჩობს“, – განაცხადა როსმა.
შუალედურ არჩევნებამდე მიღწეული შეთანხმება ტრამპისთვის ხელსაყრელი შეიძლება იყოს, რადგან ჰორმუზის გახსნა სპარსეთის ყურეში დაძაბულობას შეამცირებდა, ნავთობის ფასების ზრდას შეაკავებდა და აშშ-ში ბენზინის პოლიტიკურად მგრძნობიარე ფასების შემცირებას შეუწყობდა ხელს.