აჭარა – ტოკიოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონს ტოკიოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე უწევს პოპულარიზაციას.
დეპარტამენტის საქართველოს სტენდთან Tourism EXPO Japan-ის ვიზიტიორებს საშუალება აქვთ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით, ასევე, ქართული ღვინო და ჩურჩხელა დააგემოვნონ.
გამოფენაზე ვიზიტიორების უმრავლესობა ეკოტურისტული მიმართულებებით, გასტრონომიითა და ღვინით ინტერესდება. გამოფენის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები ტურისტულ კომპანიებთან, მედიისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან იაპონიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდისა და ქვეყანაში იაპონელი ტურისტების მოზიდვის მიზნით. სამუშაო შეხვედრებში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა.
Tourism EXPO Japan-ზე 80-ზე მეტი ქვეყანა და რეგიონია წარმოდგენილი. გამოფენაზე 1,300-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია, ავიაკომპანია და სააგენტო მონაწილეობს, ვიზიტორთა რაოდენობა კი საშუალოდ, 180 ათასამდე აღწევს. გამოფენა 24 სექტემბერს გაიხსნა და დღეს, 28 სექტემბერს დასრულდება.