„აჭარული კინო-ამბები“ საზეიმოდ დაიხურა
სამ დღეს გრძელდებოდა მწერალ, კინომოყვარულ ვახტანგ გოგრაჭაძის ორგანიზებითა და აჭარის კულტურის სამინისტროს, შუახევის თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით გამართული სმარტ ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „აჭარული კინო-ამბები“. დასკვნითი ღონისძიება ხულოს თეატრში გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი 450 ფილმიდან, ვახტანგ გოგრაჭაძემ, კინომცოდნე ეთერ, თამარ ფარჩუკიძეებმა, მარიკა დავითაძემ, ჟიურის წევრებმა: მიხეილ გაბაიძემ (საქართველო), ოლექსანდრე კუჩმამ (უკრაინა), ერდალ ქუჩუკმა (ელიზბარ ცივნარიძე – თურქეთი), ნატალი სტიუარტ ფოქსმა (დიდი ბრიტანეთი), 25 საუკეთესო ნამუშევარი შეარჩეს.
დასკვნითი ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე, აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ნათია ბლადიძე. ვახტანგ გოგრაჭაძემ მათ, ჟიურის წევრებს, მომღერლებს ხატია აბაშიძეს, გურანდა დოლიძეს, ფესტივალის კორდინატორებს რამაზ ხმალაძეს, რაულ ცინცაძეს, მირიან ორაგველიძეს, ენრი ვერულიძეს, ლუკა ხაჩიძეს (მასტერკლასი), არჩილ თავდგირიძეს, თამარ ფარჩუკიძეს, ნანა შაინიძეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. პოეტმა გულიკო გაბაიძემ ერდალ ქუჩუკსა და ოლექსანდრე კუჩმას ყაბალახები უსახსოვრა.
დასახლდენ 20-ზე მეტ ნომინაციაში გამარჯვებულები, რომლებსაც ფასიანი საჩუქრები გადაეცეთ.
სმარტ-ფილმების ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალის ,,აჭარული კინო-ამბების“ გრან პრის მფლობელი გახდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტი ელენე ეფრემიძე ფილმისთვის „ყვავილი“.
ფესტივალის მონაწილეებისთვის კონცერტი გამართეს შუახევისა და ხულოს კულტურის სახლებთან არსებულმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა „შუახევი“ და „ბერმუხა“.
– გამოვლინდნენ ნომინაციებში გამარჯვებულები, გრან პრი დედაქალაქელმა გოგონამ დაისაკუთრა. მისასალმებელია, რომ წელს საგრძნობლად გაიზარდა მონაწილეთა რაოდენობა. ორგანიზატორები და ფესტივალის მხარდამჭერები მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, – გვითხრა ვახტანგ გოგრაჭაძემ.
ოთარ ცინარიძე