„აჭარული კინო-ამბები”
სმარტფილმების ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალი „აჭარული კინო-ამბები” წელს მეოთხედ იმართება. მისი ინიციატორი საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი ვახტანგ გოგრაჭაძეა. წელს ფესტივალზე მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ახალგაზრდებმა 450 ფილმი წარმოადგინეს. წინასწარი შერჩევის შემდეგ, კომპეტენტური ჟიურის წევრებს, რომლის შემადგენლობაში ინგლისის, უკრაინის, თურქეთისა და საქართველოს კინოსა და ხელოვნების წარმატებული სპეციალისტები შედიან, ფესტივალის ორგანიზატორებმა საკონკურსოდ 40 ფილმი წარუდგინეს, რომელთაგან საუკეთესო შეირჩევა. საუკეთესო ფილმის ავტორისთვის დაწესებულია გრან-პრი -15 ათასამდე ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი.
ჟიურის წევრები ერთი დღის განმავლობაში არჩევდნენ საუკეთესო ფილმებს. ისინი ფესტივალის მონაწილეებთან ერთად, აჭარის მთიანეთის ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნენ, აჭარა-გურიის ქედზე – ჯვარიმინდორში იმყოფებოდნენ და კლდეში ნაკვეთი, ბუნებრივი ჯვარიც ნახეს.
– საინტერესო და შინაარსიანი დღე გავატარეთ, – გვითხრა კინოექსპერტმა ეთერ ფარჩუკიძემ – ფესტივალის ორგანიზატორი ვახტანგ გოგრაჭაძე მშობლიური კუთხის წარსულს კარგად იცნობს, მრავალი საინტერესო ეპიზოდიც გაიხსენა. წლებია ვაკვირდები, რომ ფესტივალი ახალგაზრდების დაახლოების, მათი ნიჭისა და უნარის წარმოჩენას უწყობს ხელს. მჯერა მომავალში მისი არეალი კიდევ გაფართოვდება.
ფესტივალის დასკვნითი ნაწილი ხულოს თეატრში გაიმართება. მონაწილეები ნახავენ ჟიურის წევრების მიერ შერჩეულ ფილმებს. აქვე გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.
ცოტნე ცაბაძე.