ახალგაზრდების ინტერესების დასაცავად
თენგიზ ივანაძე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და შუახეველი ახალგაზრდების ლიდერია. 2012 წლიდან აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებში. იგი შუახევში ამ ეტაპზე მიმდინარე აქტივობებზე გვესაუბრება.
– საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრის ხარისხი მაქვს მიღებული საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე. მრავალი თანატოლის მსგავსად, მეც შუახეველთა სამსახურში ჩავდექი. ყოველთვის პატივისცემით გავიხსენებ იმ ნდობას, რაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივმა ლიდერებმა 2016 წელს გამომიცხადეს და პარტიის შუახევის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად დამნიშნეს, 2017 წელს კი უჩამბის თემის ხელმძღვანელობა მანდეს. იმ წლებში დაიწყო რიგი სოციალურ- კულტურული პროგრამებისა და პროექტების განხორციელება. ამ პერიოდში ცინარეთისა და ჯაბნიძეების საჯარო სკოლების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა. ყურადღებას ვუთმობდით სოფლებში სასმელი წყლების გამოყვანას, ცინარეთის, დროს, ლაკლაკეთის სარწყავი არხების შეკეთებას. ასევე ვმონაწილეობდი ღომისა და ჩირუხის მთებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში. სოფლის ხელმძღვანელობა ვანდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მოსახლეობაში კარგი ავტორიტეტით სარგებლობენ. ემზარ დავითაძე, შაქრო ცინარიძე, ფრიდონ ბერიძე წლებია ხალხის სამსახურში არიან. ემზარ დავითაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ხალხისა და მმართველი პარტიის ინტერესების გამტარებელია. დასტურად 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიც საკმარისია. უჩამბის თემის ამომრჩეველთა 85 პროცენტზე მეტმა იგი მაჟორიტარ დეპუტატად აირჩია შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ახლა ,,ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს. ისიც მინდა ვთქვა, რომ უჩამბის დიდი ტრადიციების მქონე თემს, ამ ეტაპზე მათი ყოფილი მაჟორიტარი შუახევის წარმომადგენლობით ორგანოში, ჯაბნიძეების საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, ჯემალ ივანაძე ხელმძღვანელობს.
– იმ წლებში, მთის მკაცრი პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ ყველა სოფელს მათი ინტერესების დამცველი ხელმძღვანელობა ჰყოლოდა.
– თემის რწმუნებულებიდან, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მე ამირჩიეს. მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში საპატიო რიგითობა მანდეს, მე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ინტერესები უნდა დამეცვა. რა თქმა უნდა, არც უჩამბელთა ინტერესების დაცვა მრჩება ყურადღების გარეშე. საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ ყურადღება გაამახვილეს მოსახლეობის მოთხოვნაზე, რომ ყველა სოფელს ხელმძღვანელები ჰყოლოდა. ამ ეტაპზე ცინარეთს, მოფრინეთს, ჯაბნიძეებს, გოგაძეებს, წაბლანას სოფლის ხელმძღვანელები ჰყავთ. კეთილმოეწყო წაბლანის, სამოლეთის, ტბეთის, ჯაბნიძეების სოფლების ცენტრები. ასფალტ-ბეტონის საფარია დაგებული ყველა სოფელში მისასვლელ საავტომობილო გზებზე. აქტიურ ფაზაშია ბეტონის საფარის დაგება მთა ღომაზე მისასვლელ საავტომობილო გზაზე. ის გზები, რომელიც აჭარის საავტომობილო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არ არის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მობილიზებული თანხებით კეთილეწყობა. მეწყრული პროცესები ჩვენი რაიონისთვის დიდ გამოწვევად რჩება. აჭარის გეოლოგიური სამმართველოს სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, ოჯახების, ერთ ნაწილზე, სხვაგან ცხოვრების მოწყობის მიზნით, 50 000-ლარიანი კომპენსაცია გაიცემა. იმ ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებელი სახლის შეკეთების ან საყრდენი ფერდსამაგრი კედლების მოწყობას საჭიროებენ, დასკვნისა და სათანადო პროექტების შედგენის შემდეგ, გარკვეული თანხები გამოეყოფათ. ამ მიმართულებით უჩამბის თემის სოფლებში ბოლო 9 წლის განმავლობაში 20-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.
– მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების წინამძღოლი რას აკეთებთ მათი ინტერესების დასაცავად?
– ღირსეული და სანიმუშო თაობა მოდის. ხშირად მიხდება მათთან კომუნიკაცია საჯარო ღონისძიებებზე, სოფლებში გასვლისას. ისინი საქმიან წინადადებებს გვთავაზობენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მათ სურვილებსა და წინადადებებს რეაგირების გარეშე არ ტოვებს. როცა ქვეყანაში ტურიზმი ვითარდება, ეჭვგარეშეა, ეს პროცესი შუახევშიც მიმდინარეობს. სწორედ ახალგაზრდების ჩართულობით ვითარდება მთა ჩირუხი, მთა ღომა, თაგინური. მუნიციპალიტეტში ტარიელ ფუტკარაძისა და რამაზ სურმანიძის სახელობის სტიპენდიები გვაქვს დაწესებული. ამ სტიპენდიების მოპოვებაზე 100-მდე წარჩინებული სტუდენტი აცხადებს პრეტენზიას. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, საქმიანი ურთიერთობა მაქვს იმ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელობასთან, სადაც ცოდნას ჩვენი რაიონის წარგზავნილები ეუფლებიან. დასტურად ისიც საკმარისია, რომ განათლების, კულტურის, სპორტის სფეროებში, ბიზნესში, მრავალი ახალგაზრდა დასაქმდა და დაკისრებულ მოვალეობასაც წარმატებით უძღვებიან.
– ახალგაზრდების ერთი ნაწილი სოფელს ტოვებს და საცხოვრებლად თუ სამუშაოდ ქვეყნის ქალაქებსა და უცხოეთში გადადიან. ამ პროცესს როგორ ახსნით?
– ეს შეუქცევადი პროცესია, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით კომუნისტურ ეპოქას, როცა ახალგაზრდებს სოფლიდან გასვლა თითქმის ეკრძალებოდათ, მათი ნიჭი და უნარი გამოუყენებელი იყო. ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებს და გარკვეულ სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, უკვე ათეულობით ახალგაზრდა მეცნიერებაში ფეხის მოკიდებას ცდილობს. თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში, ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა დარგში დასაქმებული ახალგაზრდები წარმატებული სპეციალისტების სახელით სარგებლობენ. ადგილზეც გვყავს წარმატებული სპეციალისტები. წელს, ივნისში მასწავლებელთა VIII მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა. პლენარულ სხდომას წინ უძღოდა სექციური სხდომები ცალკეულ საგნებში. 58 მომხსენებლიდან 60 პროცენტზე მეტი ახალგაზრდა პედაგოგები იყვნენ. უკვე გვყავს წარმატებული სპორტსმენები, კულტურისა და ხელოვნების ახალგაზრდა მიმდევრები. კულტურის ცენტრთან ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ზეკართან“ მოქმედებს. წელს გამართულ ოლიმპიადაზე გრან პრი მოიპოვა შუახევის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სალოტბარო სკოლის გუნდმა, რომლის ხელმძღვანელია ეთერ დარჩიძე. სამი თაობის ხელოვანები არიან ანსამბლ „ჭვანას“ წევრები, რომლებიც მალე გასტროლზე რუმინეთის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან. ახალგაზრდა მომღერალი გოგონები აიყვანეს ანსამბლ „ნაის“ წევრებად.
– ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობას თუ აქვს საქმიანი ურთიერთობა ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორატთან?
– ეს საგანმანათლებლო კერა 2008 წლიდან ხიჭაურის ყოფილი სასაზღვრო ნაწილის ტერიტორიაზე მოქმედებს. რომ არა ადგილობრივი და ქვეყნის ხელისუფლების გულისხმიერი დამოკიდებულება, ამ ტერიტორიაზე სულ სხვა დანიშნულების ობიექტი იქნებოდა. უნივერსიტეტმა მრავალ შუახეველ ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა, ყოველგვარი საფასურის გარეშე, უმაღლესი განათლება მიეღო. ისინი, და მათ შორის მეც, დასაქმებული ვართ თვითმმართველობის ორგანოში, სკოლებში, ბიზნესში. სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსს, უნივერსიტეტის რექტორ, მეუფე სპირიდონს საქმიანი ურთიერთობები აქვს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, უნივერსიტეტის სტუდენტები ჩვენთან გადიან პრაქტიკას.
– უკვე მესამე მოწვევის საკრებულოში გიწევთ საქმიანობა. თუ გაიხსენებთ თქვენ მიერ ინიცირებულ საკითხებს?
– ეს საკითხები მეტწილად, ახალგაზრდების ინტერესებს მოიცავდა. ყველა დამეთანხმება, რომ ინიცირებულ პროექტებზე დროული და საქმიანი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების რეაგირება. ვზრუნავთ ახალგაზრდების დასაქმებაზე. უახლოეს პერიოდში, კიდევ ერთი საკითხი იქნება ჩვენ მიერ ინიცირებული, რომელიც ახალგაზრდების კეთილდღეობაზე იქნება მორგებული.
– ახალგაზრდა ოჯახებს რა დახმარებას უწევთ?
– მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ოჯახებს, პირველ და მომდევნო შვილზე ფულად დახმარებას უწევს, ასევე, ვეხმარებით მარტოხელა მშობლებს.
ოთარ ცინარიძე