ბათუმიდან მილანამდე – ბაგრატ აკუჯბა მსოფლიო დიზაინის პრესტიჟულ სცენაზე
By

ბათუმიდან მილანამდე – ბაგრატ აკუჯბა მსოფლიო დიზაინის პრესტიჟულ სცენაზე

არქიტექტორი, დიზაინერი და ავეჯის რესტავრატორი ბაგრატ აკუჯბა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დიზაინის გამოფენაზე, Salone del Mobile.Milano-ზეა მიწვეული, სადაც იგი საქართველოს წარმოადგენს. ეს მიღწევა არა მხოლოდ პირადი წარმატებაა, არამედ ქართული დიზაინის საერთაშორისო აღიარების კიდევ ერთი დასტურიც.
ბაგრატ აკუჯბა, მრავალწლიანი შრომითა და ინდივიდუალური ხედვით, ჩამოყალიბებული ხელოვანია, რომლის ნამუშევრებში ჰარმონიულად ერწყმის ექსტრავაგანტურობა, დახვეწილობა და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი. მისი პროფესიული გზა მრავალ კონკურსში გამარჯვებასა და საერთაშორისო გამოცდილებას მოიცავს, რაც საბოლოოდ იმ ეტაპამდე მივიდა, რომ ქართველი დიზაინერი უკვე მსოფლიო დიზაინის ცენტრში – მილანში – საკუთარი ნამუშევრებით წარდგება.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ თანამედროვე ქართულ არქიტექტურასა და დიზაინს აქვს პოტენციალი, ღირსეულად დაიმკვიდროს ადგილი გლობალურ კულტურულ სივრცეში. მის წარმატებაზე, მიზნებსა და განვლილ გზაზე დღეს თავად ბაგრატ აკუჯბა გვესაუბრება.

– ბატონო ბაგრატ, გილოცავთ ამ დიდ წარმატებას. სანამ უშუალოდ მილანის გამოფენაზე ვისაუბრებთ, მოგვიყევით, როგორ გაგიჩნდათ ძველი ნივთების რესტავრირების იდეა? ყველა ნივთი ქართული ორნამენტებით და ლიტერატურული გმირებითაა გაცოცხლებული და ეს ძალიან შთამბეჭდავია.
– მადლობა მოლოცვისთვის, ეს ნამდვილად არ იყო ადვილი… თუმცა შევძელი. ყველაფერი დაიწყო  საკუთარ სახლში ულამაზესი კარადის, რომელიც გატეხილი იყო, განახლების სურვილით. ვისთანაც მივიტანე, ზოგმა ვერ გავაკეთებო, ზოგმაც თავი აარიდა (ალბათ ფინანსების გამო). არადა, ისეთი ლამაზი ორნამენტები ჰქონდა, როგორც კი დავინახე, ვიცოდი ამ კარადიდან რაც გამოვიდოდა. მიზნად დავისახე, რესტავრაცია ჩემით გამეკეთებინა. საკმარისზე მეტად ვიწვალე, მაგრამ საბოლოო შედეგს მაინც მივაღწიე. რაც შეეხება ქართული ელემენტების აღდგენას, ეს ჩემი ოცნება იყო. ყოველთვის მქონდა ჩანახატები ქართული რენესანსისთვის. მინდოდა ავეჯზე გამეცოცხლებინა ვეფხისტყაოსნის გმირები, ასევე, გამომესახა ქართული ცეკვის ილეთები. საკმაოდ საპასუხისმგებლო მიზანია, რადგან მთელი გულით უნდა მიუდგე რათა ის სული, რაც დევს თუნდაც ქართულ ცეკვაში, პოემაში, მთელი სიზუსტით გადმოსცე. ამ ეტაპზე ვმუშაობ ძველი ქართული ორნამენტების აღდგენაზე. ძალიან მინდა ეს ავეჯის გაფორმებაში გამოვიყენო. ასევე, მინდა, ხის ჩუქურთმებად გარდავქმნა ქართული ცეკვის საოცარი სილუეტები. ჩემი მიზანია, ავეჯში აისახოს ქართული რენესანსის იდეა — არა მხოლოდ ცეკვის თემატიკა, არამედ ჩვენი ისტორიული ბრძოლები, გამარჯვებები და „ვეფხისტყაოსნის“ გმირები. ამ ყველაფრის ავეჯზე გადატანას, რა თქმა უნდა, დიდი შრომა და დრო სჭირდება.  ჩემი ნამუშევრები საზოგადოებამ რომ ნახა, უამრავი შეკვეთა მომივიდა. საჭირო გახდა კომპანიის დაარსება, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცხოვრებაში მქონდა ორი დიდი უღელტეხილი, სადაც გადავიჩეხე, მაგრამ ფენიქსივით აღვსდექი  და  დავბრუნდი! ბევრი ბრძოლის, შრომის, იმედის არდაკარგვის შედეგად, საბოლოოდ, გავხსენი ჩემი კომპანია. მთელი ცხოვრება სხვისი კომპანიების პოპულარიზაციასა და გალამაზებაზე ვფიქრობდი. ჰოდა, დადგა დრო, ჩემი შემექმნა… ზოგმა ჩემი შრომა დააფასა, ზოგი კი უმადური დარჩა. სამწუხაროდ, ასეც ხდება. კომპანიის დაარსებით მინდა ჩემი ხელოვნების, ნიჭის, რაც უფალმა მომცა, ნაყოფი დავუტოვო საზოგადოებას, ძველ ავეჯს ვაჩუქო  ახალი სიცოცხლე, წლები რომ გავა, ადამიანებმა მომიხსენიონ როგორც შემოქმედი და არა როგორც უბრალოდ რესტავრატორი. ყველა ნამუშევარში ვდებ ჩემს პატარა გულს და მინდა ამ გულებმა იცოცხლონ, იფეთქონ ყველა ოჯახში. სამომავლოდ მინდა შევქმნა ქართული რენესანსი. ფილმები ვერ გადაიღეს თამარ მეფეზე, დავით აღმაშენებელზე, ვეცდები, მათზე სიუჟეტები ავეჯზე გადმოვიტანო! ამის უდიდესი სურვილი მაქვს.


– თქვენი შეუპოვრობით, ნიჭით და შრომით აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზანს. ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დიზაინის გამოფენაზე — Salone del Mobile.Milano-ზე გვიამბეთ – როგორ მიგიწვიეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შესაძლებლობა თქვენი პროფესიული ზრდისთვის?
– მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საგამოფენო პლატფორმა Salone del Mobile.Milano-სგან მოწვევის ან მონაწილეობის შესაძლებლობის მიღება ჩემთვის უდიდესი პატივი, პასუხისმგებლობა და მოტივაციაა. ეს ნიშნავს, რომ ჩემი შრომა, შემოქმედება და ოსტატობა საერთაშორისო ყურადღების ღირსია. ეს არის შანსი, ჩემი ნამუშევრები მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერების, არქიტექტორების, კოლექციონერებისა და ავეჯის ინდუსტრიის ლიდერების წინაშე წარვადგინო. ჩემთვის ეს მხოლოდ გამოფენაში მონაწილეობა არ არის. ეს არის ოცნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას, წარმოვაჩინო ქართული ოსტატობა, ტრადიცია და თანამედროვე ხედვა მსოფლიო სცენაზე. ასეთი შესაძლებლობა კიდევ უფრო მაძლიერებს, რომ განვვითარდე, შევქმნა გამორჩეული ნამუშევრები და ღირსეულად წარმოვადგინო საქართველო და ჩემი ბრენდი საერთაშორისო არენაზე. ამ თანამშრომლობისგან ველი, პირველ რიგში, საკუთარი თავის მეტად გაზრდა-დახვეწას და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას და, რა თქმა უნდა, რაც ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ქართული ავეჯის წარმოებას და გაცნობას მსოფლიოსთვის, გენიალური ადამიანების შექმნილი და დღემდე მოტანილი უნიკალური ისტორიის ავეჯზე აღბეჭდვას. გამოფენის ფარგლებში ადგილზე უნდა შევქმნა ტრადიციული ნივთი და წარვუდგინო საზოგადოებას.
ხატია იაშვილი

  • No Comments
  • აგვისტო 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *