ბათუმის თოჯინების თეატრში 90-ე თეატრალური სეზონი გაიხსნა
By

ბათუმის თოჯინების თეატრში 90-ე თეატრალური სეზონი გაიხსნა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 90-ე თეატრალური სეზონი განსაკუთრებული ემოციებით, სიყვარულისა და მუსიკის ზეიმით გაიხსნა. საიუბილეო სეზონის გახსნა ნამდვილ თეატრალურ დღესასწაულად იქცა, რომელმაც სტუმრებს დაუვიწყარი საღამო აჩუქა. საზეიმო განწყობა ჯერ კიდევ სპექტაკლის დაწყებამდე იგრძნობოდა. თეატრის წინ გამართულმა კოსტუმირებულმა პერფორმანსმა, რომელშიც „ჩვენი თეატრი“ მონაწილეობდა, დამსწრე საზოგადოება გაახალისა. თეატრის შიდა სივრცეში მოწყობილმა საარქივო გამოფენამ კი სტუმრებს საშუალება მისცა, კიდევ ერთხელ გადაეხედათ თეატრის მდიდარი ისტორიისთვის, გაეხსენებინათ განვლილი გზა და გაცნობოდნენ იმ მნიშვნელოვან ეპიზოდებს, რომლებმაც მისი დღევანდელი სახე შექმნა. საღამოს მთავარი მოვლენა რეჟისორ სალომე ჯიჯავაძის მიერ დადგმული მიუზიკლის – პრემიერა გახდა.

ვესტსაიდის ცნობილი ისტორიის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი მაყურებელს სიყვარულის, დაპირისპირების, თავისუფლებისა და ადამიანური ტრაგედიის მტკივნეულ, თუმცა საოცრად ემოციურ სამყაროში ამოგზაურებს. ეს არის ამბავი ორ მეტოქე ჯგუფზე, რომელთა შორის გავლებული საზღვარი არა მხოლოდ ქუჩებს, არამედ ადამიანებს, მათ გრძნობებსა და მომავალსაც ჰყოფს. გარემოში, სადაც ძალადობა გადარჩენის საშუალებად ქცეულა, ხოლო სიყვარული სისუსტედ მიიჩნევა, ორი ახალგაზრდა – ტონი და მარია ერთმანეთს ხვდება და მათ შორის გულწრფელი, ძლიერი და თავგანწირული გრძნობა იბადება. მათი სიყვარული თითქოს სინათლის სხივია სიძულვილით სავსე სამყაროში. ისინი ცდილობენ, დაუპირისპირდნენ გარემოს, რომელიც მათ არჩევანს ზღუდავს და ბედნიერების უფლებას ართმევს. თუმცა იქ, სადაც შურისძიება სიყვარულზე მაღლა დგას, ადამიანური გრძნობები სასტიკ გამოცდას გადის. ახალგაზრდების ისტორია გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად ძვირი შეიძლება დაუჯდეს ადამიანს სიყვარული სამყაროში, რომელსაც თავად დაუკარგავს თანაგრძნობის, მშვიდობისა და ურთიერთგაგების უნარი. სპექტაკლის მთავარი სათქმელი განსაკუთრებით მტკივნეულად და ამაღელვებლად ჟღერს: სიყვარული სიძულვილზე ძლიერია, თუმცა ძალადობითა და შურისძიებით სავსე გარემოში მისი გადარჩენა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ტონისა და მარიას ტრაგიკული ამბავი მაყურებლის გულში ღრმა კვალს ტოვებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ მაშინ იბადება, როდესაც ადამიანებს ერთმანეთის სიყვარულის უფლებას ართმევენ.

– დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღე იყო. გავხსენით ჩვენი თეატრის საიუბილეო, 90-ე თეატრალური სეზონი. ასეთი მნიშვნელოვანი თარიღის სათანადოდ აღნიშვნა დიდი პასუხისმგებლობა იყო. საიუბილეო სეზონი მიუზიკლით გაიხსნა და ესეც განსაკუთრებული ამბავია, რადგან ამ თეატრის ისტორიაში მიუზიკლი პირველად დაიდგა. ბედნიერი ვარ, რომ სპექტაკლი მაყურებელმა ასე კარგად მიიღო. მათმა რეაქციამ და კომენტარებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ამ დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ როცა თითოეული ადამიანი თავის საქმეს სიყვარულით, რწმენითა და თავდადებით აკეთებს, შეუძლებელი არაფერია. მადლობა ყველას, ვინც ამ დღისა და ამ დიდი დასაწყისის ნაწილი გახდა, – გვითხრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა, რეჟისორმა სალომე ჯიჯავაძემ.

– სამსახიობოზე ჩაბარების გადაწყვეტილება თავიდანვე იმიტომ მივიღე, რომ ძალიან მინდოდა ოდესმე მიუზიკლში მეთამაშა. ეს „ოდესმე“ დადგა და ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ შანსისთვის და გამოცდილებისთვის სალომეს, ჩვენს რეჟისორს. მან ურთულესი როლი მანდო, როგორც სამსახიობო კუთხით, ასევე, ვოკალური თვალსაზრისით. არაპროფესიონალი მომღერლისთვის ეს საკმაოდ რთული იყო. მიხარია, რომ ჩვენმა შრომამ უკვალოდ არ ჩაიარა და ემოციებიდან გამომდინარე, მაყურებელმაც კარგად მიიღო, – გვითხრა მსახიობმა სალომე დოლიძემ.

– ტონი, რომელსაც მე ვანსახიერებ, შეიძლება რომანტიკულ პერსონაჟად ჩაითვალოს. რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული ამ როლის თამაში. სიმღერა, ცეკვა, პლასტიკა – ყველაფერი სიზუსტით უნდა შეასრულო. უზომოდ დიდი შრომა ჩადო მთელმა ტექნიკურმა და შემოქმედებითმა გუნდმა და ცხადია, ჩვენც – მსახიობებმა. ჩემთვის ეს ერთგვარი გამოწვევაც გახდა, რადგან სხვა მსახიობებთან შედარებით, ახალბედა ვარ. რამდენადაც ბედნიერი ვიყავი, იმდენად უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. რეჟისორთან მუშაობის პატივი უკვე მეორედ მერგო, პირველად მასთან სპექტაკლ „მაკნატუნაში“ ვითამაშე. სალომე თავისი საქმის პროფესიონალია, კომფორტული რეჟისორი და რაც მთავარია, ძლიან კარგი ადამიანია, -გვითხრა მსახიობმა გიორგი ბაბილოძემ.

– მიუზიკლში პირველად მივიღე მონაწილეობა და ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო. ურთულესი სპექტაკლია, როგორც ტექნიკურად, ასევე, საშემსრულებლო ოსტატობით. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ და ვფიქრობ, ამ შრომამ შედეგი გამოიღო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს რეჟისორს სალომე ჯიჯავაძეს, რომელიც ჩემს ფავორიტ რეჟისორებს შორისაა. ის ძალიან ჭკვიანი და კომფორტული რეჟისორია, კარგი იდეებით. მივესალმები ყველა მის სიახლეს, გამოწევევას, რომელსაც ის გვთავაზობს, ყოველთვის მის გვერდით ვიქნები, როცა დასჭირდება. შეუძლებელია არ აღვნიშნო ჩვენი ქორეოგრაფის – გიორგი გოგიშვილის ღვაწლი. ის საოცარი ადამიანი და პროფესიონალია. ძალიან ბევრი იმუშავა ჩვენთან, ყოველდღე გვქონდა ვარჯიშები იმისათვის, რომ სხეული ტონუსში ყოფილიყო და სათანადოდ მოვმზადებულიყავით სპექტაკლისთვის. კოსტიუმები, რომელიც მაყურებელმა სცენაზე იხილა, დავით ტაკიძის შემოქმედებაა. ვფიქრობ, თითოეულ მსახიობს სწორად მოარგო და შეურჩია კოსტიუმის ფერი. ეს ულამაზესი სანახაობა, დეკორაციებით და თავისი მხატვრობით მას ეკუთვნის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას. ვფიქრობ, მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო სპექტაკლი, მოგეხსენებათ, იგი მოზარდებისთვისაა და იმედი მაქვს, დაინტერესდებიან, – გვითხრა მსახიობმა სალომე ცაგურიამ.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ, დარბაზში დიდხანს ისმოდა ტაში, რომელიც მსახიობების, შემოქმედებითი გუნდისა და მთელი თეატრის მიმართ მადლიერებასა და აღფრთოვანებას გამოხატავდა. 90-ე სეზონის გახსნამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თეატრს შეუძლია გააერთიანოს ადამიანები, გააღვიძოს ყველაზე თბილი გრძნობები და მაყურებელს დაუვიწყარი ემოციებით სავსე საღამო აჩუქოს.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • სექტემბერი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *