ბათუმი კადეტთა შორის ფიდეს მსოფლიო თასს უმასპინძლებს
„15 ივნისიდან ბათუმი ფიდეს მსოფლიო თასს უმასპინძლებს კადეტთა შორის (U8-U12), რომლის ორგანიზატორი საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციებია.
ტურნირი 15-27 ივნისს გაიმართება. ბათუმში თასისთვის მსოფლიოს 67 ქვეყნის 700-მდე საუკეთესო ახალგაზრდა მოჭადრაკე იბრძოლებს.
შეჯიბრება 6 დამოუკიდებელ ტურნირად ჩატარდება – გოგონებსა და ვაჟებს შორის სამ ასაკობრივ კატეგორიაში: U8, U10 და U12.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად გაიმართება.
2026 წლიდან მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია (ფიდე) ახალგაზრდული ჩემპიონატების ახალ ციკლს ნერგავს, რომლის მიზანი ახალგაზრდა ტალანტებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე განვითარების უფრო მკაფიო, კონკურენტული და პრესტიჟული გზის შექმნაა.
ამ ცვლილების ფარგლებში, ტურნირს, რომელიც აქამდე „კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატი U8-U12“-ის სახელით იყო ცნობილი, „ფიდეს მსოფლიო თასი კადეტთა შორის U8-U12“ ეწოდა. მიუხედავად სახელწოდების ცვლილებისა, ტურნირის ფორმატი და სათამაშო პირობები უცვლელი რჩება. ახალი სახელწოდება კი უკეთ ასახავს მის როლს, როგორც მსოფლიოს უძლიერესი ახალგაზრდა მოჭადრაკეების საკვალიფიკაციო შეჯიბრისას.
ახალი სისტემის მიხედვით, ფიდეს მსოფლიო თასი კადეტთა შორის( U8-U12) წარმოადგენს შესარჩევ და საკვალიფიკაციო ეტაპს, ხოლო წლის ბოლოს გამართული ფიდეს მსოფლიო ჩემპონატი კადეტთა შორის – U8, U10 და U12 მსოფლიო ჩემპიონების გამოსავლენად საბოლოო ეტაპი იქნება.
ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ახალი ფორმატის პირველი მსოფლიო თასი სწორედ ბათუმში იმართება.
ეს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეჯიბრია, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბათუმისა და საქართველოს პოზიციას, როგორც მსოფლიო ჭადრაკის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრის და საერთაშორისო საჭადრაკო ღონისძიებების წარმატებული მასპინძლის“, – წერს ფეისბუქგვერდზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
მანანა ძიძიშვილი