ბათუმი ფიდეს მსოფლიო თასს მასპინძლობს
By

ბათუმი ფიდეს მსოფლიო თასს მასპინძლობს

საქართველოსა და  აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, ჩვენი რეგიონი კიდევ ერთ მასშტაბურ ღონისძიებას – ფიდეს მსოფლიო თასს მასპინძლობს. ღონისძიების მხარდამჭერები ასევე არიან  აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

ფიდეს მსოფლიო თასი  16 ივნისს სასტუმრო „გრანდ ბელაჯიოში“   ოფიციალურად გაიხსნა და  27 ივნისს, 20.00 საათზე დაიხურება. მასში მსოფლიოს 68 ქვეყნის 700-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. აქედან 80-მდე სპორტსმენი საქართველოდან ასპარეზობს, 13 – აჭარიდან.

ჩემპიონატი 11 ტურად, შვეიცარიული სისტემით ტარდება.

ასპარეზობა გოგონებსა და ვაჟებს შორის, 6 დამოუკიდებელ ტურნირად, სამ  ასაკობრივ კატეგორიაში (8, 10, 12 წლამდელთა შორის)  ტარდება -გოგონები ერთმანეთს სასტუმრო „ეიფორიაში“ ეჯიბრებიან, ვაჟები – სასტუმრო „გრანდ ბელაჯიოში“.

აღსანიშნავია, რომ ბათუმი  ამ ტურნირს უკვე მესამედ მასპინძლობს.

როგორც აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ გვითხრა, წელს მსოფლიო თასი ახალი ფორმატით ტარდება, ის მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის ნაწილია – ყველა ასაკში გამარჯვებული სამეული მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, რომელიც ასევე,  ნოემბრის თვეში, საქართველოში გაიმართება.

– მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ჩემპიონატში 80-მდე მოჭადრაკე საქართველოდან ასპარეზობს. წელს აჭარაში არაერთ სერიოზულ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ. ესეც თავისი შინაარსით მნიშვნელოვანია. მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ აჭარა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და სხვა მიმართულებებითაც,  მაღალი დონის ღონისძიებების მასპინძლობისთვის ყოველთვის მზადაა. ტარდიციულად, ქართველი სპორტსმენებისგან წარმატებებს ველოდებით, ვუსურვებთ საპრიზო ადგილებზე გასვლას, – აღნიშნა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძემ.

ჩემპიონატის გახსნას ასევე, ესწრებოდნენ აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირმა ნიჟარაძე, მოადგილე – ასლან ბალაძე.

მოჭადრაკეებს წინ დაძაბული და საინტერესო  ბრძოლები ელით. წარმატებებს ვუსურვებთ მათ.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *