„ბათუმმა სიყვარულის გაკვეთილი ჩაგვიტარა“  –  „შემოდგომის სერენადის“ სამი დღე
By

„ბათუმმა სიყვარულის გაკვეთილი ჩაგვიტარა“  –  „შემოდგომის სერენადის“ სამი დღე

ბათუმურმა ლიტერატურულმა ფესტივალმა „შემოდგომის სერენადა“ მეოთხედ უმასპინძლა ლიტერატურის მოყვარულებს, მწერლებსა და პოეტებს, რომელთათვისაც ეს სამი დღე მხოლოდ შემოქმედებითი შეხვედრებისა და ლიტერატურული საუბრების სივრცე არ ყოფილა. ეს იყო სიყვარულის ზეიმი, აზრების გაცვლის, ერთმანეთის უკეთ გაცნობის, ახალი ფიქრებისა და ემოციების დაბადების დღეები, დრო, როდესაც ქართულმა სიტყვამ ადამიანები კიდევ ერთხელ გააერთიანა, შემოქმედებითი ურთიერთობები გააღრმავა და ყველას შეახსენა, რომ ლიტერატურა მხოლოდ დაწერილი ტექსტი კი არა, ცოცხალი კავშირია ადამიანებს შორის.

ბათუმმა, ქალაქმა, რომელსაც ზღვის უსასრულობა და პოეტური განწყობა ბუნებრივად ერწყმის, ფესტივალის მონაწილეებს მზიანი დღეები, მუსიკა, გულწრფელი შეხვედრები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქა. ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში უკვე დამკვიდრებულმა „შემოდგომის სერენადამ“ წელსაც შეკრიბა ქართველი ავტორები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან. ამ მრავალფეროვანმა ლიტერატურულმა თავყრილობამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქართული მწერლობის სივრცეში კავშირები ცოცხალია, საერთო სათქმელი კი კვლავაც მრავალი თაობის გამაერთიანებელი ძალა.

ფესტივალის ოთხწლიანი ისტორია უკვე იმ კულტურული ტრადიციის ნაწილია, რომელიც ბათუმის ლიტერატურულ ცხოვრებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ეს არის შესაძლებლობა, ავტორებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, მკითხველმა საყვარელი მწერლები განსხვავებულ გარემოში გაიცნოს, ხოლო ქართულმა სიტყვამ კიდევ უფრო მეტი მსმენელისა და მკითხველის გულამდე მიაღწიოს.

ფესტივალის საზეიმო გახსნას აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე დაესწრო. მან „შემოდგომის სერენადას“ წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები რეგიონის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

– „შემოდგომის სერენადა“ მეოთხედ ტარდება და ეს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. ლიტერატურას განსაკუთრებული მისია აკისრია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იგი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ეროვნული თვითმყოფადობის, სულიერი ღირებულებებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში. ამ პროცესში გამორჩეული ადგილი უჭირავს აჭარის მწერალთა სახლს, რომელიც სხვადასხვა თაობის შემოქმედებს აერთიანებს, ხელს უწყობს ქართული ლიტერატურული ტრადიციების გაგრძელებას და ახალგაზრდა ავტორებს უჭერს მხარს.

ქართულ სიტყვას ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება ძალა, გააერთიანოს ადამიანები, განამტკიცოს ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა და მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა. ვუსურვებ ფესტივალს, იყოს საინტერესო, შემოქმედებითი, შთაგონების წყარო და ახალი დიალოგების, შეხვედრებისა და დაუვიწყარი შემოქმედებითი გამოცდილების სივრცე. კულტურის სამინისტრო ამ პროექტს მომავალშიც დაუჭერს მხარს, გააძლიერებს როგორც ფინანსურად, ისე სხვა საჭირო მიმართულებებით, რათა ფესტივალმა განვითარება განაგრძოს, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

ფესტივალის პირველი დღე ქალაქის ცენტრალურ პარკში, „მზის საათთან“, საზეიმო გახსნით დაიწყო. მზიანი ამინდი, შემოდგომის თბილი ფერები, შეკრებილი სტუმრები და ლიტერატურის სიყვარული ქმნიდა გარემოს, რომელშიც პოეზია განსაკუთრებით ბუნებრივად ჟღერდა. მონაწილეთა წარდგენას წიგნების გამოფენა მოჰყვა, ხოლო საღამო მუსიკალურად ჯგუფმა „ასეა სულ“ გააფორმა – ფესტივალის ერთგულმა მეგობრებმა, რომელთა შესრულებამ ლიტერატურულ დღესასწაულს განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა.

საღამოს ფესტივალის მონაწილეებმა გემით გაისეირნეს. ზღვის სივრცეში, სადაც ჰორიზონტი თითქოს ცასა და წყალს შორის საზღვარს შლის, პოეტურმა სიტყვამ ახალი ჟღერადობა შეიძინა. ამ შეხვედრას სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა – სიტყვა თავისუფალია, როგორც უკიდეგანო ზღვა, რომელსაც ვერ შემოსაზღვრავ, ვერ დაიმორჩილებ, ვერ დაუწესებ საზღვრებს. იგი ადამიანისგან ადამიანამდე მიდის, გზად ახალ განცდებს იძენს და იქ აღწევს, სადაც მისთვის გულის კარი ღიაა.

ფესტივალის მეორე დღე მონაწილეებისთვის კულტურული მოგზაურობისა და შემოქმედებითი აღმოჩენების დღედ იქცა. სტუმრები ციხისძირში, პეტრას ციხეს ეწვივნენ, სადაც ისტორიულმა გარემომ მათ კიდევ ერთხელ გაახსენა, რამდენად მჭიდროდ უკავშირდება კულტურული მეხსიერება ადგილს, დროსა და ადამიანთა ისტორიებს.

მოგზაურობა სოფელ გორგაძეებში, ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმში გაგრძელდა. ეს სივრცე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პოეტური სიტყვისა და იმ მემკვიდრეობის გასახსენებლად, რომელიც ავტორის სიცოცხლის დასრულების შემდეგაც აგრძელებს არსებობას. აქ გაიმართა საჯარო ლექცია და პოეზიის საათი, ფესტივალის ფარგლებში გამოცემული წიგნის „შემოდგომის სერენადა“ წარდგინებაც.

დღის შეხვედრებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა გარემო, რომელშიც ლიტერატურაზე საუბარი ისტორიულ მეხსიერებასა და კონკრეტული პოეტის შემოქმედებით კვალს უკავშირდებოდა. ასეთ დროს წიგნი მხოლოდ ტექსტების ერთობლიობა აღარ არის, ის იქცევა ხიდად წარსულსა და აწმყოს შორის, ხოლო პოეზია გვახსენებს, რომ ადამიანის განცდები, სათქმელი და სამყაროს აღქმა დროსთან ერთად არ ქრება.

ფესტივალის მონაწილეებისთვის ეს დღე ერთმანეთის შემოქმედების გაცნობის და ახალი ლიტერატურული კავშირების გაღრმავების კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო. „შემოდგომის სერენადა“ ამითაც გამოირჩევა, მისი პროგრამა ლიტერატურას მხოლოდ სცენასა და დარბაზში არ ტოვებს, იგი ბუნებრივად უკავშირებს ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობასა და იმ ადგილებს, რომლებშიც ქართული სიტყვის კვალი დღემდე ცოცხლობს.

ფესტივალის მესამე დღეს ლიტერატურული დიალოგი სკოლის სივრცეებში გაგრძელდა. მონაწილე მწერლები და პოეტები ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებს ეწვივნენ, მოსწავლეებს შეხვდნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

ეს შეხვედრები ფესტივალის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ლიტერატურის სიყვარული ხშირად სწორედ პირადი შეხვედრით იწყება მაშინ, როდესაც წიგნის ფურცლებიდან ნაცნობი ავტორი ცოცხალ ადამიანად იქცევა, მოსწავლეს შეუძლია, დაუსვას მისთვის საინტერესო კითხვა, მოისმინოს პასუხი და გაიგოს, რა დგას ლექსის, მოთხრობისა თუ რომანის მიღმა. ბავშვებისთვის საყვარელ მწერლებთან და პოეტებთან უშუალო ურთიერთობა ქმნის შესაძლებლობას, ლიტერატურა არა მხოლოდ სასწავლო პროგრამის ნაწილად, არამედ ცოცხალ, საინტერესო და პირად გამოცდილებად აღიქვან. ასეთი შეხვედრები ახალგაზრდა თაობას კითხვების დასმას, საკუთარი აზრის გამოხატვასა და შემოქმედებითი ინტერესების აღმოჩენასაც ასწავლის. მოსწავლეები ეცნობიან ადამიანებს, რომლებმაც სიტყვა თავიანთი ცხოვრების გზად აირჩიეს, უსმენენ მათ გამოცდილებას და უკეთ ხედავენ, რომ წიგნში მოთხრობილი სამყარო რეალურ ცხოვრებასთან, ადამიანურ ურთიერთობებსა და ყოველდღიურ განცდებთან არის დაკავშირებული.

მწერლებისთვისაც ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია: ახალგაზრდა მსმენელების შეკითხვები, ინტერესები და დამოკიდებულებები მათ ახალ პერსპექტივებს სთავაზობს და აჩვენებს, როგორ აღიქვამს მომავალი თაობა სიტყვას. სწორედ ამგვარ დიალოგში იბადება ლიტერატურის გაგრძელების შესაძლებლობა, როდესაც ერთი თაობის გამოცდილება მეორეს გადაეცემა, ხოლო წიგნისადმი ინტერესი ახალ მკითხველებში იღვიძებს.

დღის ბოლოს ფესტივალის შემაჯამებელი ლიტერატურული შეხვედრა აჭარის მწერალთა სახლის დარბაზში გაიმართა. მონაწილეებმა განვლილი სამი დღე შეაჯამეს, ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს ლიტერატურის, შემოქმედებითი ურთიერთობებისა და მსგავსი კულტურული ინიციატივების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე გამოიკვეთა საერთო განცდა, რომ „შემოდგომის სერენადა“ ღირსეულ ადგილს იკავებს არა მხოლოდ აჭარის, არამედ მთლიანად საქართველოს კულტურულ რუკაზე.

ფესტივალის დასრულების შემდეგ გაზეთ „აჭარას“ შთაბეჭდილებები გაუზიარეს პოეტებმა და ორგანიზატორებმა.

ნანა ცინცაძე, პოეტი:

– პირველ რიგში, მინდა სიყვარულით მოვეფერო აჭარას და აჭარიდან დანახულ სრულიად საქართველოს. პოეზია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, ეს ჩვენი იდენტობაა, ის საწყისია, საიდანაც მოვდივართ და რომელშიც ვრჩებით. ფესტივალი „შემოდგომის სერენადა“ მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, ისეთი, რომლითაც, სამწუხაროდ, ხშირად არ ვართ განებივრებული. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მის სულისჩამდგმელს, ყველასათვის საყვარელ პოეტ როინ აბუსელიძეს, აჭარის მწერალთა სახლსა და თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ გუნდშია და ასე თავდაუზოგავად შრომობს. ეს დაუვიწყარი დღეები მხოლოდ ჩვენთვის, ფესტივალის მონაწილეებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, ის ყველას გვეხება. ფესტივალის მიღმა, ბელა ქებურიას მეთაურობითა და ბატონი დავით თედორაძის ხელმძღვანელობით, ამ გუნდისგან სიყვარულსაც ვსწავლობთ. აქ ვხედავ, როგორ უყვართ ერთმანეთი ბათუმელ მწერლებსა და პოეტებს, როგორ შეუძლიათ თანაარსებობა ქიშპობისა და შურის გარეშე. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რას ნიშნავს, გიყვარდეს პოეზია და იმ ადამიანის გვერდით იდგე, რომელიც შენთან ერთად ერის კულტურას ქმნის.

ჩემთვის ეს ფესტივალი მხოლოდ ლიტერატურული გამოცდილება არ ყოფილა, ბათუმიდან მიმაქვს განცდა, რომ სიყვარულს შეუძლია, ადამიანებს შორის არსებული წინააღმდეგობები გადალახოს. ამ ადამიანებმა დამანახეს, როგორ შეიძლება თანამოკალმის წარმატება საკუთარი სიხარულივით მიიღო, როგორ შეიძლება ერთმანეთის გვერდით იდგე და საერთო საქმით გაიხარო. ამ გარემომ მეც უფრო მიმტევებელი გამხადა, კიდევ უფრო გამიღრმავა ადამიანების სიყვარული, მათ მიმართაც კი, ვინც შეიძლება ჩემ მიმართ კეთილგანწყობილი არ იყოს. ეს ემოცია ბათუმმა მაჩუქა და სწორედ ამ სითბოს წავიღებ თან. მინდა, „შემოდგომის სერენადას“ ვუსურვო, არასოდეს დასრულდეს და მუდამ არსებობდეს, რადგან ეს ფესტივალი სჭირდება არა მხოლოდ აჭარას, არამედ სრულიად საქართველოს… და, რაც მთავარია, ის სჭირდება სიყვარულს.

ტარიელ ხარხელაური, პოეტი:

– ყველაზე მეტად რამაც გამაოცა, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს შორის დამოკიდებულება იყო. ეს უზარმაზარი სიყვარულია, რომელიც თურმე გვქონია, მაგრამ ხშირად ვმალავდით – სიყვარული საკუთარი თანამოკალმის მიმართ. ბათუმმა ამ სიყვარულის გაკვეთილი ჩაგვიტარა და ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ბათუმში სამშობლოს სიყვარული არ უნდა გაგიკვირდეს, ეს ამ ქალაქისთვის უცხო არასოდეს ყოფილა. სამშობლოს სიყვარული ბათუმისთვის სულის მოთხოვნილებაა. მინდა, მსგავსი ფესტივალები ყველგან ტარდებოდეს, რათა საქართველო სიყვარულით გამდიდრდეს.

„შემოდგომის სერენადას“ ვუსურვებ, არასოდეს შეწყვიტოს არსებობა და მხოლოდ ბათუმით არ შემოიფარგლოს, საქართველოს ყველა რეგიონში შეაღწიოს. თუ არსებობს ძალა, რომელსაც დღევანდელი ამღვრეული დროის შეცვლა შეუძლია, ეს პოეზია, ხელოვნება და კულტურაა. მათ შეუძლიათ ადამიანების დაახლოება, გულების გაერთიანება და იმ ღირებულებების შეხსენება, რომლებიც გვაკავშირებს.

ბელა ქებურია, პოეტი:

– „შემოდგომის სერენადა“ წელს უკვე მეოთხედ ტარდება, რაც ნიშნავს, რომ ფესტივალი მკვიდრდება და ტრადიციად, ერთგვარ კულტურულ ბრენდად ყალიბდება. დღევანდელ დღემდე მოსვლა მარტივი არ ყოფილა. ამ ფესტივალში ჩადებულია ძალიან დიდი შრომა, უამრავი უძილო ღამე, ადამიანების გულისა და სისხლის ნაწილი. ამის სრულად გააზრება მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც მსგავსი საქმის კეთების გამოცდილება აქვს. ყველა ლამაზი დღის უკან დიდი შრომა დგას.

უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო როინ აბუსელიძეს, ქალბატონ ლალი კონცელიძეს, დავით თედორაძეს, აჭარის მწერალთა სახლსა და თითოეულ ადამიანს, რომელმაც ფესტივალის შექმნასა და ჩატარებაში თავისი წვლილი შეიტანა. განსაკუთრებული მადლობა აჭარის კულტურის სამინისტროს, რომელმაც პროექტს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია. ვისურვებ, სამინისტროს კიდევ ბევრი ასეთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული პროექტი დაეფინანსებინოს.

თუ სიტყვა იყო ღმერთი და ყველაფერი სიტყვით დაიწყო, მაშინ ის, რაც ადამიანის სულსა და გონებამდე უპირველესად აღწევს, ცოცხალი ურთიერთობაა მწერალსა და მკითხველს, მწერალსა და აუდიტორიას, მწერალსა და საზოგადოებას შორის. სწორედ ასეთი შეხვედრები აძლევს ლიტერატურას სიცოცხლეს და აძლიერებს მის კავშირს ადამიანებთან. წარმატებებს ვუსურვებ „შემოდგომის სერენადას“. მეც ჩემი პატარა წვლილი შემაქვს ამ ფესტივალში, მე და არაჩვეულებრივი პოეტი სულხან წულუკიძე მისი წამყვანები ვიყავით. ვცდილობდით, პირველივე წუთებიდან ვყოფილიყავით ის გასაღები, რომელიც მონაწილეებს ფესტივალის განსაკუთრებულ სამყაროს გაუღებდა. ვფიქრობ, შევძელით, მათთვის თავიდანვე მიგვეწოდებინა ბათუმური სითბო, ლიტერატურული სიახლოვე და ის განსაკუთრებული განწყობა, რომელსაც „შემოდგომის სერენადა“ ქმნის.

ლალი კონცელიძე, აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი:

– ის ფაქტი, რომ ქალაქმა ფესტივალს უკვე მეოთხედ უმასპინძლა, ნიშნავს – გავიზარდეთ და ჩვენი შესაძლებლობებიც გაფართოვდა. დაგროვილი გამოცდილებისა და გაზრდილი მხარდაჭერის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „შემოდგომის სერენადა“ პრესტიჟულ ლიტერატურულ ფესტივალად ჩამოყალიბდა და ჩვენი ქალაქის კულტურულ ტრადიციად იქცა. თუ ადამიანებს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ფესტივალი სწორედ ამ ურთიერთობების გაღრმავების ერთ-ერთი სერიოზული საშუალებაა. ის მწერლებს ერთმანეთთან დაახლოების, თანამშრომლობისა და მეგობრობის შესაძლებლობას აძლევს. დარწმუნებული ვარ, ფესტივალის თითოეული მონაწილე მწერალი და პოეტი ბათუმიდან უფრო მდიდარი გამოცდილებითა და საკუთარი კოლეგების შემოქმედების შესახებ მეტი ცოდნით მიდის. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, ფესტივალის განვითარებაში უდიდესია როინ აბუსელიძის წვლილი. ეს არის ადამიანი, რომელიც ამ საქმეში უზარმაზარ ენერგიას, ემოციას, დროს, ფიზიკურ და გონებრივ ძალისხმევას დებს. მისი შესაძლებლობები და თავდადება ფესტივალის ჩამოყალიბებასა და წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ჩვენს რეგიონში არაერთი საინტერესო ფესტივალი ტარდება, მათ შორის „ლექსების გამოფენა“ და „ზე-კართან“, თუმცა, ვფიქრობ, „შემოდგომის სერენადას“ თავისი გამორჩეული ადგილი აქვს. მომავალი წლიდან აქტიურად ვემზადებით იმისთვის, რომ ფესტივალმა საერთაშორისო მასშტაბი შეიძინოს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ფესტივალში მონაწილეობდა, მის წამყვანებს – ქალბატონ ბელა ქებურიასა და სულხან წულუკიძეს, აგრეთვე თითოეულ ადამიანს, რომელმაც დაგეგმვასა და განხორციელებაში თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა, მადლობა აჭარის კულტურის სამინისტროსა და მინისტრს, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, მუდმივი მხარდაჭერისთვის. მინდა, ეს ფესტივალი ბათუმში მუდამ იმართებოდეს, რადგან ის უკვე ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„შემოდგომის სერენადის“ ოთხწლიანი გზა გვიჩვენებს, რომ ნამდვილი კულტურული ტრადიცია მხოლოდ კალენდარში მონიშნული თარიღებით არ იქმნება. მას შრომა, ერთგულება, საერთო მიზანი და ის უხილავი კავშირი აძლიერებს, რომელიც სხვადასხვა ხასიათის, ასაკისა და შემოქმედებითი გამოცდილების ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს.

ამ სამი დღის განმავლობაში ბათუმი ლიტერატურის ქალაქად იქცა არა მხოლოდ იმიტომ, რომ აქ მწერლები და პოეტები შეიკრიბნენ, არამედ იმიტომაც, რომ სიტყვამ ქუჩიდან პარკში, პარკიდან ზღვაზე, ისტორიული ძეგლებიდან სკოლებში და ბოლოს ისევ მწერალთა სახლის დარბაზში გადაინაცვლა. ყველგან, სადაც ადამიანები ერთმანეთს უსმენდნენ, აზრებს უზიარებდნენ და საკუთარ განცდებზე საუბრობდნენ, ლიტერატურა ცოცხლობდა.

ფესტივალის მონაწილეებმა ბათუმიდან თან წაიღეს არა მხოლოდ ახალი ნაცნობობა და შემოქმედებითი შთაბეჭდილებები, არამედ ქალაქის სითბოც, განცდა, რომ ხელოვნებას შეუძლია ადამიანები უფრო მიმტევებლები, ერთმანეთისადმი ყურადღებიანები და გულწრფელები გახადოს.

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *