ბათუმს სიყვარულით უმღერეს
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ცნობილი ქართველი მომღერლისა და კომპოზიტორის, საქართველოს სახელმწიფო და აკაკი წერეთლის სახელობის პრემიების ლაურეატის, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერ ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, სადაც ხელოვანი თავის ქალიშვილ ცისანა სეფიაშვილთან ერთად გამოვიდა.
ჯემალ სეფიაშვილის კარგად იცნობენ არა მხოლოდ საქართველოში, მისი არაერთი სიმღერა ჰიტად იქცა. მან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა.
თბილისის ფარმაცევტულ ქარხანაში ინჟინრად მუშაობდა. თანამშრომლობდა ქარხნის ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლთან „მელოდია“. ამ ანსამბლისთვის დაწერა სიმღერა „სიყვარულის სანთლები“, რომელმაც კვარტეტ „თბილისის“ შესრულებით დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1972 წელს ირმა სოხაძის საავტორო კონცერტზე წარმატებით შესრულდა მისი 12 სიმღერა. მუშაობდა საქტელერადიოს კორესპონდენტად, იყო ტელე-რადიო გადაცემების ავტორი და წამყვანი. განსაკუთრებით პოპულარული გახდა გადაცემა „შეხვედრები მიკროფონთან“. გამოცემული აქვს რამდენიმე ალბომი. მათ შორის, მორის ფოცხიშვილის ლექსებზე (ანსამბლ „ორიონის“ შესრულებით).

1989 წლის 9 აპრილს საქართველოში განვითარებულ ტრაგედიას ჯემალ სეფაშვილმა მიუძღვნა არაჩვეულებრივი სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ (მორის ფოცხიშვილის ლექსი), რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა და მას შემდეგ სიმღერას ყოველი წლის 9 აპრილს ეკრანებიდან ვისმენთ. აღსანიშნავია, რომ 1989 წლის 9 აპრილს სიმღერა ერთდროულად ქართული ესტრადის 62-მა მომღერალმა შეასრულა. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად, ჯემალ სეფიაშვილი 1998 წლის საუკეთესო საზოგადო მოღვაწეთა ათეულში დასახელდა. მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორებიცაა: „ო ენავ ჩემო, დედაო ენა“, „დედა“ (მინდორ-ველი მოუჩითავს იებს), „ჭაღარა“, „სანთლები“, „გაზაფხული შემოსულა, ლენ“, „გიხაროდენ“ და მრავალი სხვა.

ბათუმურ საღამოზე კომპოზიტორის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სიმღერები აჟღერდა. ჯემალ სეფიაშვილი გამორჩეული რეპერტუარით წარსდგა და ყველასათვის საყვარელი სიმღერები როგორც შვილთან ერთად, ისე ინდივიდუალურად შეასრულა. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, რომლის გამორჩეული ნაწილი სიმღერის „ჩემო ლურჯო ბათუმო“ პრემიერა გახდა.
ჯემალ სეფიაშვილი 60 წელია, რაც თავისი შემოქმედებით არაერთ თაობას აერთიანებს. მომავალ წელს კომპოზიტორს 80 წელი უსრულდება. ღონისძიების დასრულების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რომელიც საღამოს მეუღლე სოფო ბაკურიძესთან ერთად ესწრებოდა, ჯემალ სეფიაშვილს გაესაუბრა და მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.

საღამოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, კომპოზიტორის თაყვანისმცემლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
– მომავალ წელს ბატონ ჯემალს 80 წელი უსრულდება და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ბათუმში ის მომღერლები ჩამოვიდნენ, რომლებმაც ჩაწერეს თავის დროზე სიმღერა „ვეჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, აქ გაიმართოს საღამო ამავე სახელწოდებით. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა მომავალი საიუბილეო საღამოს საწინდარი იყო, – გვითხრა მსახიობმა ზურაბ ცინცქილაძემ.
– დღევანდელი შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ჩემი სტუდენტობის გახსენება იყო. მიყვარს მისი სიმღრები, ძალიან შთაგონებით წერს. ბათუმზე სიმღერაც ძალიან მომეწონა. მისი სიმღერების დიდი ნაწილი შეიყვარა მსმენელმა და არაერთი ჰიტადაც იქცა. როცა „ტიტებზე“ მღერიან, ემოციები მიპყრობს. სიმღერა „ქართულ ენაზეც“ არაჩვეულებრივია. „ტიტებს“ თან ვუსმენდი, თან ვმღროდი და თან ვტიროდი. მადლობა ამ დიდი სიხარულისთვის, – გვითხრა ბათუმელმა ნანა უგულავამ.
მანანა ძიძიშვილი