ბათუმში გაეროს მოდელირების 24-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
By

ბათუმში გაეროს მოდელირების 24-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუში“, გაეროს მოდელირების რიგით 24-ე საერთაშორისო კონფერენცია  MUNYDG Batumi 2026 გაიმართა. „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების“ ორგანიზებით გამართულმა ღონისძიებამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ახალგაზრდები გააერთიანა.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა გაეროს მუშაობის სიმულაციაში მიიღეს მონაწილეობა, წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნის პოზიციები, გამართეს დებატები და საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. დღის წესრიგი თანამედროვე მსოფლიოსთვის აქტუალურ საკითხებს მოიცავდა, მათ შორის, ადამიანის უფლებებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვას, საერთაშორისო უსაფრთხოებას, შეიარაღებული კონფლიქტების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ბავშვთა ტრეფიკინგს, დაბადების რეგისტრაციასა და ხელოვნური ინტელექტის გავლენას გლობალურ შრომის ბაზარზე.

კონფერენციაში მონაწილეობა ახალგაზრდებს, საერთაშორისო ურთიერთობების უკეთ გაცნობასთან ერთად, მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარების განვითარებაშიც ეხმარება. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, საჯარო გამოსვლის, არგუმენტირებული მსჯელობისა და გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას. მონაწილეები სწავლობენ განსხვავებული პოზიციების მოსმენას, მოლაპარაკებების წარმართვასა და საერთო გადაწყვეტილებების მიღებას, რაც მომავალში ხელს უწყობს  მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.

კონფერენციის მონაწილეებისთვის გათვალისწინებული იყო 100%-იანი სტიპენდიები ბრიუსელში, სტრასბურგსა და ვენაში დიპლომატიური ვიზიტებისთვის. ასევე, დაწესდა ნაწილობრივი სტიპენდიები Harvard Model Congress-ის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.

„საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები“ ახალგაზრდებს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, დიპლომატიურ საზოგადოებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობებთან აკავშირებს. ორგანიზაციის მიზანია მომავალი თაობის ლიდერების განვითარება, მშვიდობიანი დიალოგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

  • No Comments
  • ნოემბერი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *