By

ბათუმში MADLIN-ის საწარმო გაიხსნა

2 ნოემბერს ბათუმში MADLIN-ის ახალი საწარმოსა და შოურუმის ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საწარმოს დამფუძნებელია აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი და კოლეჯ „ბლექსის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „მოდის ტექნოლოგია და დიზაინი“ მეორე კურსის სტუდენტი ელეონორა (ელა) კუცია.
MADLIN-ის საქმიანობა ცირკულარული მოდის განვითარების იდეას ეფუძნება და მიზნად ისახავს წარმოებაში მდგრადი მიდგომების დანერგვასა და ქართული მოდის ინდუსტრიაში ახალი შესაძლებლობების შექმნას.
ღონისძიებას ოფიციალური პირები, ბიზნესსექტორისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე გურანდა გოგიტიძემ, კოლეჯ „ბლექსის“ დირექტორმა გიორგი გოგიტიძემ, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ კახიძემ და „Mprof“-ის დამფუძნებელმა მერი ნამგალაძემ.

მათ ყურადღება გაამახვილეს რეგიონში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, პროფესიული განათლებისა და ადგილობრივი წარმოების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ელეონორა კუციას წარმატება პირადად მიულოცეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ იგი არა მხოლოდ წარმატებული სტუდენტია, არამედ პასუხისმგებლობიანი დამსაქმებელიც, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სოციალურ ინიციატივებში, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებში.
ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ საწარმოს ისტორიას, საქმიანობის სპეციფიკასა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების პრაქტიკაში გამოყენების გზებს. საწარმოს ტურსა და საქმიანობის მიმოხილვას ელეონორა კუცია გაუძღვა.

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ნაწილი ხის დარგვის ცერემონია გახდა, რომელშიც მონაწილეობა აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე გურანდა გოგიტიძემ და ელეონორა კუციამ მიიღეს. ეს აქტივობა მკაფიოდ გამოხატავს მდგრადი განვითარებისა და მწვანე მომავლის საერთო იდეას.
საღამოს პროგრამა MADLIN-ის ახალი, ცირკულარული მოდის პრინციპით შექმნილი კოლექციის ჩვენებით დაგვირგვინდა. აღსანიშნავია, რომ შოურუმში წარმოდგენილია მეწარმე ქალების სტენდები, რითაც ელეუნორა კუცია, ასოციაციის ღირებულებების შესაბამისად, აქტიურად უწყობს ხელს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. სტუმრებისთვის გათვალისწინებული იყო სპეციალური საჩუქრები და სადღესასწაულო ა ლა ფურშეტი.
ახალი საწარმო აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს მჭიდრო მხარდაჭერით შეიქმნა. აღნიშნული ინიციატივა ასოციაციის მწვანე მიდგომის რეალური განხორციელების თვალსაჩინო მაგალითია. ასოციაცია აქტიურად აგრძელებს წევრი კომპანიების მხარდაჭერას, ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და თანამედროვე, მდგრადი ბიზნესმოდელების პოპულარიზაციას რეგიონში.

ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ბოლო პერიოდში აქტიურად ახორციელებს მწვანე ეკონომიკისა და ცირკულარული ბიზნესმოდელების ადვოკატირებას. ეს მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტულია თანამედროვე ბიზნესგარემოში, სადაც რესურსების ეფექტიანი გამოყენება, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება და მდგრადი წარმოება ეკონომიკური ზრდის მთავარ წინაპირობად ითვლება. ინიციატივის ფარგლებში, ასოციაციის წევრ კომპანიებს მიეცათ რეკომენდაცია, აქტიურად ჩაერთონ ცირკულარული ეკონომიკის პროექტებში და საკუთარ საქმიანობაში დანერგონ ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკა.
„ჩვენთვის, როგორც ბიზნესასოციაციისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წევრი კომპანიები არა მხოლოდ ვითარდებოდნენ, არამედ ნერგავდნენ თანამედროვე, ინოვაციურ და მდგრად ბიზნესმოდელებს. MADLIN-ის ახალი საწარმოს გახსნა სწორედ ასეთი განვითარების მნიშვნელოვანი მაგალითია. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ასოციაციის წევრმა კომპანიამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გადავიდა წარმოების ახალ სტანდარტზე, რომელიც ეფუძნება ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებსა და რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას. დღეს ბიზნესის კონკურენტუნარიანობა მხოლოდ წარმოებული პროდუქციის ხარისხითა და რაოდენობით აღარ განისაზღვრება. სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თუ როგორი პასუხისმგებლობით ვმართავთ რესურსებს, რამდენად ვითვალისწინებთ გარემოსდაცვით სტანდარტებს და რამდენად ვართ მზად ინოვაციებისა და ახალი შესაძლებლობებისთვის. აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია აქტიურად უჭერს მხარს მწვანე ეკონომიკის განვითარებას, ცირკულარული ბიზნესმოდელების პოპულარიზაციას და წევრი კომპანიების ჩართულობას ამ პროცესებში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც მეწარმეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ახალი ცოდნა, დაამყარონ პარტნიორული კავშირები და საკუთარი ბიზნესი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განავითარონ. MADLIN-ის მაგალითი გვიჩვენებს, რომ მდგრადი განვითარება მხოლოდ იდეა არ არის, ის რეალური ბიზნესგადაწყვეტილებებით იწყება. ვულოცავ კომპანიას ამ მნიშვნელოვან ეტაპს და ვუსურვებ წარმატებას ახალ საწარმოო საქმიანობაში. იმედი მაქვს, ეს ინიციატივა სხვა მეწარმეებისთვისაც გახდება მოტივაცია, გადადგან ნაბიჯები უფრო მწვანე და პასუხისმგებლობიანი ბიზნესის განვითარებისკენ“, – აღნიშნა გაზეთ „აჭარასთან“ საუბრისას აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე გურანდა გოგიტიძემ.

ცნობისთვის: ცირკულარული ეკონომიკა წარმოადგენს თანამედროვე ეკონომიკურ სისტემას, რომელიც მიზნად ისახავს ნარჩენების აღმოფხვრასა და რესურსების მუდმივ, ეფექტურ გამოყენებას. განსხვავებით ტრადიციული, ხაზოვანი მოდელისგან („მოიხმარე-შექმენი-ნარჩენი“) ცირკულარული ეკონომიკა ეფუძნება ბუნების პრინციპებს, სადაც არაფერი იკარგება და უკვე მოხმარებული მასალები ხელახლა ერთვება წარმოების ციკლში. მისი ძირითადი პრინციპებია: Reduce (შემცირება) – არასაჭირო მოხმარებისა და ნარჩენების შემცირება; Reuse (ხელახალი გამოყენება) – პროდუქტისა თუ მისი კომპონენტების მაქსიმალური გამოყენება; Recycle (გადამუშავება) – ნარჩენების გადამუშავება და მეორადი ნედლეულის დაბრუნება წარმოებაში; შეკეთება და რეაბილიტაცია – ნივთების სიცოცხლის ციკლის გახანგრძლივება; ინდუსტრიული სიმბიოზი -= კომპანიებს შორის რესურსების, ენერგიისა და მასალების გაცვლა ნარჩენისთვის ახალი ღირებულების მისანიჭებლად. ცირკულარულ მოდელს მოაქვს საწარმოო ხარჯების ოპტიმიზაცია და რესურსების ეფექტიანობა, გარემოს დაბინძურების შემცირება და ნარჩენების მართვა, ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის გაძლიერება, გლობალური მოთხოვნის შემცირება ნედლეულზე, რაც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. დღეს ევროკავშირი აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ბაზაზე მეორადი ნედლეულის ბაზრის შექმნისა და გადამუშავებული მასალების მიწოდების გაზრდისთვის. ამ გლობალური ტენდენციის პარალელურად, საქართველოშიც წარმატებით მიმდინარეობს ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა, რისი თვალსაჩინო დასტურიც ბათუმში MADLIN-ის ახალი საწარმოს ამოქმედებაა.

დადუ გაბაიძე

  • No Comments
  • ნოემბერი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *