შალვა პაპუაშვილი ორგანიზაციაზე „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ – თავის თავს იხდიან სასაცილოდ“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გამოქვეყნებულ „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ განახლებულ სიას, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც არის შეყვანილი.
პარლამენტის სპიკერის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა, რადგან სხვა გზებით ბიძინა ივანიშვილის იძულება, ქვეყნისთვის არასასურველი ნაბიჯები გადადგას, ვერ ხერხდება. „ამ შემთხვევაში მიზანიც ეს არის: ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს სხვანაირად ვერ აიძულებენ, რომ საქართველოსთვის არასასურველი გადაწყვეტილებები მიიღოს, ასე სხვადასხვა მხრიდან შემოუარონ და შეეცადონ, ზიანი მიაყენონ, მაგრამ თავის თავს იხდიან სასაცილოდ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მსგავსი ტიპის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი სუვერენულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური გავლენის მოსახდენად და ყალბი ანგარიშების მეშვეობით მათი გადაწყვეტილებების სამართავად. პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან მსგავსი ინსტიტუციების მიმართ გაჟღერებულ კრიტიკაზეც. „ასეთ ორგანიზაციებს სანდოობა რომ არ აქვთ, ხვდებით, ხომ?! ვუსმინეთ აშშ-ის ადმინისტრაციას, რას საუბრობს ის Amnesty International-ზე, რას საუბრობს ის ვენეციის კომისიაზე, რომელიც მათ დატოვეს და ა.შ. ეს ორგანიზაციები შექმნილია იმისთვის, რომ სახელმწიფოების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მოახდინონ გავლენა და ამგვარი ყალბი ანგარიშებით გავლენის ქვეშ მოაქციონ ისინი.
ეს არის ამ ორგანიზაციების მთელი ქსელი და კარგია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ამაზე ღიად საუბრობს. აქამდე აშშ-ის ადმინისტრაცია საუბრობდა მის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზე (USAID-ზე და ა.შ.), რომლებიც თაღლითობასა და სხვა ქვეყნის ხელისუფლების შეცვლის მცდელობაში ამხილა. ახლა უკვე საუბრობს საერთაშორისო დონეზე მოქმედ ორგანიზაციებზე – ვენეციის კომისიაზე, Amnesty International-ზე და სხვებზე.
დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ამ ორგანიზაციების მხილების ერთ-ერთი ტალღა, რომელთა ერთადერთი მიზანი სხვადასხვა სახელმწიფოს დაქვემდებარება და მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენაა“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.