ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან – 357 ათას ჰექტარამდე ფართობი უკვე დამუშავებულია
სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისა და მოსავლის დანაკარგების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მასშტაბური პრევენციული ღონისძიებები აქტიურ ფაზაშია. გატარებული კომპლექსური სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით უკვე დამუშავებულია 357 000 ჰექტარამდე ფართობი.
სპეციალური ტექნიკითა და პრეპარატებით მუშავდება როგორც დასახლებული პუნქტებისა და სოფლების ტერიტორიები, ისე ტყის პერიმეტრები, ჯაგნარები სიმინდის თუ სხვა კულტურების ვრცელი მასივები.
მავნებლის გავრცელების არეალის მუდმივი კონტროლისა და ახალი კერების დროული გამოვლენისთვის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 7 890 მონიტორინგის სისტემა ფუნქციონირებს. მიღებული მონაცემების საფუძველზე, სპეციალისტები ოპერატიულად გეგმავენ შესაბამის წერტილოვან ღონისძიებებს.
გარდა ამისა, მავნებლის პოპულაციის ეფექტური შემცირების მიზნით, სტრატეგიულ ადგილებში განთავსებულია 206 910 „მოიზიდე და გაანადგურე“ სპეციალური სადგური. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით, მაქსიმალურად შეიზღუდოს ფაროსანას გამრავლება და გადაადგილება.
სახელმწიფო პროგრამის მთავარი ამოცანა ფერმერთა ინტერესების დაცვა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებაა. თუმცა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა საკმარისი არ არის, ბრძოლის ეფექტურობა პირდაპირ უკავშირდება ადგილობრივი მოსახლეობისა და ფერმერების აქტიურ ჩართულობას.
საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროული გატარება და სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება ის აუცილებელი პირობაა, რომელიც რეგიონში ბარაქიანი მოსავლის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.