საქართველოსა და თურქეთს შორის იუსტიციის სფეროში პარტნიორობა ღრმავდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებში იურიდიულ დახმარებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ძალისხმევის კოორდინაცია ორმხრივი ურთიერთობების საკვანძო მიმართულებაა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ პრაქტიკული მექანიზმების შემუშავებაზე, რაც სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ოქტომბერში, თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ აკინ გურლეკის მიწვევით, იგი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო მართლმსაჯულების სამიტში. პაატა სალიას თქმით, აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციური კავშირების შემდგომ გაძლიერებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა ივანიშვილი.