ბსუ-ში სეზონური სკოლა გაიხსნა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე სეზონური სკოლა ,,ბავშვის უფლებების სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია და სამართლებრივი ასპექტები” გაიხსნა. როგორც ბსუ-ში აცხადებენ
სეზონური სკოლის მიზანია აკადემიური პერსონალის, მასწავლებლებისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ბავშვის უფლებების სწავლების თანამედროვე მიდგომების, საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე. პროგრამა ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული, ინკლუზიური და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პრაქტიკის განვითარებას.

,,პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და UNICEF საქართველოს თანაორგანიზებით.
ხუთდღიან სეზონურ სკოლაში მონაწილეობას ღებულობენ აჭარის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ბსუ-ის სტუდენტები.
სეზონური სკოლის ძირითადი თემატიკაა: ბავშვის უფლებები – საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო და საქართველოს კანონმდებლობა; ბავშვის უფლებათა კონვენციის ზოგადი პრინციპები;
ბავშვთა დაცვის თანამედროვე გამოწვევები; ბავშვის უფლებები საუნივერსიტეტო პროგრამებში; ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის პრევენცია; ბავშვის უფლებების საუნივერსიტეტო პროგრამა.
სეზონური სკოლის სესიებს წარუძღვებიან პარიზის ნანტერის უნივერსიტეტის, პოლონეთის უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და გაეროს (UNICEF) ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები. სეზონური სკოლა მოიცავს ინტერაქციულ ლექციებს, სემინარებსა და ვორქშოფებს“, – ნათქვამის ბსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.