გია ბარამიძე – ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა უბრალოდ თანამდებობების გადანაწილება, არამედ ჩვენი პარტიის სისტემური ცვლილება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ ჟურნალისტებთან პარტიაში დაძაბულობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიაში ყოველთვის იყო დისკუსია, კამათი და შიდა დემოკრატიული კონკურენცია.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, პარტიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება.
„უახლოეს ხანებში, წესდების მიხედვით, ჩატარდება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა. ყველას, ვინც არჩეული ვიყავით სხვადასხვა თანამდებობაზე – თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს წევრები, ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, წესებიდან გამომდინარე, გვეწურება ვადა. ამიტომ ყველას არჩევის საკითხი დადგება. რაც შეეხება თავმჯდომარის კანდიდატურებს, ალბათ, იქნება რამდენიმე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ჩვენი გუნდის ლიდერმა, დაასახელა ნანუკა ჟორჟოლიანი. ჩემი ინფორმაციით, იქნებიან სხვებიც. როგორც ჩვენს პარტიას სჩვევია, კონკურენტულ, შიდა დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება ყველა შესაბამისი პროცედურა და პარტია აირჩევს ხელმძღვანელობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამის თაობაზე გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმაც ისაუბრა, არა უბრალოდ თანამდებობების გადანაწილება, არამედ ჩვენი პარტიის გამოსაცოცხლებლად, უფრო მეტი აქტიურობისთვის, ეფექტიანობისთვის, სისტემური ცვლილება. ისეთი ცვლილება, რომელიც მოიტანს მეტ სახალხოობას პარტიაში, მეტ შიდა დემოკრატიას, სამართლიანობას, ჰორიზონტალურ მართვას, ასევე, გამოიყენებს იმ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, რაც არის თანამედროვე სამყაროში. სწორედ ასეთი არის ე.წ. msr-ი, ანუ მართვის საფუძვლიანი რეფორმა, რაზეც „ნაციონალურ მოძრაობაში“, უკვე წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს მსჯელობა და პოლიტიკურ საბჭოს უკვე მიღებული აქვს. ახლა დაგვრჩა, რომ ეს რეფორმა მიიღოს პარტიის უახლესმა ყრილობამ და დავიწყოთ განხორციელება. ეს გულისხმობს მეტ სახალხოობას, საჯაროობას, ხალხის უშუალო ჩართულობას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შესაბამისად, ნიშნავს უფრო მეტ დემოკრატიას, სამართლიანობასა და ჰორიზონტალურ მართვას, ჩვენი პარტიის მართვას სწორედ ხალხის მიერ და არა ცალკეული, თუნდაც პატივსაცემი, ახლად არჩეული პარტიული თანამდებობის პირების მიერ“, – განაცხადა გია ბარამიძემ.