გია ხელაშვილი: თანდათან სულ უფრო საშიში ხდება ისრაელისთვის ტრამპი
გთავაზობთ ინტერვიუს ისტორიკოს გია ხელაშვილთან, რომელიც საუბრობს სომხეთის არჩევნებზე, ირანის კონფლიქტსა და უკრაინა-რუსეთის ომზე, აანალიზებს მსოფლიოში არსებულ დაძაბულ ვითარებას, მსოფლიო ლიდერების ურთიერთობებს და გვაცნობს საინტერესო ფაქტებს.
– ბატონო გია, დავიწყოთ საუბარი სომხეთის არჩევნებით, რომელმაც საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიო პოლიტიკურ წრეებში.
– დიახ, იქ საკმაოზე რთული ვითარებაა და აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთ კატასტროფულ არჩევნებს, მოლდოვის არჩევნებზე უარესს, „აპრავებს“ ევროკავშირი. საინტერესოა სომხური არჩევნების შესახებ მაკრონის გულახდილი სიტყვები: „თუ ეს პროევროპულია – დემოკრატიაა, თუ ეს პრორუსულია – მაშინ უცხოური ჩარევაა“…
რას ეძახიან დემოკრატიას, არამარტო ასობით ოპოზიციონერი, პირდაპირ უბნების თავმჯდომარეები და მდივნებიც კი დაიჭირეს სომხეთში, ამის მეათედი რომ ჩვენთან მომხდარიყო, ხომ წარმოგიდგენიათ რას იზამდნენ კაია და ურსულა… ეს ყველაფერი ჩემთვის სულერთია, მაგრამ რეალურად, ოპოზიციაა სომხეთის არჩევნებში გამარჯვებული. სხვათა შორის, ფაშინიანს ამ წუთამდე არ ულოცავენ არც რუსეთი, რომელიც ღიად ლაპარაკობს უპრეცედენტო დარღვევებზე და ტერორზე და არც თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი.
ისე, საოცარი მათემატიკა აქვს ბრიუსელს: ჩვენთან რომ მიეღო ამ ხელისუფლებას 50%-ზე ნაკლები, იყვირებდნენ, ოპოზიციააო გამარჯვებული, მოლდოვის და სომხეთის შემთხვევაში კი რაც მიიღეს სანდუმ და ფაშინიანმა, საკმარისზე მეტიცაა. რატომღაც, 800 000-მდე რუსეთში მყოფ სომხეთის მოქალაქეს არ მიეცა ხმის მიცემის უფლება, თორემ 10 დეპუტატს ვერ გაიყვანდა ფაშინიანი. ვინც დაბრუნდა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აეროპორტშივე დააკავეს და ჯარში, ე.წ. „სბორებზე“ გაყარეს, მოლდოვაში კი რუმინელების არარსებული ხმებით გახადეს პრეზიდენტად ამერიკის ელჩის ყოფილი საყვარელი…
– რა პოზიციას აფიქსირებს ამ კუთხით კრემლი?
– რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი, ისევე როგორც მთლიანი წინასაარჩევნო კამპანია, „ოპოზიციის დევნის“ ფონზე მიმდინარეობდა. ზახაროვას თქმითვე, არჩევნებში ევროკავშირი ჩაერია: „მთელი საარჩევნო კამპანია და თავად ხმის მიცემის პროცესი სომხეთის ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობების, მათი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ მკაცრი რეპრესიების ფონზე ჩატარდა. ქვეყანაში ტრადიციულად ღრმად პატივცემული სომხური სამოციქულო ეკლესიაც დევნის სამიზნე გახდა. ეს წარმოადგენს ერევნის მიერ თავისუფალი არჩევნების ჩატარების დემოკრატიული პრინციპებისა და პროცედურების აშკარა დარღვევას.“
ასევე განცხადება გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც. მან თქვა, რომ მოსკოვი არ ჩქარობს, ელოდება საბოლოო შედეგების გამოცხადებას და მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსირებს თავის პოზიციას. აქვე, მან ხაზგასმით მიუთითა იმ მრავალრიცხოვან დარღვევებსა და ოპოზიციის მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე, რომელსაც წინასაარჩევნოდ ჰქონდა ადგილი სომხეთში.
– ამ დღეებში ერთ-ერთი რეზონანსული ფაქტი იყო ზელენსკის წერილი, რომელიც პუტინს მისწერა ომის შეჩერების თაობაზე.
– დიახ, ზელენსკის წერილი ძალიან სარკასტული გახლდათ, რასაც მოჰყვა პუტინის არანაკლებ აგდებული და აშკარად ირონიული პასუხი. მისი თქმით, წერილი შეიცავს უხეშობის ელემენტებს და არის შეურაცხმყოფელი: „ჩვენი შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ, ზელენსკისთან შეხვედრამდე აუცილებელია კონფლიქტის დარეგულირების გადაწყვეტილებების პოვნა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და პრაქტიკულად გამორიცხა როგორც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის, ისე მასთან შეხვედრის თეორიული შესაძლებლობაც კი… ამაზე რომ სასტიკად აგებენ პასუხს უკრაინაც და ზელენსკიც, ეჭვიც არ შეეპარება არავის, ვინც პუტინს უსმინა…
– რატომ გადაწყვიტა ზელენსკიმ წერილის ამ ტონით დაწერა, მანაც ხომ იცოდა, ყველაფერ ამას რა მოჰყვებოდა?
– საერთოდ, ვთვლი, რომ ზელენსკის ეს ღია პროვოკაციული წერილი, ესკალაციისთვის იყო გამიზნული. მას უკრაინელების ბედი რომ ანაღვლებდეს, იმ წერილს, მინიმუმ, არ დაწერდა. ლენინგრადის პორტზე დრონებით თავდასხმის საპასუხოდ, კიევის და უკრაინის სხვა დიდი ქალაქების ურბანულ რაიონებზე რომ მოხდებოდა „ორეშნიკებით“ დარტყმა, ფაქტი იყო და ალბათ, ხარჯი ხარჯიაო, იფიქრა ზელენსკიმ, მაინც მაგრად დაგვარტყამენ და ბარემ ამ წერილითაც წაილაზღანდარა და ცეცხლზე ნავთი დაასხა… ხოლო პუტინმა, სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნიდან საჯაროდ უპასუხა. კერძოდ, ფრონტის წინა ხაზზე მყოფ სამხედროებს მიმართა ემოციური სიტყვით: „იმუშავეთო“, ახლა თქვენ იცით, როგორ უნდაო ამ თავხედობაზე (ახსენა სიტყვა – Хамство) პასუხი!
– რას ნიშნავს „იმუშავეთ“?
– სლოგანი „იმუშავეთ, ძმებო“! („რაბოტაიწე, ბრაწია“!) – რუსეთში ძალოვანი უწყებების მამოძრავებელ ლოზუნგად მას შემდეგ იქცა, რაც ეს ფრაზა, დახვრეტის წინ, წარმოთქვა პოლიციის ლეიტენანტმა მაგომედ ნურბაგანდოვმა, რომელიც ჩრდილო კავკასიელმა მებრძოლებმა გაიტაცეს და მათი მოთხოვნების არშესრულების გამო ტყეში დახვრიტეს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო თავად „ბოლშევიკებმა“ გადაიღეს, რომელიც, შემდეგ რუსი სამართალდამცავების ხელში აღმოჩნდა და ინტერნეტით ვირუსულად გავრცელდა.
ისიც სათქმელია, რომ პუტინი ზელენსკის მიიჩნევს არალეგიტიმურ პრეზიდენტად, აქედან გამომდინარე, შეთანხმება თუ მოხდება ომის დასრულებაზე, დღის წესრიგში დადგება იურიდიული საკითხი: უკრაინის მხრიდან ვინ უნდა მოაწეროს დოკუმენტებს ხელი. აქვე მან (პუტინმა) აღნიშნა, რომ კიევის რეჟიმის მესვეურებმა და მათმა უცხოელმა მფარველებმა ჯერ უნდა მიიღონ რუსეთის პირობები და მერე მოიძებნება ხალხი, ვინც იურიდიულ დოკუმენტებს უკრაინის სახელით ხელს მოაწერს. ანუ ვლადიმერ პუტინმა კვლავ რუსეთის ულტიმატუმის (ანუ უსიტყვო კაპიტულაციის) განხილვისკენ მიუთითა ზელენსკის.
– თუ შიძლება შეგვახსენოთ, რას ითხოვს კრემლი ზელენსკისგან?
– ნატოში ან რომელიმე სხვა სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე სამუდამო უარს და ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, ოთხი ოლქის (დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის) და, ასევე, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში აღიარებას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის განსაზღვრას, დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას (ანუ ბანდერულ-ნაცისტური იდეოლოგიის აკრძალვა).
პუტინმა, ასევე, უარი განაცხადა მოლაპარაკებებში გერმანიის, ბრიტანეთის და საფრანგეთის ჩართვაზე, რადგან არ არიან ნეიტრალური და რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიანო. ერთი სიტყვით, აშკარაა, რომ ამ კონფლიქტში ერთადერთ მომლაპარაკებელ მხარედ კრემლი მხოლოდ აშშ-ს მოიაზრებს.
– რაც შეეხება ირანის კონფლიქტს, ისრაელი, რომელიც ამდენ ხანს ჩუმად იყო, ახლა გააქტიურდა და განაახლა დაბომბვა.
– ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა გვარდიის მეთაურმა, გენრალმა მოჰსენ რეზაიმ რამდენიმე დღის წინ CNN-თან განაცხადა, რომ თუ ომი გაგრძელდება და ირანის საზღვაო ბლოკადა არ მოიხსნება, კონფლიქტი გაფართოვდება ინდოეთის ოკეანემდე, ბაბ-ელ-მანდების სრუტემდე, წითელ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვამდე. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ომს ახალი განზომილება მიეცემა სხვა რეგიონებში არსებული აშშ-ის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმებით. მოჰსენ რეზაიმ ისიც თქვა, რომ ამ შემთხვევაში აშშ მნიშვნელოვნად უფრო დიდ ზარალს მიიღებს… მოკლედ, აქ ჩანს, რომ ირანს გარანტირებული აქვს სამიზნეების ზუსტი კოორდინატები და კოდები. როგორ გგონიათ, შემთხვევით გადაუხადეს ირანელი ხალხის სახელით მოსკოვში ვიზიტისას მადლობა ვლადიმერ პუტინს ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეშეზქიანმა და მთელ მსოფლიოში პოპულარულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ?.. ბალისტიკური რაკეტების ნაკლებობას ირანი ნამდვილად არ განიცდის.
– რას იტყვით ტრამპის განცხადებაზე, რომელიც ნეთანიაჰუს მისამართით გააკეთა? ვგულისხმობ: „ჩემთვის დიდი პატივი იქნება, პირადად შევხვდე აიათოლა მოჯთაბა ხამენეის“.
– აქ მართლაც რთულადაა საკითხი. პენტაგონმა ისრაელისგან მომდინარე სადაზვერვო საქმიანობის ჭარბი აქტივობის გამო, საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე აიყვანა და აღნიშნა, რომ ისრაელის სპეცსამსახურები აძლიერებენ ძალისხმევას აშშ-ის მაღალჩინოსნებზე ინფორმაციის შესაგროვებლად, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთზე, ირანთან ომზე შიდა განხილვების გასაგებად. ამერიკის სამხედრო დაზვერვის სააგენტომ (Defense Intelligence Agency, DIA) შეადგინა 7-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც აღწერილია კონკრეტული ინციდენტები და ისრაელის ადამიანური და ტექნიკური ჯაშუშობის შესაძლებლობები. ეს ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციასა და ისრაელის მთავრობას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე ხორციელდება ირანთან და რეგიონულ სამხედრო ოპერაციებთან გამკლავებასთან დაკავშირებით. მოკავშირეები ერთმანეთზე ყოველთვის ჯაშუშობენ, მაგრამ ისრაელის ბოლო ქმედებები ჩვეულებრივზე მეტია და უფრო აგრესიულია. მართალია, ისრაელმა და აშშ-მა ოფიციალურად უარყვეს ეს დაძაბულობა, თუმცა ყველამ იცის, „შეშლილი ნაბიჭვარი“ რომ უწოდა ტრამპმა ნეთანიაჰუს (ამოხვედი შენი ისრაელიანად ყელში, მთელ მსოფლიოში ეზიზღებითო) და ისიც, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ისრაელს აღარ ენდობა.
ფაქტია ისიც, რომ ომი ახლო აღმოსავლეთში კვლავ განახლდა, რაზეც სრულად იქნება პასუხისმგებელი ისრაელი. როგორც იცით, ახლახან, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილი დაბომბა. ლიბანური მედია იტყობინება გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ. ამავდროულად შეგახსენებთ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებდა 5 დღის წინ, რომ თუ ისრაელი დაბომბავდა ბეირუთს, ეს ომის სრულმასშტაბიან განახლებას გამოიწვევდა… ერთი სიტყვით, ყველაფერზე მიდის ისრაელი, რომ როგორმე კვლავ ჩაითრიოს ირანთან ომში ამერიკის შეერთებული შტატები.
მოგეხსენებათ, ბეირუთის დაბომბვის საპასუხოდ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, ანუ, როგორც უკვე ვთქვით – ომი განახლდა! ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ირანელი მოსახლეობა ზეიმით ეგებება ისრაელისკენ გაშვებულ რაკეტებს, რომლებმაც გაარღვიეს ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა, დაიბომბა ისრაელის ჩრდილოეთი ნაწილი. ნეთანიაჰუ საპასუხო დარტყმებით იმუქრება, მუქარას მუქარითვე პასუხობს თეირანიც. გადაიზრდება თუ არა ისრაელის მიერ პროვოცირებული კონფლიქტი კვლავ სრულმასშტაბიან ომში, ამას უახლოეს ხანში ვნახავთ.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ტრამპი არ ჩაერთვება ამ კონფლიქტში?
– ან თამაშია, ან აქ რაღაც ალოგიკური ხდება. გარედან ისე ჩანს, ვითომ გაწირეს ამერიკელებმა ისრაელი… ჟურნალისტ ბარაკ რავიდის ინფორმაციით, მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ არ გეგმავს მონაწილეობას ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ შესაძლო საპასუხო სამხედრო ოპერაციაში. წყაროს ცნობით, თუ ისრაელი გადაწყვეტს ირანზე დარტყმის განხორციელებას, ვაშინგტონი ამ მოქმედებაში პირდაპირ არ ჩაერთვება და სამხედრო მხარდაჭერასაც არ გასცემს. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მათი მიზანია რეგიონში ესკალაციის კონტროლი და პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების გაფართოების თავიდან აცილება. ცხადია, რომ ამ განცხადებას წინ უძღვის ირან-ისრაელს შორის მზარდი დაძაბულობა და სარაკეტო შეტევები, რამაც საერთაშორისო საზოგადოებაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შიში გააჩინა და რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-ს ისიც კი განუცხადა, რომ „ამჟამად უშუალოდ უკავშირდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს ირანის წინააღმდეგ საპასუხო სამხედრო მოქმედებებისგან.“ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის მე-12 არხთან აცხადებს: „მე ვუთხარი ნეთანიაჰუს, სჯობს ძალიან ფრთხილად იყო იმასთან, რასაც აკეთებ, რადგან შეიძლება მალე ირანის წინაშე მარტო დარჩე“. ტრამპი ასევე დასძენს: „ვფიქრობ, ირანი დაინტერესებულია შეთანხმების ხელმოწერით“. ამ ინფორმაციებით თუ ვიმსჯელებთ, თანდათან სულ უფრო საშიში ხდება ისრაელისთვის ტრამპი, აღარ ჰგავს მისი გამონათქვამები თამაშს და ჰოლოკოსტი მონაგონი იქნება, თუ მართლა დატოვა ირანთან ერთი-ერთზე, რას იზამს ნეთანიაჰუ, ატომს ისვრის? ისვრის და… დასრულდება ისრაელიც!
– იტალიის მთავრობამ წარმოადგინა კანონი, რომელიც სკოლებში კრძალავს სექსუალურ განათლებას. კანონპროექტი სენატმა ოფიციალურად დაამტკიცა.
– დიახ, ეს მართლაც აღსანიშნავი ფაქტია. თითქოს არაფერი, მაგრამ მარტივი არ იყო ლგბტ ევროპაში ამის გაბედვა. ლიბერალების აზრით, ალბათ, პრემიერი ჯორჯია მელონიც „პრორუსია“ ანდა „ჰომოფობი“. მოგეხსენებათ, კანონი სრულად კრძალავს სექსუალურ განათლებას საბავშვო ბაღებში, სკოლამდელ დაწესებულებებსა და სკოლის დაწყებით კლასებში, თუნდაც ამას ემხრობოდნენ მშობლები.
სკოლები კანონით ვალდებულნი ხდებიან, ოჯახებს გაუზიარონ ყველა სასწავლო მასალა და ინფორმაცია მოწვეულ გარე ექსპერტებზე გაკვეთილების დაწყებამდე სულ მცირე შვიდი დღით ადრე. როგორც მოსალოდნელი იყო, ლგბტქ+ ორგანიზაციებმა მკაცრად გააკრიტიკეს ახალი კანონმდებლობა და გააფრთხილეს, რომ ის იზოლაციაში აყენებს დაუცველ ახალგაზრდებს და საფრთხეს უქმნის სექსუალური უსაფრთხოების განათლებას.
ხედავთ, თანდათან ევროპელებიც მოდიან აზრზე და ღებულობენ იმ კანონებს, რომელიც ჩვენ უკვე მივიღეთ. იმედია, ასევე გაგრძელდება ევროპის საზოგადოების გამოფხიზლების პროცესი.
ირმა ცეცხლაძე