გიორგი სიორიძე – ჩვენ ვაპირებთ, „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული სარჩელი დანაშაულია.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ აბსურდული სარჩელით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ქვეყანაში ოპოზიცია გააქროს.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში, ანტიეროვნულ, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში, იმ ისტორიულ დანაშაულში, რომლის განხორციელებასაც ივანიშვილი ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით. მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდება სასამართლო პროცესები „ქართული ოცნების“ იმ აბსურდულ სარჩელზე, რომლითაც ივანიშვილი ცდილობს, ამ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია საერთოდ გააქროს, გააფორმოს დიქტატურა, რომლითაც ცდილობს „ქართული ოცნების“ ანტიეროვნული, ანტიდასავლური, პრორუსული პოლიტიკა კონსტიტუციურ ვალდებულებად გვიქციოს“, – აღნიშნა გიორგი სიორიძემ.