გიორგი შარაშიძე: არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ სხვა გადაწყვეტილება დადგება
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, „ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს აღნიშნული გადაწყვეტილება ფორმალურად გააფორმოს.„სასამართლომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი არათუ არ დააკმაყოფილა, არამედ უხეშად დაარღვია მოპასუხე მხარის უფლებები. ეს პროცესი ერთი ხელით იმართება – „ჩორჩანას საქმე“, გიორგი გახარიას წინააღმდეგ შეთითხნილი საქმე დაჩქარებული წესით განიხილეს და პროცესები შუაღამემდე გაგრძელდა იმ ერთადერთი მიზნით, რომ ჩორჩანის საქმის გადაწყვეტილებამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოუსწროს. ეს ადასტურებს, რომ არის ერთი ხელით მართული პროცესი და არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ სხვა გადაწყვეტილება დადგება“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის თაობაზე პროცესი განახლდა.
„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.