გიორგი ჯაყელი: გიყვარდეთ ბუნება, ჩვენ მისი ნაწილი ვართ
By

გიორგი ჯაყელი: გიყვარდეთ ბუნება, ჩვენ მისი ნაწილი ვართ

ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელსაც საუკუნეზე მეტი ისტორია აქვს, დღესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და ეკოლოგიური ცენტრია საქართველოში. აქ თავმოყრილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი უნიკალური მცენარეები, რომელთაც უვლიან და შეისწავლიან პროფესიონალები. როგორია დენდროლოგის საქმიანობა და რა მნიშვნელობა აქვს ბოტანიკურ ბაღს ბიომრავალფეროვნების დაცვაში? – ამაზე დენდროლოგი გიორგი ჯაყელი გვესაუბრება.

რას მოიცავს დენდროლოგის საქმიანობა და როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე ბოტანიკურ ბაღში?

– დენდროლოგის საქმიანობა მრავალმხრივია. ვიკვლევთ სხვადასხვა სახეობის ხეებსა და ბუჩქებს, მათ მორფოლოგიას, წარმოშობას, ეკოლოგიურ მოთხოვნებსა და ადაპტაციის უნარს. დენდროლოგი არჩევს, რომელი სახეობები დაირგოს და რომელი უზრუნველყოფს კოლექციის მეცნიერულ მნიშვნელობას. მცენარეებზე მუდმივი დაკვირვება აუცილებელია, რათა არ გამოგვეპაროს დაავადებები, საჭიროების შემთხვევაში კი დავიწყოთ მკურნალობა. საყურადღებოა ექსპერიმენტები და აკლიმატიზაცია, როგორ ეგუება სხვა რეგიონიდან წარმოშობილი სახეობა ახალ კლიმატს. მაგალითად, შეძლებს თუ არა კონკრეტული მცენარე ზრდას ადგილობრივ პირობებში. აუცილებელია მონაცემთა აღრიცხვა და სამეცნიერო დოკუმენტაციის შენახვა, სადაც წარმოდგენილია სახეობა, ასაკი, წარმოშობა, მოვლის ისტორია, რაც მნიშვნელოვანია როგორც მეცნიერებისთვის, ისე კონსერვაციისთვის. ჩემთვის ყოველი დღე განსაკუთრებულია, რადგან ბათუმის ბოტანიკური ბაღი ღია ლაბორატორია და საკვლევი ბაზაა, ყოველთვის შემიძლია ახალი რამ აღმოვაჩინო, ან დაწყებული თემა და საკითხი განვავითარო. მოკლედ, დენდროლოგი ბოტანიკურ ბაღში ერთდროულად არის მეცნიერი, პრაქტიკოსი მებაღე და მასწავლებელი. მისი მიზანია მცენარეთა შესწავლა, მრავალფეროვნების შენარჩუნება და გაზრდა.

რომელი მცენარეები ან ხეებია ბოტანიკურ ბაღში გამორჩეული და იშვიათი?

– ბათუმის ბოტანიკური ბაღი 114 წლისაა, გვაქვს იშვიათი და მრავალწლოვანი ეგზემპლარები, მათ შორისაა: დიდყვავილა მაგნოლიები, ევკალიპტები, არაუკარიები, კანარის პალმები, ციტრუსის მრავალი სახეობა და კამელიების უძველესი ჯიშები, ასევე წითელი ნუსხის მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთი, სადაც თავმოყრილია მსოფლიოში იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები. ვფიქრობ, ყველა სახეობა გამორჩეულია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოსისტემაში.

როგორ უვლით მცენარეებს და რა სირთულეებს აწყდებით?

– მცენარეების მოვლა, სუპტროპიკულ კლიმატში სეზონის შესაბამისად ხორციელდება, გამძლეობას და განვითარების შესაძლებლობას მცენარე პერიოდულად ავლენს. ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებული მცენარეების 90% სხვა რეგიონიდანაა შემოტანილი, ამიტომაცაა სახეობათა მრავალფეროვნება. მაქსიმალურად ვცდილობთ, შევუქმნათ ოპტიმალური გარემო, რათა ადაპტაციის პროცესი სრულად გაიარონ. პერიოდულად გვაქვს შედეგი, როდესაც მცენარეები ყვავილობენ, ნაყოფმსხმოიარობენ და გვაძლევენ თვითნათესებს.

რა როლი აკისრია ბოტანიკურ ბაღებდა როგორ ეხმარება თქვენი საქმიანობა ბიომრავალფეროვნების დაცვას?

– ბოტანიკური ბაღების როლი გენეტიკური კოდის გაზიარებაა სხვადასხვა რეგიონისთვის, რათა მცენარეები გამოვიყენოთ კვებითი და სამრეწველო მნიშვნელობით, სამკურნალო, ეროზირებული ნიადაგის გასამყარებლად, ქარსაცავი ზოლის და ზოგადად, მწვანე გარემოს შესაქმნელად. ბოტანიკური ბაღი გენეტიკური კონსერვაციის, ანუ დაცვის და შენარჩუნების ბაზაა, სადაც ინახება მცენარეები, რეგიონებში ურთიერთგაცვლითი ხასიათით, რათა მსოფლიო გენური ფონდი შენარჩუნდეს. ასევე, ბოტანიკური ბაღი ნებისმიერ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს საზოგადოებას და უწყობს ხელს მათ პოპულარიზაციას, მაგალითად, სხვადასხვა სტატიით თუ გამოფენით, საერთაშორისო კონფერენციებით.

როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება მცენარეებზე?

– ბათუმის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექცია ერთმანეთისგან განსხვავებული რეგიონიდანაა. ბოლო დროს კლიმატი საკმაოდ შეიცვალა, ყვავილობის და ნაყოფსხმოიარობის ვადებიც შეცვლილია მცენარეებისთვის. ზოგიერთი მცენარე სეზონურად ორჯერ ყვავილობს, რაც კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული, რადგან ზრდის და განვითარების რიტმი გაორმაგდა სეზონზე. პერიოდულად ცვალებადია გარემოც, რომელსაც ვაკვირდებით და ვსწავლობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საზოგადოების ინტერესია, რადგან, სამწუხაროდ, ცოტანი თუ არიან, ვინც ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს მცენარეს ადამიანისთვის. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ჟანგბადის წყაროა.

რა გიყვართ ყველაზე მეტად თქვენს პროფესიაში?

– ბუნებასთან კავშირი და ურთიერთობა, რაც სამყაროს აღქმისთვის საჭირო ცოდნას მაძლევს და მეხმარება თავი ჰარმონიულად მაგრძნობინოს. ძალიან გამიმართლა, რომ ამ გარემოში მიწევს საქმიანობა, რადგან ყველაფერი საზოგადოების კეთილგანწყობას და უკეთესი გარემოს შექმნას ემსახურება.

რომელი მცენარეა თქვენი ფავორიტი და რატომ?

– რთულია ერთი კონკრეტული მცენარის გამოყოფა, თუმცა შემიძლია გამოვარჩიო შიშველთესლოვანი წიწვოვნებიდან გვარი – ფიჭვები Pinus, ძალიან მიყვარს მათი გირჩები და წიწვები. ასევე, გამოვარჩევდი იტალიურ ფიჭვს Pinus pinea, რომელსაც დიდი გირჩი და თესლი აქვს, რაც საკმაოდ გემრიელია.

– ხომ არ გაიხსენებთ განსაკუთრებულ შემთხვევას თქვენს საქმიანობაში?

– ჩემთვის განსაკუთრებული შემთხვევებია მაშინ, როცა პირველად ვდებ შედეგს და ვიძენ ცოდნას, ამიტომ თითოეული გამოყვანილი და დარგული ხე დასამახსოვრებელია. მინდა ბევრი სიკეთე და სიხარული გისურვოთ ცხოვრებაში, გიყვარდეთ ბუნება, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

ნინი ჩხარტიშვილი

  • No Comments
  • აპრილი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *