„გოდოს მოლოდინში“ – მორიგი პრემიერა ბათუმის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „გოდოს მოლოდინში“ პრემიერა გაიმართა (სემიუელ ბეკეტის პიესის მიხედვით). მისი რეჟისორი გიორგი ჩაკვეტაძეა, მუსიკალური გაფორმება – ნათია სარაჯიშვილს ეკუთვნის, მხატვარი – გოგლა გოგიბერიძე, რეჟისორის თანაშემწე კი ელენე კომახიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ კახი კობალაძე (ესტრაგონი), დიმიტრი მელია (პოცო), სესე მიქავა, ვლადიმირი – ჯუმბერ კახიძე (ლაკი).
სემიუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“ ეპოქალური ნაწარმოებია, მისი ავტორი კი აბსურდის ჟანრის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია. რეჟისორი გიორგი ჩაკვეტაძე იმ თემას შეეხო, გულგრილს რომ არავის დატოვებს. სპექტაკლი გვაჩვენებს – რა ემართება კაცობრიობას, რომელიც მეორედ მოსვლის მოლოდინშია და ამას დასასრული არ უჩანს, წუთები ერთმანეთს ცვლის, კითხვები პასუხგაუცემელი რჩება, თუმცა იმედი მაინც არ ქრება. აბსურდის ჟანრის ეს ნაწარმოები მაყურებლის წინაშე ახალი ინტერპრეტაციით წარმოაჩინეს, მსახიობებმა სცენაზე შექმნეს სამყარო, სადაც თითოეულ სიტყვას, სიჩუმესა და პაუზას მნიშვნელობა აქვს, ხოლო ყოველი ეპიზოდი მაყურებელს საკუთარ თავთან დიალოგისკენ მოუწოდებს.
– ეს არ არის ჩვეულებრივი პიესა, ეს არის აბსურდული ჟანრის ერთგვარი ხედვა და მიმართულება. ცხადია, ამ აბსურდშიც ყველაფერი რეალურია. ნაჩვენებია რეალური ურთიერთობები ადამიანებს შორის. პიესა ადამიანის მარტოობაზეა, რომელიც თანდათან ივსება გარემოში, ბუნებაში. სულ ოთხი პერსონაჟია ამ პიესაში, ელოდებიან გოდოს და იმედი აქვთ, რომ მოვა, იგი აუცილებლად მოვა, – ამბობს რეჟისორი გიორგი ჩაკვეტაძე.

სპექტაკლის გმირები გოდოს ელოდებიან და დარწმუნებულნი არიან, რომ მისი მოსვლა მათ ცხოვრებას შეცვლის, თუმცა გოდო არ ჩანს. სწორედ ამ გაუთავებელ ლოდინში იკვეთება ნაწარმოების მთავარი იდეა – ადამიანის მუდმივი ძიება, იმედი და კითხვები, რომლებზეც პასუხის პოვნა ხშირად შეუძლებელია. მინიმალისტური სცენოგრაფიით დადგმული სპექტაკლი დატვირთულია სიმბოლური დეტალებით, განათება და მუსიკალური გაფორმება სპექტაკლის ემოციურ ატმოსფეროს კიდევ უფრო აძლიერებს.
– ეს გოდო ვინ არის, პერსონაჟებმა არც იციან ალბათ, ან იციან და არ ამბობენ. ყოველ შემთხვევაში, არ ჩანს პიესაში, ვინ არის გოდო და რატომ ელოდებიან. ალბათ, უკეთესი მომავალია გოდო. საკმაოდ ძნელი იყო ამ როლზე მუშაობა, რადგან აბსურდის ჟანრია და განსხვავდება სტანდარტული პიესებისგან. ოთხი კაცი ვდგავართ პატარა სცენაზე, მაყურებელიც, ასე ვთქვათ, ცხვირწინ გვიზის, ვერ მოიტყუებ… ყოველდღე დადიან ერთსა და იმავე ადგილას და გოდოს ელოდებიან. შემდეგ ორი პერსონაჟი ემატებათ, ისინიც ყოველ დღე მოდიან, ოღონდ თითქოს პირველად ხდება ეს ყოველივე, – ამბობს მსახიობი სესე მიქავა.
მსახიობები რთულ ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ ტექსტს ემოციებით აცოცხლებენ, თითოეული პერსონაჟი საკუთარი ხედვით წარმოაჩენს მარტოობას, შიშს, იმედს, მეგობრობასა და ადამიანის მუდმივ მოლოდინს, რაც პიესას დღესაც აქტუალურს ხდის.
– ესტრაგონის როლს ვასრულებ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო როლია. პიესაც საინტერესოა და იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა. ბატონმა გიორგიმ ძალიან კარგად წარმართა მუშაობა და პირადად მე ძალიან ნასიამოვნები ვარ. მგონი, რაღაც საინტერესო გამოგვივიდა. თითოეული პერსონაჟი განზოგადებულია. ეს პიესა არ არის მხოლოდ ერთ პიროვნებაზე. პერსონაჟები შესაძლოა მრავალი კუთხით დაინახოს ადამიანმა. თითოეული ჩვენგანი ხომ რაღაცას ელოდება ცხოვრებაში? ალბათ, ავტორსაც ამის თქმა სურდა, რომ ყველას საკუთარი მოლოდინები გვაქვს. ვიღაცას მეტნაკლებად უსრულდება ეს მოლოდონი, ვიღაცას – არა, – ამბობს მსახიობი კახი კობალაძე.

ბათუმის დრამატული თეატრი ახალი პრემიერით კიდევ ერთხელ აგრძელებს კლასიკური დრამატურგიის თანამედროვე ინტერპეტაციებით გაცოცხლების ტრადიციას. „გოდოს მოლოდინში“ იმ სპექტაკლებს მიეკუთვნება, რომლებიც მაყურებელს არა მხოლოდ სცენაზე განვითარებულ მოვლენებს აჩვენებს, არამედ საკუთარ ცხოვრებაზე, არჩევანზე, მოლოდინსა და მომავალზე დაფიქრების შესაძლებლობას აძლევს. საპრემიერო ჩვენებები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მარიამ ხითარიშვილი