„გრანდ მოდერნ სთარი“ საზეიმოდ დაიხურა
By

 „გრანდ მოდერნ სთარი“ საზეიმოდ დაიხურა

ბათუმის საზაფხულო თეატრში ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული, რიგით 22-ე სილამაზის, არტისტულობის, ტალანტების, რაინდულობისა და სამოდელო-სატელევიზიო კონკურსი „გრანდ მოდერნ სთარი“ გაიმართა, რომლის დამფუძნებელი და ორგანიზატორი კომპოზიტორი და მომღერალი გიორგი ბარამაშვილი გახლავთ.
5-დან 25 წლამდე გოგონები და 5-დან 15 წლამდე ვაჟები, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, სხვადასხვა ტიტულით დაჯილდოვდნენ: „აჭარის მის სტუდენტი“, „აჭარის რაინდი“, „აჭარის მის სკოლა“, “თამარ ქალი“, „მის და მისტერ ტალანტები“ და სხვა. მაყურებლის წინაშე შვილების საგულშემატკივროდ კონკურსანტების მშობლებიც (მათ შორის ბებიებიც) წარსდგნენ. გამოვლინდა „აჭარის მის დედა 2026“, ასევე, მათ გადაეცათ ტიტულები: „ჟიურის სიმპათია“, „მისის ტალანტი“ „მისის მომხიბვლელობა“ და სხვა. კონკურსი სრულად გააშუქა „ბათუმი ტვ“-მ. ღონისძიება მუსიკალური და სახალისო ნომრებით იყო გაფორმებული.
კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ: თავმჯდომარე – ტანსაცმლის ბრენდ „გოგა ნიქაბაძის“ გენერალური დირექტორი ია ნიქაბაძე, ატელიე „ლაბორატორიის“ დამფუძნებელი, დიზაინერი თეა მითაიშვილი, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, ჟურნალისტი და ხელოვანი გურანდა დოლიძე, დიზაინერი ნინო სურგულაძე, ბათუმის მერიის წარმომადგენელი ნათია ჩახვაძე, მომღერალი მერაბიკო დოლიძე, მის „გრანდ მოდერნ სთარი“ 2023-ის ტიტულის მფლობელი ლიზი რაზმაძე და გაზეთ „აჭარის“ ჟურნალისტი მარიამ ხითარიშვილი.
დაჯილდოების ცერემონიამ შესანიშნავად ჩაიარა, იყო ბევრი ემოცია, სითბო და აპლოდისმენტი. მაყურებელმა დარბაზი დადებითი ემოციებით დატოვა.

– ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კონკურსანტების გამოსვლის რეპეტიციები 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ მცირე დროის გათვალისწინებით, მგონი, მაქსიმალური მოვახერხეთ. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, ბავშვებმა მშვენივრად გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებას. მხოლოდ იმით ვრჩები უკმაყოფილო, რომ ძალიან მალე მთავრდება ეს ყველაფერი და შემდეგ დგება მონატრების პერიოდი. აღსანიშნავია, რომ აჭარაში პირველად „მის დედა 2026“ გამოვავლინეთ. ჯამში, შვილების მხარდასაჭერად, კონკურსში 9 მშობელმა მიიღო მონაწილეობა, რაც სასიხარულოა. ახლო მომავალში მორიგი კლიპის „შენ ხარ ჩემი საქართველო“ გადაღებას ვგეგმავ. შინაარსობრივად, მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებაზე იქნება აგებული და ვფიქრობ, ძალიან ეფექტური გამოვა. კლიპში მსახიობები, რა თქმა უნდა, ჩემი კონკურსანტები და მშობლები იქნებიან. ინტერესი და სურვილი დიდია, შესაბამისად, მათი იმედი ნამდვილად მაქვს, – გვითხრა გიორგი ბარამაშვილმა.

– ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი კონკურსები. ეს იყო შოუ, რომლითაც ყველამ გაიხარა. გიორგი ბარამაშვილისგან ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიღებ შემოთავაზებას, ვიყო ჟიურის წევრი. ძალიან საინტერესო და განსხვავებული ბავშვები იყვნენ ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ძალიან ლამაზები და რაც მთავარია, ნამდვილ მსახიობებად იზრდებიან. ეს კონკურსი მხოლოდ სილამაზის არ ყოფილა, გამოვავლინეთ „მის არტისტულობა“, „მის ელეგანტურობა“, ასევე, „ხალხის რჩეული“, – გვითხრა ჟიურის წევრმა გურანდა დოლიძემ.

– ჩემი შვილი ამ კონკურსში მე-9 წელია, რაც მონაწილეობს. წლიდან წლამდე იზრდება, უყალიბდება ხასიათი, შეხედულებები, შესაძლებლობები. . . ყველა ბავშვისთვის ეს არის დიდი დღესასწაული და ამ კონკურსიდან გულნატკენი არავინ მიდის. ცხადია, ეს ყველაფერი ბატონი გიორგის დამსახურებაა. ის მაქსიმალურად ცდილობს, ფესტივალი მეგობრული იყოს. შვილის მხარდასაჭერად სიმღერაც შევასრულე და „მისის ტალანტის“ ტიტული დავიმსახურე. მოკლედ, ჩვენც გავიზარდეთ ამ ბავშვებთან ერთად და უზომოდ ბედნიერი ვარ, – გვითხრა კონკურსის მონაწილე ინგა ლორთქიფანიძემ.

– ჩემი 13 წლის შვილიშვილი მარიამ დოლიძე მონაწილეობდა ამ კონკურსში და მის მხარდასაჭერად მშობლების ტურში მეც მივიღე მონაწილეობა. 60 წლის გახლავართ, ცოტა ბებერი ვარ (იცინის), მაგრამ მიუხედავად ამისა, ნომინაცია „ჟიურის სიმპათია“ დავიმსახურე. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. ვფიქრობ, მსგავსი კონკურსების ჩატარება აუცილებელია, რადგან ბავშვი ეჩვევა ხალხთან ურთიერთობას, სიარულის მანერას, კულტურას. . . ყველას მოვუწოდებ, თუ აქვთ საშუალება და შანსი, არ გამოტოვონ ეს პროექტი, – გვითხრა კონკურსის მონაწილე ნატო ნინიძემ.

– ძალიან მომეწონა კონკურსი, ახლახან 5 წლის გავხდი და „ფესტივალის მარგალიტის“ წოდება დავიმსახურე. ლამაზი კაბა მეცვა და ძალიან გამიხარდა სცენაზე გამოსვლა. ბევრი ყვავილებიც მაჩუქეს, – გვითხრა კონკურსის მონაწილე ელა ერდემჯიმ.

– ეს კონკურსი ჩემთვის პირველი გამოცდილება არ ყოფილა, მეოთხედ ვმონაწილეობ. „გრანდ მოდერნ სთარი 2026“-ის ტიტული მივიღე და ძალიან მიხარია. ყოველ წელს, გამოსვლამდე ცოტათი ვნერვიულობ, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი კარგად მთავრდება, – გვითხრა კონკურსის მონაწილე ანასტასია ხომერიკმა.

– ძალიან კმაყოფილი და გახარებული დავრჩი, როცა დარბაზში ჩემი ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დავინახე, აღარ ვნერვიულობდი. პირველად მივიღე ასეთ კონკურსში მონაწილეობა და „გრანდ მოდერნ სთარი 2026“ გავხდი. სამომავლოდაც, თუ ეს კონკურსი ჩატარდება, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, – გვითხრა კონკურსის მონაწილე ზუკა შავაძემ.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *