გრიგოლ გეგელია – ნებისმიერი პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ჯარს დაადანაშაულებს ომის დანაშაულებში, არის ან სულელი, ან მოღალატე
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე და აღნიშნა, რომ მისთვის ბარამიძის განცხადება მიუღებელია.
„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ქართველი ჯარისკაცები, ქართული ჯარი და ქართული სახელმწიფო იქნეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის რომელიმე ეპიზოდში დადანაშაულებული იმ ომის დანაშაულებში, რაც არ ყოფილა ჩადენილი. მე არ ვაპირებ, ჩემთვის უინტერესო კერძო პირების პატრიოტიზმის და ანტირუსული თუ პრორუსული განწყობების შეფასებაში შესვლას, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, მნიშვნელოვნად მივიჩნევ, ვთქვა, რომ ნებისმიერი მხარე, ნებისმიერი პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ჯარს დაადანაშაულებს ომის დანაშაულებში, არის ან სულელი, ან მოღალატე. ასეთი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ, არაერთი გვახსოვს“, – განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის: ,,ენმ“-ის წევრმა გიორგი ბარამიძემ იაგო ხვიჩიას გადაცემა ,,საქართველოს დაბადებაში“ განაცხადა, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ხვრეტდნენ“.