გრიგოლ გეგელია: პოლიტიკური პარტიების გაუქმება მისი ამომრჩევლის პოლიტიკური ნების გაუქმებას ნიშნავს
By

გრიგოლ გეგელია: პოლიტიკური პარტიების გაუქმება მისი ამომრჩევლის პოლიტიკური ნების გაუქმებას ნიშნავს

„ძლიერი საქართველო – ლელო“ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა შესაძლო მექანიზმი ქართული დემოკრატიის დასაცავად და გადამწყვეტი ზომები მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმისა და პროევროპული პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შესაჩერებლად. პარტიის წევრ გრიგოლ გეგელიას  თქმით, პარტია ინტენსიურად მუშაობს მოქალაქეთა ინტერესებისა და არჩევანის უფლების დასაცავად და ამ მიზნით ოფიციალური საგარეო კომუნიკაციით მიმართავს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ინსტიტუტებს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას.
„ოფიციალურად მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ იმოქმედონ და მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რათა არ დაუშვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიის, პლურალიზმისა და პროევროპული პოლიტიკური პარტიების დასამარება. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლით, საერთაშორისო პრაქტიკითა და გამოცდილებით დადგენილი ყველა ზომა და ნაბიჯი, რათა გაიზარდოს ზეწოლა ამ გარედან თავს მოხვეულ ანტიქართულ რეჟიმზე და დაცული იქნეს თავისუფლების და მშვიდობისმოყვარე ქართველი ხალხის ინტერესები.
დღეს მიმდინარე პროცესი არის რუსული რეჟიმის თავდასხმა სრულიად ქართველ ერზე, რადგან პოლიტიკური პარტიები ასახავენ ამ ერის, ქართველი ერის, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას – ასობით ათასი და, ჯამში, მილიონზე მეტი ქართველის არჩევანს. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის გაუქმება ნიშნავს არა მხოლოდ პარტიის გაუქმებას, არამედ მისი ამომრჩევლის მიერ გამოხატული პოლიტიკური ნების გაუქმებას, უარყოფას და, როგორც მინიმუმ, ერის ნახევრის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას.
ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები მოწმობს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს, მის ევროპულ მომავალს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ბრძოლაში ისინი ამ მხარდაჭერის სიტყვებს აქცევენ რეალურ ქმედით დახმარებად, რადგან დღეს საქართველო იმყოფება ჰიბრიდული თავდასხმის ქვეშ და საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი მხარდაჭერა არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი და უფრო კრიტიკული, ვიდრე დღეს“, – აღნიშნა გეგელიამ.
გრიგოლ გეგელიამ განცხადების დასასრულს „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებსაც მიმართა და მოუწოდა, გააცნობიერონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც, მისი შეფასებით, ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე ეკისრებათ.

  • No Comments
  • ოქტომბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *