„დათო ის ადამიანია, ვისთანაც სიმღერა გიხარია“
By

„დათო ის ადამიანია, ვისთანაც სიმღერა გიხარია“

დავით გველესიანი – 60

 

„მეგობრებთან ერთად“ – ასე ეწოდებოდა  ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ საღამოს, რომელიც მომღერლის, პედაგოგის, აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ  „ბათუმისა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი – თემურ დოლიძე, დირექტორი – ჭაბუკა სურმანიძე)  და სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ   ანსამბლ „რუსთავის“  (სამხატვრო ხელმძღვანელი – მიშო ჯავახიშვილი) სოლისტ დავით გველესიანის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ღონისძიებაზე ფართოდ წარმოჩნდა მუსიკოსის მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობა, ქართული მრავალხმიანი სიმღერის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი გამორჩეული წვლილი.
საღამოზე  ხალხური, ქალაქური და საესტრადო ჟანრის მუსიკალური ნომრები შესრულდა. პროგრამის ფარგლებში კარგად ცნობილი პოლიფონიური სიმღერები, ცნობილი ქართველი კომპოზიტორების პოპულარული კომპოზიციები გაჟღერდა.
შემოქმედებით საღამოში, აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმთან“  ერთად, ადგილობრივი და მოწვეული  ხელოვანები მონაწილეობდნენ, რომელთა შორის იყვნენ ეკა მამალაძე,  თემურ ყვითელაშვილი, რომა რცხილაძე,  მანანა თოდაძე,  მიშო ჯავახიშვილი,  ზაზა მარჯანიშვილი, ბესო კალანდაძე,  ერეკლე საღლიანი, რუსუდან მუმლაძე, ია ბედოშვილი… საღამოს რეჟისორი გოჩა კაპანაძე გახლდათ. საიუბილეო ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს,  პირადად მინისტრ ელისო ბოლქვაძის, მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილის  მხარდაჭერითა და მომღერალ ჭაბუკა სურმანიძის ინიციატივით  გაიმართა. ღონისძიება გია ბაღაშვილს მიჰყავდა, რომელიც დროდადრო შეკრებილთ  გამორჩეული ნიჭის, იშვიათი პროფესიონალიზმით დაჯილდოებულ, ნაყოფიერი შემოქმედებითი გზით გამორჩეულ ხელოვანზე უყვებოდა.

– ის ხელოვნებაში დიდი წვლილის შემტანი მომღერალია და მის პოპულარიზაციას ეწევა  როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და ყველაფერ ამას უაღრესად მაღალ დონეზე აკეთებს. დავითი გამორჩეულია თავისი მრავალხმიანობით, არაერთი მიმართულების, ჟანრის მსახური გახლავთ. უბრწყინვალესი პროფესიონალია, უმაღლესად ასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებს. თითქმის 30 წელია,  აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“  სოლისტია,  ხოლო 40 წელია, გახლავთ სახელოვან ანსამბლ „რუსთავის“  სოლისტი. 80-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა და  უცხოელი მსმენელის წინაშე წარსდგა. მის მიერ ხალხური სიმღერის შესრულება  უმაღლესი სტანდარტია. ჩინებული პროფესიონალია კლასიკური მიმართულებითაც – ბრწყინვალედ მღერის  ქართველ  კომპოზიტორთა საესტრადო ჟანრის ნაწარმოებებს, არის შესანიშნავი გიტარისტი, ის ანსამბლურობაშიც გამორჩეული  მომღერალია. მის ასეთ დიდ ოსტატად ჩამოყალიბებაში არაერთი პიროვნება მონაწილეობდა, რამაც დავითის შემოქმედებაში უდიდესი კვალი დატოვა. მათ შორის უპირველესია  ქეთევან შინდაგორიძე, რომელმაც, როგორც  დათო ამბობს, შიგნიდანაც „ჩოხა ჩააცვა“. რა თქმა უნდა, ვინც მის შემოქმედებას მადლი სცხო და არა მხოლოდ მის, არამედ მთლიანად ანსამბლ „ბათუმს“, ეს თემურ ქევხიშვილია.  16 წლის ასაკში მას შეხება ჰქონდა ლოტბარ რობერტ გოგოლაშვილთან, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა დათოს,   როგორც პიროვნების, ისე შემსრულებლის ჩამოყალიბებაში. ქართული კულტურის ისტორიაში შეუფასებელი ღვაწლი მიუძღვის ქართული ფოლკლორის უდიდეს მოამაგე ანზოს ერქომაიშვილს. როცა, 1985 წელს, საქართველოს ხელიდან გამოგვეცალა  უდიდესი მომღერალი,   –  ქართული ხალხური სიმღერის სიმბოლო ჰამლეტ გონაშვილი,  მისი პარტიების შემსრულებელი უნდა შეერჩიათ და… ანზორ ერქომაიშვილმა დათო შეარჩია, – აღნიშნა გია ბაღაშვილმა.

დავით გველესიანზე ისაუბრა მიშო ჯავახიშვილმა:

– მუსიკალური საზოგადოება დღეს ამაყია, რადგან ჩვენთან ერთად არის, ქართულ და ასევე მსოფლიო სცენას ჰყავს დათო გველესიანი.  ანზორ ერქომაიშვილი რომ ახლა სცენაზე მდგარიყო, ვიცით, რა შეფასებას გააკეთებდა…. თუმცა რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, როცა  ანსამბლ „რუსთავში“  ჰამლეტ გონაშვილის შემცვლელია… მისი გარდაცვალების შემდეგ, სწორედ მისი „ტემბრალური ფერი“ იყო  საჭირო  ანსამბლისთვის. ის  ზუსტად 40 წელია ანსამბლის შემადგენლობაშია არა მარტო როგორც გამორჩეული სოლისტი, არამედ როგორც გამორჩეული  მუსიკალური მოაზროვნე. მადლობა მინდა მას გადავუხადო ანსამბლ „რუსთავის“ სახელით, იმ დიდი შემოქმედებისთვის  და ღვაწლისთვის, რომელიც მან არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს გაუზიარა „რუსთავის“ შემადგენლობაში ყოფნის დროს. რა  თქმა უნდა, ის ამ ნაყოფიერ შემოქმედებას  დღესაც აგრძელებს და დღევანდელი თაობა ბედნიერია, რომ ამ დიდებულ პიროვნებასთან და  შესანიშნავ შემოქმედთან – დავით გველესიანთან ერთად დგას სცენაზე. მადლობა ანსამბლ „ბათუმს“, რომლის განუყოფელი ნაწილია დათო გველესიანი. დარწმუნებული ვარ, მის ნამღერზე თაობები გაიზრდებიან, ის არის ჩვენი ქვეყნის და კულტურის დიდი სიმდიდრე.

საღამოზე  სითბოთი და სიყვარულით გაიხსენეს ანსამბლ „ბათუმის“ დამაარსებელი, აწ განსვენებული ნოდარ სურმანიძე, რომელსაც   „ბათუმმა“  სიმღერა „წუთისოფელი“  მიუძღვნა.
დათო გველესიანი თავის გამოსვლაში გია ყანჩელს, ჯანსუღ კახიძეს, ალეკო ხომერიკს, ოთარ რამიშვილს….  მოეფერა, რომლებთან  ურთიერთობამაც  მომღერალს მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრი რამ ასწავლა.

გია ბაღაშვილმა სცენაზე საღამოს იდეის ავტორი ჭაბუკა სურმანიძე მოიწვია:

– გულითადად ვულოცავ ჩემს ერთგულ მეგობარს, გამორჩეულ ხელოვანს, დავით გველესიანს დაბადებიდან 60 წლის იუბილეს. გულწრფელ მადლობას ვუხდი აჭარის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძეს, მოადგილეებს – ლადო მგალობლიშვილსა და ირმა აბულაძეს, ზაურ ახვლედიანს, სამინისტროს თითოეულ წარმომადგენელს. ბრწყინვალედ ორგანიზების, მაღალი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის წყალობით, შთამბეჭდავად და წარმატებით ჩატარდა დიდი ქართველი ხელოვანის  დავით გველესიანის საიუბილეო საღამო. დათო გველესიანის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა წარმატებით, თავდაუზოგავი შრომითა და ხალხის უსაზღვრო სიყვარულით არის გამორჩეული. მრავალი წლის განმავლობაში იგი საუკეთესო ანსამბლების  ღირსეული წევრი იყო და არის.  თავისი გამორჩეული ნიჭით, ოსტატობით, პროფესიონალიზმით ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სიმბოლურიცაა, რომ დიდი ჰამლეტ გონაშვილის შემდეგ, უდიდესმა ხელოვანმა ანზორ ერქომაიშვილმა სწორედ მას მიანდო ანსამბლ „რუსთავში“ გონაშვილის მიერ შესრულებული სიმღერების გაგრძელება. ეს უდიდესი ნდობის, მაღალი პროფესიონალიზმისა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ნათელი დადასტურებაა. დღეს დათო გველესიანი ანსამბლ „ბათუმის“ ღირსეული წევრია. მასთან ერთად, როგორც სცენურ პარტნიორთან, სიმღერა, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი, სიხარული და განსაკუთრებული ბედნიერებაა. ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, შემოქმედებით აღმავლობას. დაე, მუდამ თან ახლდეს ის სიყვარული, პატივისცემა და აღიარება, რომელსაც წლების განმავლობაში ასე ღირსეულად იღებს მსმენელისგან. ის ბრწყინვალე პიროვნება და უდიდესი მომღერალია, თავმდაბლობით, ღირსებითა  და სიყვარულით გამოირჩევა. დათო ის ადამიანია, ვისთანაც სიმღერა გიხარია, – აღნიშნა ჭაბუკა სურმანიძემ.

საღამოზე აჩვენეს ვიდეოჩანაწერები, სადაც  დათო გველესიანის და ანზორ ერქომაიშვილის ურთიერთობაა ასახული. დიდი ლოტბარი დათო გველესიანზე ძალიან თბილად საუბრობს. აქვე ვიტყვით, რომ დავით გველესიანმა სტაჟირება ვოკალის განხრით იტალიაში გაიარა. პოეტმა ერეკლე საღლიანმა იუბილარს  ლექსი მიუძღვნა, რომელიც თავადვე წაიკითხა.

დავით გველესიანმა საღამოზე შვილთან, ანდრია გველესიანთან ერთად იმღერა, რომელსაც დარბაზი ასევე გულთბილად შეხვდა. . .

– ეს საღამო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად დარჩება ჩემს ცხოვრებაში. უღრმესი მადლობა ბათუმელ მსმენელს – უთბილეს ადამიანებს, აჭარის კულტურის სამინისტროს, ყველა მონაწილეს… დღეს ბათუმში   ქართული საშემსრულებლო ხელოვნების თანვარსკვლავედი ჩამოვიდა, ჩვენს გულებს შორის კავშირი შედგა, რაც ძალიან  მათბობს და მახარებს, – თქვა „აჭარასთან“ დავით გველესიანმა.

აჭარის კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ლადო მგალობლიშვილმა დავით გველესიანს იუბილესთან დაკავშირებით მინისტრ ელისო ბოლქვაძის მილოცვა და ეროვნული კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

 

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ივლისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *