დაკარგული თაობის ხმა – „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“
ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრის დასმა კიდევ ერთი საინტერესო სპექტაკლი „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ წარმოადგინა, რომელიც ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დაიდგა. დრამატულ ნაწარმოებში ასახულია ომის შემდგომი თაობის მორალური კრიზისი, ნიჰილიზმი, თაობათა შორის კონფლიქტი და ახალგაზრდების დაპირისპირება არსებულ რეჟიმთან.

– ოთხმოცდაათიან წლებში უიმედობა და მომავლის არქონის შიში ყველა ადამიანს ჰქონდა, თუმცა იყო იმედის ნაპერწკალიც, რომელსაც ახალგაზრდა თაობაში ვხედავდით. მათ უნდა შეექმნათ უკეთესი რეალობა. მიუხედავად იმისა, რომ პიესის შექმნიდან დიდი დრო არ გასულა, მაინც საოცარი სიზუსტით გამოხატავს დღევანდელობას. ამ სპექტაკლით კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 9 აპრილის ტრაგედია, რომელიც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, – გვითხრა რეჟისორმა როინ დვალმა.
– სასიამოვნოა, რომ ამ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა. ეს ჩემი მესამე როლია, რომელზეც საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა დამჭირდა. ვფიქრობ, საინტერესო იყო მასზე მუშაობა, რადგან პერსონაჟი რეალურად საერთოდ არ მგავდა, საშუალება მომეცა, მეთამაშა ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი. საბოლოოდ, კარგი სპექტაკლი გამოვიდა, ჩემს შესრულებაზე ვერაფერს ვიტყვი, მაყურებელმა განსაჯოს, – გვითხრა მსახიობმა ლაშა მიქაშავიძემ.

– ახალგაზრდა მსახიობებმა ბუნებრივად გადმოსცეს თავიანთი სათქმელი, ნამდვილად არ ველოდი ასეთ შესრულებას. სევდა მომგვარა იმან, რომ მართლაც მინდა არსებობდეს ისეთი საქართველო, რომელიც მთავარი გმირის – ნიას სამყაროშია, იმედია, ერთ დღეს ასეც იქნება, – გვითხრა მაყურებელმა ნაირა შაინიძემ.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: ანრი კეკელიძე, ლუკა შავლიძე, ელენე გორგილაძე, ანი ქათამაძე, მარიამ კახიძე, ნოკო მირცხულავა, ლაშა მიქაშავიძე, ვანო ნაცვალაძე, გიორგი ჯაყელიძე.

ნინი ჩხარტიშვილი