დასავლეთ საქართველოს მერების რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისა და ქალთა და კაცთა თანასწორობის პოლიტიკის მხარდაჭერის მიზნით, 21-22 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს მერების რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი პროექტის – „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ – ფარგლებში გაიმართა. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მერიის ინფორმაციით, ორდღიან სამუშაო შეხვედრას დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან ერთად, საქართველოს პარლამენტისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებასა და მუნიციპალიტეტებში ქალთა და კაცთა თანასწორობის პოლიტიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შედეგად მუნიციპალიტეტებში მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრის ფარგლებში, სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებითაც ისაუბრეს, რომელიც ადგილობრივ დონეზე თანასწორობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას, ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს აერთიანებს.
სამუშაო შეხვედრა მონაწილეთა შემაჯამებელი დისკუსიითა და დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრით დასრულდა.