დრო, ემოცია და ერთი შეჩერებული წამი…
By

დრო, ემოცია და ერთი შეჩერებული წამი…

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ მომენტებში იმაზე მეტს ხედავენ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ამჩნევენ შემთხვევით მზერას, შეუმჩნეველ ჟესტებს და იმ ემოციებს, რომელთა სიტყვებით გადმოცემა არც ისე მარტივია. სალომე ახალაძე ერთ-ერთი მათგანია. ფოტოგრაფია მისთვის ადამიანების გაცნობის, მათი ისტორიების მოსმენისა და შთაბეჭდილების შენახვის შესაძლებლობაა. ამბობს, რომ სამყაროს „მშვენიერ სევდად“ აღიქვამს, ისეთ სევდად, რომელიც ერთდროულად გაღიმებს, გაფიქრებს, ჭრილობებსაც გიხსნის და ბედნიერსაც გხდის. მისი, როგორც ფოტოგრაფის, ისტორია რეჟისურის ფაკულტეტზე ერთი ნათხოვარი ფირის კამერით დაიწყო. მას შემდეგ კამერის ობიექტივში სულ უფრო ხშირად აღმოაჩენს იმას, რასაც ყოველდღიურობაში შესაძლოა, ყურადღება არც მივაქციოთ. მისთვის განსაკუთრებით ძვირფასია სპონტანური, ნამდვილი ემოციები და ის ამბები, რომლებსაც ფოტოკამერის დახმარებით თითქოს მარადიულობას ანიჭებს.
საინტერესოა, იმ ადამიანის სულიერ სამყაროში შევიხედოთ, რომელიც ამდენ ისტორიას ინახავს, მით უმეტეს, რომ კამერის წინაც აღმოჩნდა – მსახიობის ამპლუა მოირგო.
– სალომე, როდის დაინტერესდით ფოტოგრაფიით და რა იყო პირველი მიზეზი, რამაც ამ სფეროსკენ გიბიძგათ?
– რეჟისურაზე ვსწავლობდი და ერთი სემესტრი ფოტოხელოვნებას გავდიოდით. კამერა არ მქონდა და დავალების შესასრულებლად ჩემმა ლექტორმა ფირის კამერა მათხოვა. ეს იყო ჩემი პირველი შეხება კამერასთან. მაშინ აღმოვაჩინე, რამდენად საინტერესოა კადრით ამბის მოყოლა, განწყობის შექმნა, მომენტის დაჭერა.

– როგორ ახერხებთ, რომ თქვენი ფოტოებით საკუთარ ხედვასაც გამოხატავთ და იმ ადამიანებისა და ადგილების ისტორიებსაც, რომლებსაც იღებთ?
– გადაღებისას, პირველ რიგში, ვცდილობ, ადამიანი გავიცნო, დავაკვირდე მის ხასიათს, ემოციებსა და იმ გარემოს, რომელშიც ვიღებთ. არ მიყვარს ზედმეტად დადგმული და ხელოვნური მომენტები. მირჩევნია, შევქმნა ისეთი გარემო, სადაც ადამიანი თავს კომფორტულად იგრძნობს და შეძლებს, ბუნებრივად გამოხატოს საკუთარი თავი.
– ყოფილა ისეთი კადრი, რომლის გადაღების შემდეგ თავადაც გაოცებულხართ მიღებული შედეგით?
–
კი, ასეთი მომენტები ყოფილა. ხშირად, გადაღების დროს, იმდენად ვარ პროცესში ჩართული, რომ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, რა გამოვიდა, ფოტოების შერჩევისა და შემდგომი დამუშავებისას კი აღმოვაჩენ ხოლმე ისეთ კადრებს, რომლებშიც ემოციური და ვიზუალური ღირებულება უფრო მკაფიოდ იკვეთება.

– რას ეძებთ კადრში – სილამაზეს, ემოციას თუ იმ წამს, რომლის გამეორებაც შეუძლებელია?
– კადრში, პირველ რიგში, ვეძებ ემოციას და ნამდვილობას. სილამაზეც მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ ესთეტიკურად გამართული ფოტო ჩემთვის საკმარისი არ არის, თუ ის ამბავს არ ყვება. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის წამები, რომლებიც ბუნებრივად იბადება: მზერა, ჟესტი, ურთიერთობა, მცირე დეტალები. რეალურად, ასეთი მომენტები ქმნის ფოტოს ინდივიდუალურობას და აქცევს მას ისტორიად. საბოლოოდ, მინდა, ჩემი ფოტოები არა მხოლოდ ვიზუალურად სასიამოვნო იყოს, არამედ გარკვეულ განცდას იწვევდეს და მაყურებელს რაღაცას უყვებოდეს.
– შეიძლება თუ არა, ფოტომ გადმოსცეს ის ემოცია, რომლის სიტყვებით გამოხატვაც რთულია?
– ცხადია. ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სწორედ ეს არის – გადმოსცეს ის, რისი სიტყვებად გარდაქმნაც ზოგჯერ რთულია. ფოტოს შეუძლია, შეინახოს არა მხოლოდ ადამიანის გარეგნობა, არამედ მისი შინაგანი მდგომარეობა, ხასიათი, სიხარული, მონატრება თუ სევდა.

– რამდენად ხშირად ხედავთ სამყაროს ისე, როგორც მას თქვენი ობიექტივი აღიქვამს?
– ვფიქრობ, საკმაოდ ხშირად. ფოტოგრაფია დროთა განმავლობაში ხედვის უნარს ცვლის. იწყებ იმ დეტალების შემჩნევას, რომლებსაც ყოველდღიურობაში შეიძლება ყურადღება არც მიაქციო: სინათლის დაცემას, ჩრდილებს, ფერების ურთიერთობას, ადამიანების ჟესტებსა და შემთხვევით მომენტებს. ხშირად აღმოვაჩენ, რომ საინტერესო კადრი სულაც არ საჭიროებს განსაკუთრებულ გარემოს ან დადგმულ სცენას. ზოგჯერ ყველაზე ჩვეულებრივ სიტუაციაშიც არის რაღაც გამორჩეული, თუ მას ყურადღებით დააკვირდები. ალბათ სწორედ ეს არის ფოტოგრაფიის გავლენა ჩემზე. ვისწავლე, ყოველდღიურობაში უფრო მეტი დავინახო და ჩვეულებრივ მომენტებში განსაკუთრებული დეტალები აღმოვაჩინო.
– თქვენთვის ფოტოგრაფია მომენტების შენახვაა თუ მოგონებებისთვის უკვდავების მინიჭება?
– ორივეა, თუმცა უფრო მეტად მოგონებებისთვის დროის მიღმა არსებობის შესაძლებლობის მინიჭებაა. მომენტი მხოლოდ წამით გრძელდება, მაგრამ ფოტოს შეუძლია, ის წლების შემდეგაც გააცოცხლოს. ფოტო მხოლოდ ვიზუალური მოგონება აღარ არის, მასთან ერთად ბრუნდება ემოცია, გარემო, ადამიანების ხმა, ურთიერთობები და ის განცდები, რომლებიც იმ კონკრეტულ პერიოდს უკავშირდება.
– არსებობს ფოტო, რომელსაც დღესაც რომ უყურებთ, იმ მომენტში ბრუნდებით და იმავე ემოციას განიცდით?
– კი. ბავშვის დაბადება გადავიღე, ქალის ფიზიოლოგიური მშობიარობა. მთელი ამ პროცესის განმავლობაში მასთან ვიყავი და ეს იყო სიყვარულის, სიძლიერის, თავდადების, სიმტკიცისა და გამბედაობის უზენაესი გამოხატულება.

– როგორ ფიქრობთ, ლამაზი კადრი უფრო მეტად იღბლის შედეგია თუ ფოტოგრაფის განსაკუთრებული ხედვის?
– ლამაზი კადრი ფოტოგრაფის ხედვის, გამოცდილებისა და, გარკვეულწილად, იღბლის ერთობლიობაა. იღბალმა შეიძლება განსაკუთრებული მომენტი შეგახვედროს, თუმცა მისი შემჩნევა და სწორად აღბეჭდვა ფოტოგრაფის ხედვაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია იცოდე, როდის და საიდან დაინახო, როგორ გამოიყენო სინათლე, კომპოზიცია და გარემო. ზოგჯერ ყველაზე გამორჩეული კადრები სპონტანურად იბადება, თუმცა ამ სპონტანურობაშიც ფოტოგრაფის გამოცდილება და პროფესიული ინტუიცია დიდ როლს თამაშობს.
– რა არის ის, რასაც თქვენს ფოტოებში ყოველთვის ეძებთ, მაგრამ სიტყვებით ვერ გადმოსცემთ?
– ჩემს ფოტოებში წინასწარ არაფერს ვეძებ და არც კონკრეტული ემოციის შექმნას ვცდილობ. უბრალოდ, ვაფიქსირებ იმ წამს, რომელიც ჩემში ემოციას იწვევს.
– საინტერესოა, თავად ფოტოგრაფი როგორ ხედავს სამყაროს, რომელსაც სხვებისთვის ასე ლამაზად აღბეჭდავს?
– სამყაროს ვხედავ მშვენიერ სევდად. სევდა მიყვარს, მშვენიერი სევდა, ყანჩელისეული და ისეთი, თან რომ გაღიმებს, თან რომ ჭრილობებს გიხსნის, თან რომ გაფიქრებს, თან იმედს რომ გიცრუებს და თან ბედნიერს გხდის.
– ოდესმე გიფიქრიათ, რომ თქვენმა ფოტოებმა ადამიანებს იმაზე მეტი ემოცია შეიძლება გაუღვიძოს, ვიდრე თავად წარმოგიდგენიათ?
– არ მიფიქრია, მაგრამ შესაძლოა, ასეც იყოს.
– როგორი შეგრძნებაა, როცა ყოველთვის კამერის მიღმა დგახართ და სხვებისთვის ასეთ სილამაზეს ქმნით?
– საოცარი შეგრძნებაა. ასე მგონია, ისტორიებს მარადიულობის შესაძლებლობას ვაძლევ. მომენტები, რომლებიც რეალურად მხოლოდ წამით არსებობს, გადაღების შემდეგ თითქოს ცხოვრებას განაგრძობენ.
– როგორც ვიცით, ახლახან ფილმში გადაგიღეს, როგორ მოირგეთ მსახიობის ამპლუა?
– დიახ, რეჟისორმა მირიან ორაგველიძემ გადაიღო ფილმი „52 ჰერცი“. ჩემი პერსონაჟია მაკა. ის დაოჯახებული ქალია, ჰყავს მეუღლე და შვილი. მისი ხასიათი, გარეგნობა და ცხოვრებისეული შეხედულებები გარკვეულ წინააღმდეგობაშია სოფლის ტრადიციებსა და დამკვიდრებულ წესებთან. სწორედ ეს ხდის მის პერსონაჟს საინტერესოს. რაც შეეხება მსახიობობის გამოცდილებას, ჩემთვის ეს საკმაოდ განსხვავებული პროცესი იყო. ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ და პასუხისმგებლობასაც განსაკუთრებულად ვგრძნობ. პროფესიონალ მსახიობებთან ერთად თამაში ჩემთვის დიდი პატივი იყო, ამასთან, გამოწვევაც. მუდმივად იმაზე ვფიქრობდი, ტექსტი არ შემშლოდა და ჩემი გამოუცდელობით სხვისთვის ხელი არ შემეშალა. ფილმს, ძირითადად, გრძელი, უწყვეტი კადრებით იღებდნენ. ასეთ დროს კონცენტრირება და სიზუსტეა საჭირო. თუმცა ძალიან გამიმართლა ადამიანებში, ვისთან ერთადაც მომიწია მუშაობა. მაქსიმალურად შემიწყვეს ხელი და პროცესი გამიმარტივეს. ჩემთვის ეს გამოცდილება კიდევ უფრო საინტერესო იყო, როგორც ფოტოგრაფისთვის. ჩვეულებრივ, თავად ვარ კამერის მიღმა და ადამიანებს ვაკვირდები, ამჯერად კი აღმოვჩნდი კამერის წინ და თავად მომიწია ემოციებისა და პერსონაჟის შინაგანი სამყაროს გადმოცემა, თუმცა ეს გამოცდილება ამად ნამდვილად ღირდა.
– თქვენი ნამუშევრების გამოფენა ხომ არ გქონიათ, ან სამომავლოდ ხომ არ გეგმავთ?
– ჩემი ნამუშევრების გამოფენა ჯერ არ მქონია და სიმართლე გითხრათ, ამაზე სერიოზულად არც მიფიქრია. საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, რომ საკუთარი თავისთვის ფოტოგრაფი მეწოდებინა. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და აღმოსაჩენი. ჩემთვის მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება, ახალი გამოცდილების მიღება და საკუთარ ხედვაზე მუშაობა.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ნოემბერი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *