მინისტრი პროექტ „ვიარტის“ მონაწილეებს შეხვდა
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე პროექტ „ვიარტის“ დახურვის ღონისძიებასა და პანელურ შეხვედრას დაესწრო.
პროექტი „ვიარტი“ აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, რომელმაც რეგიონში მცხოვრები, ხელოვნებით დაინტერესებული 14-იდან 18 წლამდე ასაკის 500-მდე ახალგაზრდა გააერთიანა.
ელისო ბოლქვაძემ „ვიარტის“ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა კულტურულ-შემეცნებით პროექტში ჩართულობისთვის და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინიციატივებზე ისაუბრა. მინისტრმა ახალგაზრდებს „ვიარტის“ მუდმივი კლუბის შექმნის იდეა შესთავაზა და ამ პროცესში მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა, ასევე, მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ სამინისტროს პროექტებსა და ინიციატივებში, მათ შორის, მოხალისეობრივ საქმიანობაში.
პროექტის ფარგლებში მოზარდებს თემატური ვორქშოფები და მასტერკლასები ჩაუტარდათ ლიტერატურასა და ფერწერაში, მონაწილეობა მიიღეს მხატვრულ პერფორმანსში და ტრადიციული ხელოვნება თანამედროვე ვირტუალურ რეალობას (VR) შეახამეს.
ღონისძიების ფარგლებში შეჯამდა პროექტის მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები, ასევე, მონაწილეებს მიეცათ ნამუშევრებით შექმნილი ბროშურის წარდგენის შესაძლებლობა.
შეხვედრის დასასრულ, აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან პანელური დისკუსია გაიმართა. პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადაეცათ.