ეთერ დარჩიძე: პედაგოგები მოვალენი ვართ, ღირსეული დამცველები აღვუზარდოთ ეროვნულ ფოლკლორს
By

ეთერ დარჩიძე: პედაგოგები მოვალენი ვართ, ღირსეული დამცველები აღვუზარდოთ ეროვნულ ფოლკლორს

მახალაკიძეებელი ფატყუმ თაფლაძისა და ლევან დარჩიძის შვილებს ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების ოსტატებად იცნობენ. ბადრი შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფესვების“ მთავარი ქორეოგრაფია, ამავე ცენტრთან არსებული ფოლკლორულ ანსამბლ „მარეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელია ავთანდილი, შუახევის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სალოტბარო სკოლისა და ბათუმში მოქმედი ბავშვთა ანსამბლ „ჰანგების“ ლოტბარია ეთერი. მათ აქტიურ საქმიანობას მიეწერება მივიწყებული ხალხური ცეკვებისა და სიმღერების აღდგენა და ანსამბლების რეპერტუარში შეტანა. ისიც აღსანიშნავია, რომ წელს ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფესვების“ ხელმძღვანელი და ყველა წევრი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. სიახლეა ეთერ დარჩიძის საქმიანობაში – იგი აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას ჩაუდგა სათავეში. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

– ქალბატონო ეთერ, პირველი სამუშაო დღე როგორ დაიწყეთ?

– დიდი პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო იმ საგანმანათლებლო კერის ხელმძღვანელი, რომელმაც წლების განმავლობაში ათასობით ქალიშვილსა და ჭაბუკს ხელოვნებისაკენ მიმავალი გზა დაულოცა. მდიდარი გამოცდილებით აღზრდილი თაობები თავის სიტყვას ამბობენ ეროვნული კულტურისა და ფოლკლორის განვითარებაში. ჩემი ცხოვრებისა და საზოგადოებრივი საქმიანობის გზაზე მომდევნო გამოცდის ეტაპი დგება, რომელსაც ტრადიციების სიყვარულით ვიწყებ. წინ დიდი და რთული საქმეებია. ჩვეული ენერგიით მუშაობა, სიახლეების ძიება, განვითარება და ნამდვილ ფასეულობებზე ზრუნვა პირველივე დღიდან დავისახე მიზნად.
გუნდური პრინციპით მუშაობას, დაგროვილი ტრადიციების გაძლიერებას და გამრავალფეროვნებას, კონკურსებში, ფესტივალებში ჩართულობას, ახალი პროექტების დანერგვას, უპირველეს საქმედ მივიჩნევ. სკოლა ამ ეტაპზე სათანადო ავტორიტეტით სარგებლობს. უნდა აღვნიშნო, რომ კარგი მემკვიდრეობა მერგო. სკოლის როლის გაძლიერება, სიახლეების დანერგვა, ჩემი მუშაობის მთავარი მიმართულება იქნება..

– პედაგოგთა უმრავლესობა თქვენი მეგობარია. . .

ყველაზე მეტად ის მაძლევს სტიმულს, რომ გარემო, სადაც ხელმძღვანელის რანგში მუშაობა მიწევს, უცხო არაა ჩემთვის. სკოლის პედაგოგებთან მეგობრული, პროფესიული ურთიერთობები ხელს შემიწყობს მუშაობაში. რეაგირების გარეშე არ დავტოვებ მათ მოსაზრებებს, წინადადებებს.  მთავარი მაინც ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა. დღეს ერთობ შეცვლილია მმართველობის ფორმები და მეთოდები. კოლექტივის მხარდაჭერისთვის საჭიროა აქტიური კომუნიკაციები. სკოლაში საქმიანობენ ადამიანები, რომლებმაც მძიმე წლები გამოიარეს, მაგრამ საქმისთვის არასოდეს უღალატიათ. დღესაც შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ სკოლის ავტორიტეტის შესანარჩუნებლად. ისინი თავისებურ მიდგომას საჭიროებენ. შევეცდები, ასეთი პედაგოგები ყურადღების ცენტრში მყავდეს. რა თქმა უნდა, წარმატებულ ახალგაზრდებსაც მწვანე შუქს ავუნთებთ. სამართლიანობა, საერთო მიზნებისკენ სწრაფვა სკოლის განვითარებას დაეხმარება.

– აჭარაში დავანებული ეროვნული ფოლკლორი გამომზეურებას ითხოვს. რაა საჭირო, რომ სკოლის პედაგოგებმა და კურსდამთავრებულებმა მათი მოძიება წარმატებით გააგრძელონ.

– ეროვნული ფოლკლორი მეტ გულისხმიერ დამოკიდებულებას ითხოვს. ერებს, ქვეყნებს ასეთი საუნჯე არ აქვთ და იგონებენ, ჩვენ გვაქვს და უნდა შევინარჩუნოთ. მეც და სკოლის პედაგოგები მოვალენი ვართ, ღირსეული დამცველები აღვუზარდოთ ეროვნულ ფოლკლორს. იმასაც ვიტყვი, რომ მსგავსი ყურადღება, რაც ამ ეტაპზე ეროვნულ ფოლკლორს ხელისუფლების მხრიდან აქვს, არ მახსოვს. საჭიროა სკოლის აღსაზრდელებს მეტი მოტივაცია მივცეთ, მხარი დავუჭიროთ, დავეხმაროთ თემების სწორად შერჩევაში, შევუქმნათ კარგი პირობები, რომ ჰქონდეთ ინტერესი და შესაძლებლობა ფოლკლორის კვლევა გააგრძელონ.

– ხელოვნების სიყვარული, მის სამსახურში ყოფნა ოჯახიდან მოგდგამთ. მომავალი ხელოვანის აღზრდაში ოჯახს რა როლს ანიჭებთ?

– ბავშვები მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრების შესასრულებლად მთიანი აჭარის ორ სოფელში გავიყვანე. მათ ჩემი ოჯახი და სოფელი მახალაკიძეები გავაცანი. ოჯახი ხელოვნების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს, ის არის პირველი გარემო, სადაც ინტერესი და ღირებულებები ყალიბდება. ოჯახმა ხელი უნდა შეუწყოს ტრადიციებისა და კულტურის განვითარებას, წაახალისოს მოზარდი შემოქმედებითად. ასე იყო ჩემს ოჯახში. მშობლების და ძმების გარდა ჩემს წარმატებას ვუმადლი საკუთარ შრომას და თვითგანვითარებას, ყველაფერი, რასაც აქამდე მივაღწიე დამოუკიდებელი, გამოცდილებაზე დაყრდნობილი და მუდმივი პრაქტიკის შედეგია.

– ოჯახზე ზრუნვას რა ადგილს უთმობთ?

– ოჯახი ჩემი მთავარი პრიორიტეტია, ვცდილობ, დრო დავაბალანსო პროფესიულ საქმიანობასა და ოჯახს შორის, ორივე მხარეს საკმარისი ყურადღება დავუთმო.

– თქვენი აღზრდილები მოქმედი ანსამბლების წევრები არიან. მათთან ურთიერთობა თუ გაქვთ?

ჩემს აღზრდილებთან დღემდე ძალიან კარგი და პროფესიული ურთიერთობები მაკავშირებს. ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ. მიხარია მათი წარმატებები მოქმედ ანსამბლებში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი ქართულ ფოლკლორთან კავშირს ინარჩუნებენ. ახალგაზრდა სპეციალისტებს ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას, ვეხმარები პროფესიული უნარების განვითარებაში.

– ანსამბლ „ჰანგების“ ნორჩ წევრებს ჭიბონზე მელოდიების შესრულება შეასწავლეთ. ხომ არ ფიქრობთ, ხალხური ხელოვნების სკოლაშიც ისწავლებოდეს ამ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა?

დიახ ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იქნება. ვგეგმავ როგორც ჭიბონის, ისე სხვა ხალხური ინსტრუმენტების სწავლების გაფართოებას. მიზანია, გაიზარდოს მუსიკოს-აკომპანიატორების რაოდენობა, გამრავალფეროვნდეს რეპერტუარი, გაძლიერდეს ანსამბლების ჟღერადობა, რაც საერთო ჯამში, ხელს შეუწობს ტრადიციული ხალხური ხელოვნების განვითარებას.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • აპრილი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *