„ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ – კვალიფიციური პედაგოგები მაღალმთიანი აჭარის სკოლებისთვის
მაღალმთიან აჭარაში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სკოლებში კვალიფიციური პედაგოგების მოზიდვის მიზნით, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ქვეპროგრამა „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ აქტიურად ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე გადაცემაში „ახალი დილა“ შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ ისაუბრა.
მისი განმარტებით, პროგრამის მთავარი ამოცანა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრა და თითოეული მოსწავლისთვის თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების უზრუნველყოფაა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. მისი მიზანია ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, რათა ყველა მოსწავლეს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, ქალაქში ცხოვრობს თუ სოფელში, თავის სკოლაში მიიღოს სრულყოფილი ზოგადი განათლება. არსებული აუცილებლობიდან გამომდინარე, სამინისტრომ ოპერატიული გადაწყვეტილება მიიღო, რომ პროგრამით დახმარებოდა სკოლებს. ჩვენს მუნიციპალიტეტსა და ზოგადად, მაღალმთიანეთში არაერთი პედაგოგია ამ ინიციატივით მოვლინებული“, – აღნიშნა ედუარდ გოგრაჭაძემ.
რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ბოლო წლებში პედაგოგიური პროფესიის პრესტიჟმა იმატა, რასაც ახალგაზრდების არჩევანიც ადასტურებს. თუ ადრე პროფესია პრიორიტეტულ სიაში ქვედა პოზიციებს იკავებდა, დღეს აბიტურიენტები მას პირველ, მეორე ან მესამე პოზიციაზე ასახელებენ. შედეგად, სკოლებს ათეულობით ახალგაზრდა კადრი შეემატა.
მიუხედავად დადებითი დინამიკისა, მაღალმთიანეთში კვლავ გამოწვევად რჩება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ასევე, გეოგრაფიისა და ისტორიის მიმართულებებით კვალიფიციური პედაგოგების საჭიროება.
„თუ თავდაპირველად ძირითადი პრობლემა უცხო ენები იყო, დღეს ეს გამოწვევა უკან გადავიდა და წამოიწია ისეთმა საგნებმა, როგორებიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, გეოგრაფია და, ნაწილობრივ, ისტორია. სამინისტროსთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, რათა პროგრამა გაფართოვდეს და კონკურსები ამ მიმართულებებითაც გამოცხადდეს“, – განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.
ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაციით, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან სამინისტროსთვის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უკვე წარდგენილია 24 სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეებს სასურველი ვაკანსიის შერჩევა შეეძლებათ.