ვლადიმერ პუტინი – დსთ-ს კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია, თუ სავაჭრო ბარიერები მოიხსნება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქმენეთში, დსთ-ის ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა, რომ დსთ-ს გაცილებით მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია, თუ სავაჭრო ბარიერების მოხსნის გზას დაადგება. მისი თქმით, ზოგიერთი ეროვნული შეზღუდვა მხოლოდ აფერხებს თანამეგობრობის ფარგლებში ვაჭრობის განვითარებას.
„შესაძლებელია თუ არა კიდევ უფრო სწრაფად წინსვლა? ალბათ, შესაძლებელია. ამისათვის რა უნდა გავაკეთოთ? ბარიერები უნდა მოვხსნათ“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა. მისი თქმით, დსთ-ის ფორმატმა მასში შემავალ ქვეყნებს საშუალება მისცა შეენარჩუნებინათ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები.
პუტინის განცხადებით, ეკონომიკა იყო და რჩება თანამეგობრობის ფარგლებში თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ. „დსთ-ის ქვეყნები მჭიდრო თანამშრომლობას ინარჩუნებენ ვაჭრობის, ინვესტიციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. რა თქმა უნდა, სასურველია კიდევ უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ და უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ ამ სფეროში“, – აღნიშნა პუტინმა.
ცნობისთვის, დსთ-ის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა თურქმენეთში მიმდინარეობს, სადაც პუტინი ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის დაესწრება კასპიის გარემოსდაცვით სამიტსაც, რომელიც, ასევე, დღეს გაიმართება.