ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი აგრძელებს ინვესტირებას რაკეტებსა და ომის გაფართოებაში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი აგრძელებს ინვესტირებას რაკეტებსა და მისი ომის გაფართოებაში, რაც ნიშნავს, რომ საჭიროა მეტი საპასუხო ზომები.
მისი თქმით, რუსებმა წუხელ უკრაინას დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. მათ დარტყმები მიაყენეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას პოლტავის, სუმის და ხერსონის ოლქებში. რუსებმა ხარკოვის ოლქში საცხოვრებელი შენობები დაბომბეს. კრამატორსკში მართვადი საჰაერო ბომბი მაღალსართულიან შენობას დაეცა, საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა ოდესაშიც. ზელენსკის ინფორმაციით, კიევის ოლქში, ჩუბინსკეში, დრონებით დარტყმების შემდეგ საწარმოებში გაჩენილი ხანძრების ჩაქრობაში ყველა საჭირო სამსახურია ჩართული.
„რუსეთი აგრძელებს ინვესტირებას რაკეტებსა და ომის გაფართოებაში, რაც ნიშნავს, რომ საჭიროა მეტი საპასუხო ზომები. ამ კვირაში ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. მნიშვნელოვანია, რომ ამას დაემატოს ბალისტიკური რაკეტების თავდაცვის დამატებითი პაკეტები. ყველაფერი, რაც აძლიერებს ჩვენი ცის დაცვას, ეფექტურად იცავს უკრაინელების სიცოცხლეს ყოველდღიურად. იმისათვის, რომ ჩავახშოთ რუსეთის ბრძოლის გაგრძელების სურვილი, ეფექტურად უნდა ჩამოვაგდოთ ის რაკეტები, რომლებსაც მოსკოვი ასე ებღაუჭება ომის გასაგრძელებლად“, – აცხადებს ზელენსკი.