„ზე -კართან” – 14 წელი ლიტერატურისა და შემოქმედებითი შეხვედრების გზაზე
By

„ზე -კართან” – 14 წელი ლიტერატურისა და შემოქმედებითი შეხვედრების გზაზე

6–7 ოქტომბერს შუახევში, ქედასა და ხულოში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ მე-14-ედ ჩატარდება.

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ 2013 წელს, შუახევის მუნიციპალიტეტში, რეჟისორ ვახტანგ ბერიძის იდეით დაფუძნდა და ყოველწლიურად იმართება. მისი მთავარი ღირებულება არა მხოლოდ ლიტერატურული პროგრამის მრავალფეროვნება, არამედ ადამიანების, ავტორების, ხელოვანებისა და მკითხველების ერთ სივრცეში გაერთიანებაა.

14 წლის განმავლობაში, ფესტივალის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. გამოიცა ხუთი წიგნი, სადაც 2013–2022 წლებში ფესტივალში მონაწილე 300-ზე მეტი ავტორის (ფესტივალის ინსპირაციით დაწერილი) ლექსები, მოთხრობები, ნოველები, პიესები და წერილებია შესული.

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალების „ზე-კართან“ და „ქსენია ბუქ ფაიერას“ თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცა ოთხი ბათუმელი და ოთხი კალაბრიელი ავტორის ქართულ-იტალიური თარგმანები. კრებულის შემდგენელი და მთარგმნელია ნუნუ გელაძე, გამომცემლობა – „ლეონიდე ედიზიონი“.

2013–2025 წლებში მთიან აჭარას სტუმრობდა 400-ზე მეტი მწერალი და პოეტი საქართველოდან, ლიეტუვიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და საბერძნეთიდან. ფესტივალს ეწვია 42 პროფესორი, მენეჯერი და სპიკერი.

2013–2025 წლებში ჩატარდა 150-ზე მეტი ღონისძიება, მათ შორის: 50 პოეზიის საღამო, 42 საჯარო ლექცია, 10 ფილმის ჩვენება-განხილვა, 3 სპექტაკლი, 15 წიგნის გამოფენა-გაყიდვა, გამომცემლობების მონაწილეობით, 3 კლასიკური მუსიკის კონცერტი, 35 ფოლკლორული კონცერტი. მომზადდა 35 ვიდეოპროექტი „კინო-პოეზია“. ფესტივალის შესახებ ქართულ და საერთაშორისო მედიაში მომზადდა 60-ზე მეტი სიუჟეტი და პირდაპირი ეთერი.

13 წლის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობდა 2000-ზე მეტი შემოქმედი – მწერლები, გამომცემლები, რეჟისორები, მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები, მეცნიერები, პროფესორები და ფოლკლორის წარმომადგენლები.

2025 წელს, „ქართული ბრენდის დღის“ 25-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ დაჯილდოვდა ნომინაციაში „წარმატებული ლიტერატურული პროექტი“.

– ფესტივალი წელს პირველად ფანდრაიზინგის კამპანიის შედეგად მოზიდული ფინანსური რესურსებით ტარდება. მისი დაარსებიდან, ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში, ფესტივალი ყოველწლიურად, აჭარაში ჩასატარებელი ღონისძიებების კონკურსში გამარჯვების საფუძველზე, სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდებოდა. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ფესტივალის ფარგლებში მისი არსებობის განმავლობაში შეიქმნა. სწორედ ამიტომ, არსებული გამოწვევების მიუხედავად, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ფესტივალი წელსაც აუცილებლად ჩატარებულიყო და მრავალწლიანი ტრადიცია გაგრძელებულიყო.

ფესტივალის ტრადიციული ფორმატი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წელს, ობიექტური მიზეზების გამო, საფესტივალო პროგრამა ორ დღეზე გადანაწილდა. ფინანსური რესურსების შეზღუდულობიდან გამომდინარე, ასევე შემცირდა ღონისძიებების ჩატარების ლოკაციათა რაოდენობა. მიუხედავად ამისა, ფესტივალის ერთგულ აუდიტორიას ვპირდებით, რომ „ზე-კართან“ ტრადიციულად მაღალი შემოქმედებითი და აკადემიური ხარისხით ჩატარდება.

ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს პოეზიის საღამოებს, კინოჩვენებას, გამოფენებს, ფოლკლორულ კონცერტებსა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს.  მე-14 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 19 ავტორი: გიორგი სოსიაშვილი, ვასილ ბესელია, ანდრო ბედუკაძე, გურამ გორდეზიანი, ნინო ვახანია, ჟანა ანანიძე, დავით თედორაძე, სალომეა ლომინაძე, მაია მინდელი, ნინო მოდრეკილაძე, ქალთამზე (ანა) სურმანიძე, ბელა ქებურია, ვახტანგ ღლონტი, დავით შემოქმედელი, ბადრი სულაძე, ტარიელ ხალხელაური, გიორგი ხორბალაძე, ქეთი ჯოლბორდი და ელგუჯა მარღია.

ფესტივალის პროგრამაში, ასევე, მონაწილეობენ მხატვარი მანანა გეგიძე და რეჟისორი მიხეილ გაბაიძე.  მე-14 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ მთავარი თემაა: „სამყარო, რომელიც ახლა იწერება“ .

თანამედროვე ეპოქას განსაზღვრავს ტექნოლოგიური განვითარება, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ხელოვნება, ომები, მიგრაცია, კულტურული და სოციალური ცვლილებები, ურბანული პროცესები და მრავალი სხვა ფაქტორი, რომლებიც არსებითად ცვლის ადამიანის ცხოვრებასა და საზოგადოებრივ გარემოს. ამ პროცესში ლიტერატურა მხოლოდ მოვლენების დამკვირვებელი არ არის. იგი მათი მხატვრული და ინტელექტუალური გააზრების მნიშვნელოვანი საშუალებაა. ლიტერატურა მიმდინარე მოვლენებს ემოციურ, ინტელექტუალურ, ისტორიულ და სოციალურ პრიზმაში ატარებს და გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ დავინახოთ ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენს ეპოქას განსაზღვრავს.  სწორედ ამიტომ ჩნდება მთავარი კითხვა: რა სამყაროს ვქმნით, ვწერთ და ვხატავთ დღეს და როგორი იქნება იგი ხვალ?  ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ორი დღის განმავლობაში ვისაუბრებთ ფესტივალის მონაწილე ავტორებთან, ხელოვანებთან და აუდიტორიასთან ერთად, – გვითხრა საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „ზე- კართან“ დამფუძნებელმა, რეჟისორმა ვახტანგ ბერიძემ.

„ზე-კართან“ კიდევ ერთხელ გააერთიანებს მწერლებს, პოეტებს, ხელოვანებსა და მკითხველებს, რათა ერთად გაიაზრონ თანამედროვე სამყაროს გამოწვევები. ვუსურვებთ ფესტივალს წარმატებას, ახალ შემოქმედებით აღმოჩენებსა და კიდევ მრავალ საინტერესო შეხვედრას. დაე, ეს მრავალწლიანი კულტურული ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს, ახალი იდეებით გამდიდრდეს და მთიანი აჭარა ლიტერატურისა და ხელოვნების კიდევ  უფრო მნიშვნელოვან კერად წარმოაჩინოს.
ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • სექტემბერი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *