ზღვა – შთაგონების უსასრულო წყარო
By

ზღვა – შთაგონების უსასრულო წყარო

ბათუმში მარინისტული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

ზღვა, რომელიც ბათუმელთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მათთვის ემოციების, მოგონებებისა და შთაგონების განსაკუთრებული წყაროა, მეტადრე ხელოვანებისთვის, რომელთა შემოქმედებაშიც ზღვის ცვალებადი ხასიათი, სილამაზე და უსასრულობა ხშირად გამორჩეულ ადგილს იკავებს. სწორედ ამ შთაგონების გამოხატულებას ეძღვნება აჭარის ხელოვნების მუზეუმში გახსნილი გამოფენა – „მარინისტული ნამუშევრები ზღვის ქალაქში“.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თანამედროვე ქართველი მხატვრების მარინისტულ თემაზე შექმნილი ნამუშევრები მუზეუმის ფონდიდან, ასევე ბათუმელი ხელოვანების ახალი ტილოები და ზღვის თემატიკის ამსახველი მაკეტები. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, სხვადასხვა ავტორის შემოქმედებაში ზღვის მრავალფეროვანი სახე იხილოს – მისი სიმშვიდე, სიძლიერე, სილამაზე და ის ემოციური კავშირი, რომელიც ზღვასა და ადამიანს შორის არსებობს.

გამოფენაზე წარმოდგენილია გემების მაკეტებიც, რომლებიც აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმიდანაა მოწოდებული. ექსპოზიცია ერთ სივრცეში აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშს და ზღვისპირა ქალაქის კულტურულ იდენტობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

როგორც აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა თეონა ზოიძემ აღნიშნა, გამოფენის მიზანია, დამთვალიერებელს გააცნოს როგორც მუზეუმის ფონდებში დაცული მნიშვნელოვანი ნამუშევრები, ისე თანამედროვე ხელოვანთა შემოქმედება, რომლებიც მარინისტული მიმართულებით მუშაობენ.

– ზღვა ბათუმის ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით მაშინ გვახსენდება, როდესაც ქალაქს რამდენიმე დღით ვშორდებით. სწორედ მაშინ ვგრძნობთ, რამდენად გვაკლია ზღვის სანაპირო და ის განსაკუთრებული გარემო, რომელთანაც ჩვენი ემოციები და მოგონებებია დაკავშირებული. ვფიქრობ, ზღვისპირა ქალაქში დაბადებულ ადამიანს ზღვასთან ყოველთვის განსაკუთრებული კავშირი აქვს. მისი ხილვა, თუნდაც მხატვრის ტილოზე, განსაკუთრებულ განცდებს იწვევს.

ზღვა ხელოვანისთვის შთაგონების უსასრულო წყაროა. მისი ხასიათი მუდმივად იცვლება, თუმცა ყოველთვის ინარჩუნებს იმ იდუმალებასა და სილამაზეს, რომელიც შემოქმედებით ინტერესს აღძრავს. ამ გამოფენით გვინდა, დამთვალიერებელს გავუზიაროთ ის ემოციები და შთაბეჭდილებები, რომლებსაც ზღვა გვჩუქნის. აქ წარმოდგენილია ჩვენი მუზეუმის ფონდებში დაცული ნამუშევრები და იმ თანამედროვე ხელოვანთა შემოქმედება, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. მიხარია, რომ ზღვის თემატიკა აერთიანებს როგორც ხელოვანებს, ისე სხვადასხვა თაობის დამთვალიერებელს“, – აღნიშნა თეონა ზოიძემ.

გამოფენას ხელოვნებით დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებიც დაესწრნენ. იგი

აჭარის ხელოვნების მუზეუმში 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • ნოემბერი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *