თენგიზ შარმანაშვილი: ევროკავშირის ბიუროკრატიას დირექტივა მიუვა და რეალობა არ აინტერესებთ
„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს გარკვეული ძალები აფერხებენ, ხოლო უკრაინაში მიმდინარე ომისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხებზე ევროკავშირის პოზიცია კითხვებს აჩენს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის შეფერხება რეალობაა და ამ პროცესზე გავლენას ახდენენ ძალები, რომლებიც ევროპულ ბიუროკრატიაზე ზემოქმედებენ.
„საკმაოდ სერიოზული ძალებია, რომელთაც, რაც გინდათ, ის დავარქვათ – „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, „ულტრამემარცხენე ინტერნაციონალი“. ფაქტია, ეს ძალები, პირველ რიგში, ევროპულ ბიუროკრატიაზე ახდენენ ზემოქმედებას. ევროპული ბიუროკრატია აბსოლუტურად კონტროლქვეშ ჰყავთ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
მისივე შეფასებით, სწორედ ამ გავლენით აიხსნება საქართველოსა და მოლდოვას ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეფასებისას არსებული წინააღმდეგობები.
„როგორ შეიძლება, რაიმე პარამეტრით მოლდოვა ჩვენზე წინ იყოს? ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ამ კვლევებს თავად აკეთებენ, ცალკეული კომპონენტების ლიდერად ისევ ჩვენ გვასახელებენ, მაგრამ შეჯამებისას ამბობენ, თქვენ მაჩანჩალები ხართო. რატომ? იმიტომ, რომ ევრობიუროკრატიას დირექტივა მიუვა და რეალობა არ აინტერესებთ. მშრალ და პირდაპირ ტყუილებს ლაპარაკობენ“, – აღნიშნა მან.
შარმანაშვილი ასევე, გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლები თავად უნდა მონაწილეობდნენ.
დეპუტატის შეფასებით, ევროკავშირის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასა და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით, წინააღმდეგობრივია. მან ყურადღება გაამახვილა უკრაინის სამხედრო დახმარებაში აშშ-ის როლზეც და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რამდენად შეუძლია ევროპას, დამოუკიდებლად უზრუნველყოს ამ პროცესისთვის საჭირო მხარდაჭერა.
„რას ამბობს კაია კალასი, თვითონ აიღებს თავის თავზე ყველაფერს? თავად მიაწვდის იარაღს უკრაინას, დააფინანსებს და გააკეთებს ყველაფერს და ამერიკული იარაღი საჭირო არ არის? ეს არის მათი დამოკიდებულება მშვიდობისა და ადამიანების სიცოცხლის მიმართ, რაც სამწუხაროა. ევროკავშირის ბიუროკრატიის ამ თამაშს ათასობით უკრაინელი ეწირება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა