ინკლუზიური სპორტის ფესტივალი – ქობულეთში
ქობულეთში საინტერესოდ და წარმატებით ჩატარდა ინკლუზიური სპორტის ფესტივალი, რომელმაც 60-მდე მონაწილე გააერთიანა. მისი მთავარი მიზანი სპორტის მეშვეობით თანასწორი, მეგობრული და მხარდამჭერი გარემოს შექმნა იყო, სადაც ყველა ადამიანს, ასაკისა და შესაძლებლობების მიუხედავად, აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა ექნებოდა.
ღონისძიების მხარდამჭერები MAC GEORGIA და სსიპ ბადრი ბერანიძის სახელობის ქობულეთის №6 საჯარო სკოლა იყო. ფესტივალში ბავშვებთან ერთად მშობლებიც მონაწილეობდნენ, რამაც ფესტივალს ოჯახური და ერთიანი ატმოსფერო შექმნა. მონაწილეებს მინიმუმ ხუთ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩართვა დაევალათ, რათა მათ ახალი გამოცდილება მიეღოთ, აღმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები და სახლში ახალი უნარ-ჩვევებით დაბრუნებულიყვნენ.
ფესტივალის მიმდინარეობისას მონაწილეებმა ერთმანეთის მხარდაჭერის, გუნდური მუშაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეიგრძნეს. ორგანიზატორების განსაკუთრებული სიხარული გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ღონისძიების დასრულების შემდეგ, არაერთმა მონაწილემ სურვილი გამოთქვა, რომ მომავალ წელსაც ჩაერთოს ფესტივალში.
ინკლუზიური სპორტის ფესტივალმა პოზიტიური და გამაერთიანებელი გარემო შექმნა, ხელი შეუწყო თანაქალაქელების დაახლოებას, ახალი მეგობრული კავშირების ჩამოყალიბებას და საზოგადოებაში ინკლუზიისა და თანასწორობის იდეების გაძლიერებას. მსგავსი ღონისძიებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სპორტი უნივერსალური ენაა, რომელსაც ადამიანების გაერთიანება შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ა(ა)იპ „იყავი – აქტიური, იყავი -ჯანმრთელი“ მოხალისეებმა განახორციელეს, რომლებიც ამ ორგანიზაციის ძველი პროექტის მონაწილეები, ასევე, მიმდინარე საერთაშორისო პროექტების წარმატებული კონკურსანტები არიან.
– მადლობა მინდა გადავუხადო მონაწილეებს გამორჩეული პასუხისმგებლობისთვის. ფესტივალის წარმატება მოტივაციას გვაძლევს, მომავალშიც გავაგრძელოთ ისეთი აქტივობების ორგანიზება, რომლებიც საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას, განვითარებასა და კეთილდღეობას შუწყობს ხელს, – გვითხრა ღონისძიების იდეის ავტორმა და ორგანიზატორმა, პროექტის მენეჯერმა ლეილა ჩანტლაძემ.
მანანა ძიძიშვილი