ირაკლი კობახიძე – ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც მარტივი არ იყო
By

ირაკლი კობახიძე – ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც მარტივი არ იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას  საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ 2021-2025 წლებში ზრდამ დაახლოებით 9.5% შეადგინა და მიმდინარე წლის პირველი 3 კვარტალის მონაცემებით ზრდა 7.4%-ია.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა. ამ 5 წლის განმავლობაში უკვე 13.3 მლრდ დოლარით გაიზარდა სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის. ეს სხვაობა იყო 4.5 მლრდ დოლარი 2020 წელს და სხვაობა არის გაზრდილი 13.3 მლრდ დოლარით. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოქტომბერში 2026 წლის პროგნოზი გაზარდა 5.3%-დან 7.2%-მდე. რაც შეეხება 2026-2031 წლების პროგნოზს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა იქნება 5.5%, რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პროგნოზს ეს მაჩვენებელი დაახლოებით ორჯერ აღემატება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ ზრდაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წვლილზე ისაუბრა და შუა დერეფანში ქვეყნის სტრატეგიულ როლზე გაამახვილა ყურადღება.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს სატრანზიტო როლის გასაძლიერებლად დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება და ეს გულისხმობს როგორც საგზაო, ისე საპორტო, სარკინიგზო და სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
„საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში 2031 წლისთვის ავტობანის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულება იგეგმება. 2029 წლისთვის დასრულდება ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა. ფართოვდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ბათუმში არის ამბიციური გეგმები და ასევე დაგეგმილი გვაქვს თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა, რომელიც 2031 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. თვისებრივად გაძლიერდება რკინიგზის შესაძლებლობები. ჩვენს მიღწევებს ადასტურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც. Fitch-მა და Standard & Poor’s-მა რეიტინგში საქართველოს პერსპექტივა გააუმჯობესა. მსოფლიო ბანკის რეიტინგში „ბიზნესისთვის მზაობა“ საქართველო 101 ქვეყანას შორის მეოთხე ადგილს იკავებს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა პოლიტიკური სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბიზნესისა და ეკონომიკისთვის და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე ისაუბრა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც მარტივი არ იყო. ჩვენ დაგვჭირდა ძალიან თამამი და გაბედული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა, მათ შორის, გარე საფრთხეებისგან. დაგვეცვა ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა და ამ კუთხით ერთ-ერთი პრინციპული გადადგმული ნაბიჯი იყო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, თუმცა იყო სხვა ნაბიჯებიც. ჩვენ, საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ და ქვეყანას თავიდან ავარიდეთ დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც გარედან იყო დაფინანსებული. ისევ და ისევ საზოგადოების მხარდაჭერით, ისევ და ისევ თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ მოვახერხეთ გაბედული ნაბიჯების გადადგმა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და ბიზნესის სტაბილური და თანმიმდევრული განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

  • No Comments
  • ნოემბერი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *