ირაკლი კობახიძე ბრიუსელში: დიალოგი, სუვერენიტეტი და ევროპული ინტეგრაცია
By

ირაკლი კობახიძე ბრიუსელში: დიალოგი, სუვერენიტეტი და ევროპული ინტეგრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში მან ევროკავშირთან ურთიერთობებზე, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, საქართველოს სუვერენიტეტსა და ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.

ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული უთანხმოების შეფასებისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს კრიტიკული დამოკიდებულება მხოლოდ ევროკავშირთან ურთიერთობებით არ არის განპირობებული. მისი თქმით, პრობლემურია თავად ევროკავშირში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებიც, რაც ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობაზე მიუთითებს.

„დაახლოებით 20 წლის წინ ევროკავშირი მსოფლიო პოლიტიკაში ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი აქტორი იყო. ევროკავშირის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკის შეერთებული შტატების მაჩვენებელს აღემატებოდა, დღეს კი ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკური თვალსაზრისით ევროკავშირზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ხოლო ჩინეთი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით უკვე ევროკავშირის დონეს უახლოვდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ევროპული ბიუროკრატიის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება სწორედ ამ პროცესებსაც უკავშირდება.

„ჩვენ ვხედავთ ძალიან ნეგატიურ ტენდენციებს და იმედი გვაქვს, რომ ისინი შეიცვლება. ამ საკითხში ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, -აღნიშნა პრემიერმა.

ბრიუსელში გამართული სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საკითხზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან სამართლებრივი არგუმენტების ნაცვლად პოლიტიკურ განცხადებებს ისმენს.

„ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს ვთავაზობთ, ამ საკითხზე სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინონ, თუმცა მათგან სამართლებრივ არგუმენტებს ვერ ვისმენთ. ისინი მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. სწორედ ამ გზით ერევიან საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში, რაც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძის თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საზოგადოებრივი ნდობა, ისე სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს. მან ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების რაოდენობის შემცირებაზე.

„სასამართლოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი 50%-ს აღემატება, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის სასამართლო სისტემას და მიიჩნევს, რომ ის დამოუკიდებელია. თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, რადგან ადამიანების აღქმა ზოგჯერ შეიძლება მცდარი იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემებია“, – აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2012 წლამდე არსებულ ვითარებასთან შედარებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა სამჯერ შემცირდა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე საუბრისას კობახიძემ 2024 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილება გაიხსენა. მან ასევე ისაუბრა „გამჭვირვალობის კანონის“ ირგვლივ არსებულ უთანხმოებაზე და აღნიშნა, რომ კანონმდებლობის მოქმედების შეჩერების მოთხოვნა გამოსავალი არ არის.

„როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია, ეს სრული სიცრუეა. სწორედ ამიტომ, მსგავსი კატეგორიული განცხადებების გაკეთების ნაცვლად, უმჯობესია, კანონმდებლობის კონკრეტულ დეტალებზე დისკუსია გაიმართოს“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მხარეებმა საერთო ხედვა უნდა ჩამოაყალიბონ დემოკრატიული, სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული, ეკონომიკურად ძლიერი და სუვერენული საქართველოს შესახებ.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი კონკრეტულ დეტალებზე. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მათ დიალოგს. ჩვენ სრულიად მოქნილები ვართ. წინაპირობა არის სუვერენიტეტი, ღირსება, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. მზად ვართ დისკუსიების დასაწყებად“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობის მოქმედების შეჩერების მოთხოვნა ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპს ეწინააღმდეგება.

„თუ ვინმეს ჩვენს კანონმდებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, უნდა გვესაუბროს და შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინოს“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროპულ ინტეგრაციაზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ეროვნული დღის წესრიგის შესაბამისად აგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით პროგრესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დონეს თუ გადავხედავთ, გარკვეულ ეტაპზე ის დაახლოებით 60-65%-ს შეადგენდა. დღეს კი ეს მაჩვენებელი 90%-ს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ, ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ საბოლოოდ, ევროკავშირში ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებისას, ეკონომიკა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *