აჭარის მთავრობისა და სამინისტროს ხელმძღვანელები ჩაქვში ციტრუსის კრეფაში ჩაერთნენ
აგროსერვისცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის კრეფა ოფიციალურად დაიწყო. პროცესში უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ და რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ. ადგილზე გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ფერმერები და ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელები.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, მიმდინარე სეზონის მთავარი პრიორიტეტი ფერმერთა მხარდაჭერა, მოსავლის დროული, შეუფერხებელი რეალიზაცია და ადგილობრივების შემოსავლების ზრდაა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიზნების მისაღწევად გადამწყვეტია ექსპორტის ხელშეწყობა, ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება და ქართული ციტრუსის პოპულარიზაცია შიდა ბაზარზე.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საექსპორტო ლოჯისტიკისა და მიმღებ-გადამამუშავებელი შტაბის კოორდინირებული მუშაობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების პროცესსა და სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ეფექტიან განხორციელებას.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა ჩაქვის მეურნეობის სათბურიც დაათვალიერეს, სადაც საქართველოს ეროვნულ კატალოგში რეგისტრირებული ციტრუსოვანთა 15 სადემონსტრაციო ჯიშია განთავსებული.
ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მერებიც ესწრებოდნენ.