აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა
აჭარაში ციტრუსის მოსავლის შეუფერხებელი რეალიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად ამოქმედდა. ახლად გახსნილი შტაბი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და რეგიონის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად გახსნა.
როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ფერმერების მხარდაჭერა, მოსავლის დროული რეალიზაცია და საექსპორტო ბაზრების გაფართოება ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია. მისი თქმით, წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შუა აზიის ქვეყნებში ციტრუსის ექსპორტის ზრდას, საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებასა და საექსპორტო დოკუმენტაციის მინიმალური ბიუროკრატიით მომზადებას, რათა ქართული ნაყოფი ბაზრებზე დროულად გავიდეს და ფერმერთა შემოსავლები გაიზარდოს.
ახლად შექმნილი შტაბი კოორდინაციას გაუწევს საზღვაო და სახმელეთო ლოჯისტიკას, აგრეთვე მანდარინის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების მუშაობას. ამასთანავე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ექსპორტიორებს პროდუქციის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზასა და საექსპორტო პროცედურებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს შესთავაზებს.
შტაბის მანდატი არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროცესის მკაცრ მონიტორინგსაც ითვალისწინებს. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ფერმერები არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებისთვის კილოგრამზე 40 თეთრს მიიღებენ, საიდანაც 35 თეთრი სახელმწიფო სუბსიდიაა, ხოლო 5 თეთრს საწარმო გადაიხდის.
მიმდინარე წელს აჭარაში 40 ათას ტონაზე მეტ ციტრუსის მოსავალს ელიან. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთში მდებარე ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს. სეზონის შეუფერხებლად წარმართვისთვის ამოქმედდება სპეციალური ცხელი ხაზიც, რომლის მეშვეობითაც ფერმერები და ექსპორტიორები საჭირო ინფორმაციას ოპერატიულად მიიღებენ.
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მერები და შტაბის წევრები.