„ტექნო STEM“-ი – ტექნოლოგიური წარსულიდან ინოვაციურ მომავლამდე
ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გამოფენა „ტექნო STEM“-ი გაიმართა, რომელმაც მოსწავლეებს საკუთარი შემოქმედებითი და საინჟინრო შესაძლებლობების წარმოჩენისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილე სკოლებმა STEM-კლუბების მიერ მომზადებული პროექტები, რობოტიკის მოდელები, ექსპერიმენტები და სხვადასხვა სახის ნამუშევრები წარადგინეს. მოსწავლეებმა აუდიტორიას საკუთარი იდეები გააცნეს, ისაუბრეს პროექტების მიზნებსა და მნიშვნელობაზე და პრაქტიკულად წარმოაჩინეს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით მიღებული ცოდნა.
გამოფენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საგანმანათლებლო პროგრამა იყო. მუზეუმის სპეციალისტმა სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სამუზეუმო საგანმანათლებლო პროგრამები STEM-ის მიმართულებით გააცნო. მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ბათუმისა და რეგიონის საინჟინრო და ტექნოლოგიური განვითარების ისტორიას.
ღონისძიების იდეა მუზეუმის ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ინოვაციებთან დაკავშირებასა და ახალგაზრდა თაობაში სამეცნიერო და საინჟინრო აზროვნების წახალისებას ემსახურება. ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა ადრეული ასაკიდან განივითარონ შემოქმედებითი, ანალიტიკური და პრაქტიკული უნარები, რაც მათ მომავალში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება.
ამ პროცესში განსაკუთრებული როლი არაფორმალურ განათლებასა და მუზეუმებს ენიჭება. STEM-თემატიკის ექსპონატებთან უშუალო ურთიერთობა ბავშვებსა და ახალგაზრდებს საკლასო ოთახის მიღმა ცოდნის მიღების, ექსპერიმენტებისა და საკუთარი იდეების პრაქტიკაში გამოცდის შესაძლებლობას აძლევს.
„ტექნო STEM“-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი სკოლებსა და მუზეუმს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაც არის, რათა საგანმანათლებლო სივრცეებმა მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების განვითარებას ერთობლივად შეუწყონ ხელი.
ღონისძიება მონაწილეებისთვის სიგელების გადაცემით დასრულდა.