ღვინის ფესტივალი – ქედაში
By

ღვინის ფესტივალი – ქედაში

აჭარასა და რეგიონის ფარგლებს გარე არსებული 45-მდე მარნისა და ქედის ღვინის ქარხნის ნაწარმი ღვინოები იყო წარმოდგენილი ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ ღვინის ფესტივალზე, რომელსაც საქართველოსა და აჭარის საკანანმდებლო და აღმასრულბელი ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

„მართლაც რომ საზეიმო განწყობა სუფევს, – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს უფროსმა ჯიმშერ დიასამიძემ, – აჭარიდან 30-მდე მემარნე მოვიდა ფესტივალზე, კახეთიდანაც კი არიან. ნიკოლოზ მაგალიშვილი დილიდანვე „ასკანელის“ პროდუქციას სთავაზობს ზეიმის მონაწილეებს. არც მეზობელმა გურულებმა დაგვაღალატეს და მათვის განკუთვნილ კუთხეში ფუსფუსებენ. მათ მიერ წარმოდგენილ ღვინოებთან ერთად გურულ ჯანჯუხასაც აგემოვნებენ“.

აჭარაში 44 ჯიშის ვაზი ხარობს. სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ქედის რაიონის ბუნებრივ-კლიმატური პირობები ყველა მათგანს ჰგუობს. გეგელიძეებელმა მევენახე ფრიდონ სირაბიძემ ალექსანდროულის ჯიშის ნერგები რაჭიდან ჩამოიტანა და უკვე მოსავალსაც ღებულობს.

ქედაში, ამ ეტაპზე, ყველაზე აპრობირებულ ჯიშებად ცოლიკაური და ჩხავერი ითვლება. ცოლიკაურის ზვრებში რთველი დასრულდა, მევენახეებმა 700 ტონამდე ყურძენი მარნებში მიიტანეს. ჩხავერის ჯიშის ვაზის მეპატრონეებიც უხვ მოსავალს ელოდებიან.

– წინასწარი გათვლით, 10 ტონაზე მეტ მოსავალს ველოდებით. უკვე 5 ტონა ცოლიკაური დავკრიფეთ, 1 ტონა ოჯალეში იყო, 3 ტონამდე ჩხავერი იქნება, საწური და სხვა ჯიშებიც გვაქვს. ფესტივალზე 5 ჯიშის ვაზის ნაჟური მოვიტანე. ყაზახეთიდან, რუსეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა უკვე დააგემოვნეს ჩვენი მარნის პროდუქცია და ჭაჭის არაყის შეძენის სურვილი გამოთქვეს, – გვითხრა სოფელ პირველი მაისის მკვიდრმა ალექსანდრე შერვაშიძემ.

შუახეველთაგან ფესტივალზე ვაჟა დავითაძის, როლანდ ქათამაძისა და ნუგზარ ხიმშიაშვილის მარნების პროდუქცია იყო წარმოდგენილი. მამა-შვილ ვაჟა და გიორგი დავითაძეების მარანში დამზადებულმა ღვინოებმა წელს საფერავის საერთაშორისო კონკურსზე: „საფერავი ინტერნაციონალი – 2026“ წარმატება მოიპოვა. ესენია: საფერავი 2024, ვაჟა დავითაძე – ვერცხლის მედალი; ქინძმარაული 2025, ვაჟა დავითაძე – ბრინჯაოს მედალი; საფერავი 2023, გიორგი დავითაძე – ბრინჯაოს მედალი. ეს დიდი წარმატებაა დავითაძეების ოჯახისთვის, ქართული მეღვინეობის ტრადიციების და ხარისხის თაობებისთვის გადაცემული გამოცდილების კიდევ ერთი დასტურია.

რესან ჩოგაძე ხულოს რაიონის სოფელ ელელიძეების მკვიდრია. ოთხი სახეობის ღვინო, არაყი და კონიაკი, სოფლის ნობათი ჰქონდა მოტანილი მას ფესტივალზე და დამგემოვნებელიც მრავლად ჰყავდა.

აჭარის მუზეუმების გაერთიანების წარმომადგენლებმა 10-მდე არქეოლოგიური მონაპოვარი წარადგინეს ფესტივალზე, დაინტერესებულ სტუმრებს განმარტებებს აძლევდნენ დირექტორი თეონა ზოიძე, მოადგილეები – ელგუჯა ანდრიაძე, ინგა გოგიბერიძე, სპეციალისტები – იზოლდა დუმბაძე და მერაბ უზუნაძე. ფესტივალის საპატიო სტუმრებმა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, პარლამენტარებმა – ანზორ ბოლქვაძემ, ზაალ მიქელაძემ, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა, დეპარტამენტების, უწყებების, ქობულეთის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევის, ქედის თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ჩამოვლა სამუზეუმო გაერთიანების კუთხიდან დაიწყეს.

გულუხვი და სტუმართმოყვარეა ქართველი კაცი, რაც ფესტივალზე ერთხელ კიდევ წარმოჩინდა. ქედელი და სხვა რეგინებიდან ჩამოსული მეღვინეები ცდილობდნენ, საპატიო სტუმრებისთვის ღირსეული და დასამახსოვრებელი მასპინძლობა გაეწიათ. სტუმართაგან სიტყვაუხვი რეგიონის პირველი პირები იყვნენ – ადიდებდნენ უფალს, ლოცავდნენ ქვეყანას, ქართულ სოფელს, მის გადამრჩენ მშრომელ კაცს.

„დღეს კიდევ ერთი შესანიშნავი ღონისძიების მონაწილენი ვართ, – თქვა ბატონმა ზურაბ პატარაძემ, – ეს არაა ერთი მუნიციპალიტეტის, ერთი რეგიონის ფესტივალი. ვნახეთ მეღვინეები მეზობელი რეგიონებიდან, რომლებიც მომავალშიც გაგვახარებენ თავიანთი ნახელავით. ვაზი საქართველოში ღვთაებრივ მცენარედ მიიჩნეოდა და მას სიცოცხლის ხეს უწოდებდნენ, თაობების მიერ შენარჩუნებულია ვაზის უნიკალური 525 ჯიში და წინაპართა გამოცდილებაზე დაფუძნებული ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგია. დღეს ქართული ღვინო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ბაზრებს იპყრობს. აჭარაშიც მეღვინეობა სახალხო ხელობად იქცა, რაც ფესტივალზეც ჩანს. გილოცავთ“.

საპატიო სტუმრებმა ის კუთხეც დაათვალიერეს, რომელიც პატარების გასართობად იყო მოწყობილი. დაესწრნენ ყურძნის საწნახელში დაწურვის პროცესსაც.

ფესტივალის მონაწილეებს მხატვრული პროგრამა შესთავაზეს ბავშვთა ანსამბლ „გნოლის“, მოწვეული და ქედის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლების „არსიანის“, „ხორუმის“, „ელესას“ მომღერალ-მოცეკვავეებმა. მხატვრული პროგრამა ლაშა ღლონტმა და ბენდმა დაასრულა.

ფესტივალზე 3 წარმატებული მეღვინე გამოავლინეს. პირველი ადგილი ძმები ავალიანების მარანს ერგო.

– „საქართველო ღვინის სამშობლოდაა აღიარებული, რაც ყველგან და ყოველთვის ქართველ მეწარმეებს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. ქედელი მეღვინეებიც ამ საპატიო საქმეში სიტყვას ამბობენ და მომავალშიც წარმატებულ მუშაობას გააგრძელებენ. უკვე გვყავს ცნობილი მეწარმეები. ყოველწლიურად ზვრების ფართობები იზრდება, რაც ახალ მარნებს, მეწარმეებს გააჩენს, – გვითხრა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ.

 

ოთარ ცინარიძე

 

 

  • No Comments
  • ნოემბერი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *