ირაკლი კობახიძე: განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში სტუდენტობა ყველას მიულოცა, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ირაკლი კობახიძის თქმით, ახალგაზრდების ცხოვრებაში ძალიან საინტერესო, ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების ეტაპი იწყება. მისივე თქმით, განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია.
„სწორედ თქვენი ხმა, შემართება და ძალისხმევა განსაზღვრავს საქართველოს ხვალინდელ დღეს. მჯერა, თქვენს ცოდნასა და ენერგიას ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და გაძლიერებას მოახმართ. ვულოცავ და მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს და პედაგოგებს, რომლებმაც უდიდესი ამაგი ჩადეს ამ წარმატებაში. ნაყოფიერ, საინტერესო და დაუვიწყარ სტუდენტურ წლებს გისურვებთ“, – წერს ირაკლი კობახიძე.
სოციალურ ქსელში ასევე გაავრცელა მილოცვა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, სკოლის დამთავრება და პროფესიული განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანი მიღწევაა და ეს თქვენი შრომის, მონდომების, მიზანდასახულობისა და დიდი ძალისხმევის შედეგია.
მადლობა მინდა ვუთხრა თქვენს მშობლებს, მასწავლებლებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენი მხარდამჭერი იყო და თქვენ გვერდით იდგა.
გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, ახალ შესაძლებლობებს, უამრავ წარმატებასა და გამარჯვებას“, – დაწერა მინისტრმა.
ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება მოიპოვა 34150-მა აბიტურიენტმა.
მათივე ინფორმაციით, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29481 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3141-მა აბიტურიენტმა (1322 – სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 1819 – კერძო პროფესიულ სასწავლებელში).
ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1528 გამოსაცდელი (სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – 1495, კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – 33).