ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა, დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა – ამ საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. აღინიშნა ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს პრინციპებისადმი ერთგულება და აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც შეუწყობს ხელს დიალოგსა და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.
ირაკლი კობახიძემ ასევე, ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მომავალშიც განაგრძოს ორგანიზაციასთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.