ირაკლი კობახიძე: ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების საფუძველია
By

ირაკლი კობახიძე: ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების საფუძველია

„ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს საჯარო სერვისების საერთაშორისო დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა საჯარო მოხელეებს, რომლებიც სახელმწიფოს პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ემსახურებიან.

პრემიერის განცხადებით, საქართველო 2015 წლიდან, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას. მისივე შეფასებით, ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შედეგი იუსტიციის სახლების მოდელია.

„დღეს ქვეყნის მასშტაბით 127 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, სადაც მოქალაქეებს ერთ სივრცეში 500-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შეუძლიათ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოც, რომელიც მოქალაქეებსა და ბიზნესს დაახლოებით 100 სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საჯარო სამსახურის განვითარებას, ხოლო მნიშვნელოვან პრიორიტეტად ახალგაზრდების მხარდაჭერა რჩება.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.3 პროცენტი იყო, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეკონომიკა 8.3 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო საშუალოვადიან პერიოდში ევროპისა და რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად დარჩება.

„ეს შედეგები, ბუნებრივია, მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა მათი ფუნდამენტია ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტები, პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების თანმიმდევრული განხორციელება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის საჯარო სექტორის მოდერნიზაცია და მმართველობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად რჩება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ფორუმის გახსნით სესიაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

  • No Comments
  • ივნისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *